აჭარის ჭადრაკის ფედერაციას ისევ სალომე მელია უხელმძღვანელებს
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დელეგატებთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი დაესწრო.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ მოკლედ შეაჯამა 2019-2023 წლებში ფედერაციის მიერ ჩატარებული მუშაობა, ისაუბრა მის მიღწევებზე. აღსანიშნავია, რომ ფედერაცია რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა, რაც 2020 წელს აღინიშნა კიდეც აჭარის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიღებული სიგელით.
განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა, რომლებზეც ისაუბრა სალომე მელიამ. ითქვა სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე და დაფინანსებულ ტურნირებზე როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე, ახალგაზრდა თაობისთვის. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოწვეულ მწვრთნელებზე, სემინარების მონაწილეთათვის გადაცემულ საჭადრაკო ლიტერატურაზე, რამაც უკვე გამოიღო შედეგი – აჭარის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ყველა რაიონს წარმატებული სპორტსმენები ჰყავს. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მოჭადრაკეებმა მედლები საქართველოს და ევროპის ჩემპიონატებზეც მოიპოვეს. ტრადიციული საზაფხულო ფესტივალების და არაერთი ახალი ღონისძიების ორგანიზებაზეც გამახვილდა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში ბათუმში მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატები შშმ პირთა შორის. 2019 წელს ბათუმის მერიის თანადაფინანსებით შეიქმნა საჭადრაკო წრე შშმ პირთათვის, სადაც ორი პედაგოგი დასაქმდა და საგაკვეთილო პროცესში აჭარის მასშტაბით მცხოვრები შშმ პირები ჩაერთნენ. მნიშვნელოვანი იყო ფედერაციის ვებგვერდის შექმნა და ამუშავება, რომელსაც დღეს ათასობით მნახველი ჰყავს როგორც რეგიონის, ასევე, საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით. 2023 წლის აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატების ყველა პრიზიორი დაასაჩუქრეს ცნობილი საერთაშორისო საჭადრაკო ვებგვერდის 1-წლიანი ვაუჩერით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკის მიღებას და საჭადრაკო ცოდნის ამაღლებას. გაფორმდა მნიშვნელოვანი მემორანდუმი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან, რომლის ფარგლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობასთან ერთად ბავშვებს ჭადრაკის თამაშის შესაძლებლობაც აქვთ. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქობულეთში არსებულ კოლეჯთან „ახალი ტალღა“ და ბათუმის კავკასიის ბიზნესსკოლასთან. აღინიშნა მიღწეული ისტორიული სპორტული შედეგები როგორც დიდებში, ასევე, ახალგაზრდებსა და ვეტერანებში. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2022 წელს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა, 2023 წელს კი მეორედ მოიპოვა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული. ნაკრების შემადგენლობაში 5 წევრიდან ორი აჭარის რეგიონის წარმომადგენელი იყო – ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. 2019-2023 წლებში კესარია მგელაძემ და მარიამ ცეცხლაძემ ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს. ამავე ახალგაზრდებმა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმს კვლავ მოუტანეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონის და ვიცეჩემპიონის ტიტულები (აღსანიშნავია, რომ 2004-2005 წლებში ჩემპიონის ტიტული 18 წლამდე გოგონათა შორის სალომე მელიას ჰქონდა მოპოვებული, ვიცეჩემპიონის ტიტული კი 2003 წელს 14 წლამდე გოგონათა შორის – მირანდა მიქაძეს და 2008 წელს 8 წლამდე ჭაბუკთა შორის – ირაკლი ახვლედიანს). ამჟამად, მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატზე მრავალი წელია უკვე ბათუმში მოღვაწე და მცხოვრები სპორტსმენი სოფიო ტერელაძე ასპარეზობს, რომელმაც 2022 წელს ჩვენს რეგიონს, ქვეყანას ევროპისა და მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოუპოვა. 2022 წელს სპორტული წოდებები მოიპოვეს ნოდარ ლორთქიფანიძემ (საერთაშორისო ოსტატი) და ირაკლი ახვლედიანმა (ფიდეს ოსტატი).
სალომე მელიამ, ასევე, აღნიშნა, რომ ჭადრაკი რეგიონის სპორტის წამყვანი სახეობა იყო პანდემიის დროსაც, რომელიც სრული დატვირთვით აგრძელებდა მუშაობას ონლაინ რეჟიმში. ასევე, ხაზი გაუსვა ეროვნული ფედერაციის ეგიდით, სპორტის დეპარტამენტის, სამინისტროსა და რეგიონის მთავრობის სრული მხარდაჭერით ყოველწლიურად ბათუმში ორგანიზებული საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდე) წლის პრესტიჟული ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას. მადლობა გადაუხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ აკაკი იაშვილს რეგიონის მოჭადრაკეების ხელშეწყობისათვის და აქტიური თანამშრომლობისათვის. სალომე მელიამ განსაკუთრებით აღნიშნა მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება – ბათუმში ჭადრაკის სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და თითოეულს, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავისი წვლილი შეიტანა.
– სალომე წარმატებული მოჭადრაკეა, ამასთან, წარმატებული მენეჯერი. აჭარაში ძალიან ბევრი გამოწვევაა და მისი მთავრობა ჭადრაკს მაქსიმალურად უჭერს მხარს. მომავალ წელს ჭადრაკის სასახლის მშენებლობა იწყება და ეს მნიშვნელოვანია. რეგიონში ბევრი წარმატებული მოჭადრაკეა. სალომე თითოეულ მათგანს უდგას მხარში, – გვითხრა აკაკი იაშვილმა.
– სალომე ძალიან ბევრს შრომობს და ფაქტი სახეზეა, ის პროფესიონალია და კარგია, რომ ასეთი ადამიანი ედგა ფედერაციას სათავეში, ის ღირსეული პრეზიდენტია, – გვითხრა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლეონიდ ნეურონოვმა. იგი სალომეს პირველი პირადი მწვრთნელია ჭადრაკში.
– დღეს თბილისიდან ჩემი ჩამოსვლა განპირობებული იყო სალომე მელიასადმი დიდი პატივისცემით როგორც ნიჭიერი მოჭადრაკის, როგორც ფედერაციის საქმიანი პრეზიდენტის მიმართ. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი კომპანია ფედერაციისთვის, აჭარისთვის სასარგებლო იქნება, – გვითხრა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრმა, მეღვინეობა „ხარების“ მრჩეველმა, პროფესორმა თემურ ვეკუამ.
– ჭადრაკის სასახლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დაიწყება აჭარაში, დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, მეტ შესაძლებლობებს მისცემს როგორც მოჭადრაკეებსა და მწვრთნელებს, ისე, ზოგადად, რეგიონს, – აღნიშნა სალომე მელიამ, რომელიც კონფერენციაზე ერთხმად მეორე ვადით აირჩიეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად. ვიცეპრეზიდენტად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე დასახელდა, გამგეობის წევრებია – ლევან ჯიოშვილი, თემურ ვეკუა, ბაგრატ მჟავანაძე, იამზე ბოლქვაძე, დავით ხოსრუაშვილი, გენერალური მდივანი – დიანა ქუთელია.
ხვალ საერთაშრისო დიდოსტატი სალომე მელია ჯერ თბილისში გაემგზავრება შეკრებაზე, იქიდან კი საქართველოს ნაკრებთან ერთად მონტენეგროში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 10 ნოემბერს დაიწყება.