მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები
დარინა გაბაიძე 514 22 22 80 –
8 ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კი დეკემბერში გადაწყდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წევრები აკეთებენ განცხადებებს.
დავით უსუფაშვილის თქმით: ,,ევროპა ხედავს საქართველოს ხელისუფლების სუპერ ეროგანტულ, სუპერ უპასუხისმგებლო, სუპერ რუსული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, ევროპა ხედავს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ქართველი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის მზაობას, რომ უახლოესი არჩევნების შემდგომ ორ კვირაშივე, ჩვენ ყველა პირობა შევასრულოთ, რაც 12 პუნქტიდან ვერ შესრულდა და რაც კიდევ იქნება.
ევროკავშირისთვის იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც საქართველოშია, ვერ და არ იქნება საიმედო პარტნიორი, ვისთანაც სერიოზულ, გრძელვადიან თემებზე შეიძლება საუბარი”.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ: „ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად პოზიტიური უნდა იყოს, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს, ერთიანობის ჩვენება თანაბრად სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს ისტორიაში მთელი ეს პერიოდი შევა, როგორც ქართული ოპოზიციის შავი ლაქა, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ ერთადერთი რაც აჩვენა, არის დაბალი ზნეობრივი სტანდარტი. რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშალა. ახლა, როცა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და საქართველოს წინსვლას ხელი ვერ შეუშალეს, სასოწარკვეთაში არიან და უფრო მეტად არათანმიმდევრულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. მათი რიგებიდან ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიეღო?
– რადიკალურ ოპოზიციას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. დასავლეთში კაბინეტებში დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიეღო, რადგან ეს მათთვის საფრთხე იყო. თუ საფრთხედ აღიქვამენ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ და რომც არ აიღონ, ამაზე მათ ხალხი მკაცრ პასუხს არჩევნებზე გასცემს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ: „მთავარი მიზეზი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების არის დამსახურება. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ყველაზე მეტად დაიმსახურა და ამის აღიარებას ველოდებით“.