ხვალ ხელოვნების უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ტრაგედიის შესახებ ისაუბრებენ. . .
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ტრაგედიას კვირეულს უძღვნის. ღონისძიების ფარგლებში, ნოემბერში 4 საჯარო ლექცია გაიმართება. პირველი ლექცია ,,ისტორიული ტრავმის მეხსიერების რეფლექსია“ 2 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ზ. გორგილაძის N#№49/ვაჟა ფშაველას ქ. № 32), რომელსაც ასოცირებული პროფესორი ოლღა (ოლიკო) ჟღენტი წარუძღვება. დასწრება თავისუფალია.
აღნიშნულ ლექციაზე ნაჩვენები იქნება უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას დოკუმენტური ფილმი ,,აუსტერლიცი“, რომელმაც
არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღება და ჯილდო დაიმსახურა.
შეგახსენებთ: ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. გაანადგურეს 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.