„ბათუმის თასი“ თბილისელებმა დაისაკუთრეს
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმში დასრულდა „ბათუმის თასის“ გათამაშება ფეხბურთში, რომელიც ბათუმის „დინამოს“ საიუბილეო თარიღს -100 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო ტურნირში მთავარი პრიზისთვის 15 წლამდე ფეხბურთელების – ოთხი საქართველოს და ოთხი უცხოეთის გუნდი იბრძოდა. მათ შორის, „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ჰოლანდია), „ოლიმპიკი“ (საფრანგეთი, მარსელი), „რიზესპორი“ (თურქეთი) და საქართველოდან – „დინამო“ ბათუმი, „დინამო“ თბილისი, „ტორპედო“ ქუთაისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია.
ფინალში ერთმანეთს „ვალენსია“ და „დინამო“ თბილისი შეხვდნენ. თამაში აჭარაბეთარენაზე გაიმართა. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 2:0 დასრულდა. გოლები ანდრია ექუტიძემ და ნიკა გოლავამ გაიტანეს. მესამე ადგილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის გუნდი გავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა.
– ტურნირში ოთხი ევროპული და ოთხი ქართული გუნდი მონაწილეობდა, მნიშვნელოვანი იყო, ქართულ გუნდს გაემარჯვა და სასიხარულოა, რომ ნახევარფინალში ოთხი გუნდიდან სამი ქართული აღმოჩნდა. ეს არა მხოლოდ ამ გუნდების, არამედ საქართველოს წარმატებაა. გვინდა მომავალი წლიდან ტურნირი უფრო მასშტაბური გავხადოთ. ამ ღონისძიებამ გაამართლა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიას, ბათუმის სპორტულ ცენტრს, ფეხბურთის განვითარების ფონდს, სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, „სანტეს“, „ანაგს“, – გვითხრა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თორთლაძემ.
– აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მორიგი საერთაშორსო ტურნირი გაიმართა ფეხბურთში 15-წლამდელთა ასაკის ბავშვებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი ის, რომ ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც ოთხი გუნდით არიან წარმოდგენილი, საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის კარგი გამოცდილება მიიღეს, რადგან აქ უცხოეთიდან მოწვეული ცნობილი კლუბებიდან ჩამოვიდნენ გუნდები. ამ ტურნირს მომავალშიც ვუმასპინძლებთ და ვფიქრობთ, უფრო ფართო მასშტაბით. მიხარია, რომ მთავარი თასი საქართველოში დარჩა. კვლავაც გავაგრძელებთ ტურნირის მხარდაჭერას, – აღნიშნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ.
– მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს შრომისთვის, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ, მთელი სული და გული ჩავდეთ. თავიდანვე ვიცოდით, თუ რისთვის მოვდიოდით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ვიცოდით, რომ ვალენსია ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ძალიან კარგი ტურნირი იყო, კარგად ორგანიზებული, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდით კმაყოფილი ვართ. ყველაზე მეტად მაინც ფინალს გამოვარჩევდი – ძალიან დაძაბული თამაში იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მატჩი გამარჯვებით დაგვესრულებინა, – გვითხრა თბილისელთა კაპიტანმა საბა ხარებაშვილმა.