სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი – საქართველოში
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარიან შარეცი ეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა, სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.