ჭაბუკ ძიუდოისტთა წარმატება – თურქეთში
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში 2007-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელშიც ექვსი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წარმატებით გამოვიდნენ მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის აღსაზრდელები, (პირადი მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე). ტურნირში აჭარიდან 11 სპორტსმენი ასპარეზობდა.
საუკეთესო შედეგით დაასრულეს ასპარეზობა ჩვენმა ძიუდოისტებმა და გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს.
პირველი საპრიზო ადგილები და ოქროს მედლები გიორგი ქოქოლაძემ (66 კგ წონითი კატეგორია), დაჩი შერიფაძემ (73 კგ), ანდრია გენძეხაძემ (90+კგ) დაისაკუთრეს, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი საბა ქათამაძემ (90 კგ), მესამე ადგილსა და ბრიჯაოს მედლებს საბა ბოლქვაძე (50 კგ), მირიან კახიძე (50 კგ), არჩილ კოჩალიძე (60 კგ) დასჯერდნენ.
როგორც მწვრთნელმა გვითხრა, ასეთი კარგი შედეგი დიდი ხანია არ ჰქონიათ.
ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ამ წარმატებას და მორიგ გამარჯვებებს ვუსურვებთ. სპორტსმენები ახლა სხვადასხვა ტურნირისთვის, მათ შორის საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან.