იპოთეკით დაზარალებულების შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან
თამარ ლამპარაძე 595858006 –
დღეს იპოთეკით დაზარალებულთა სამი ოჯახი და უფლებადამცველები აჭარის მთავრობის წინ შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი მთავრობის თავმჯედომარეს სთხოვდნენ, რომ იპოთეკარებთან შუამავლის როლი შეესრულებინა.
ვითარების გასარკვევად მთავრობის მხრიდან, თავდაპირველად, კახა შაშიკაძე გამოვიდა და შეკრებილთა მოთხოვნები მოისმინა.
დაზარალებულმა ჯემალ გორგილაძემ, რომლის ოჯახის გამოსახლებაც ჩაქვში ხვალ არის დაგეგმილი, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე გაურკვეველ სიტუაციაშია. ის იპოთეკარს გარკვეულ თანხას სთავაზობს მამაპაპისეული სახლისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დასაბრუნებლად, თუმცა იპოთეკარი უარზეა და ჯემალ გორგილაძის ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 30 ოქტომბერს მან სასამართლოში შეიტანა განცხადება გამოსახლების პროცესის ერთჯერადად შეჩერებაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხვალ უკვე გამოსახლებაა ჩანიშნული, სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილება არ გამოუტანია.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულ გია გორგილაძეს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იპოთეკარი 22 ათასი დოლარის ნაცვლად სთხოვს 45 ათას დოლარს, რისი საშუალებაც არ აქვს ოჯახს და ამიტომ ემუქრება პოლიციური გამოსახლება.
აქციაზე იმყოფებოდა ნაილი ბეჟანიძეც, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებულია და მისი ოჯახის გამოსახლება 9 ნოემბერს არის დაგეგმილი. მან გაზეთ,, აჭარასთან“ განაცხადა, რომ სესხი აიღო ,,პროკრედიტ ბანკიდან“ 2003 წელს და 2013 წლამდე იხდიდა ვალს პირნათლად, თუმცა სესხს კიდევ სხვა სესხი დაემატა და ვეღარ შეძლო გადახდა, ბანკმა კი სახლი გაყიდა. თავდაპირველად, ნაილი ბეჟანიძის საცხოვრებელი სახლი მეუფე იაკობმა იყიდა და გადააფორმა გიორგი სლანოვზე, ამჟამად კი ქონება ბესარიონ ბალავაძის სახელზეა.
ბეჟანიძეები სახლის ამჟამინდელ პატრონს ორასი ათას დოლარს სთავაზობენ, თუმცა სახლის ახალი მეპატრონეები საცხოვრებელს არ თმობენ, მოლაპარაკებას არ თანხმდებიან და მათ გასახლებას ითხოვენ. დაზარალებულებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ და დახმარებას შეჰპირდნენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი.