ეკა ჩავლეიშვილი ევროპის კინოაკადემიის ნომინანტია
ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო, სიცოცხლე მაყურებელთა დიდი ინტერესით გარემოცულმა დაიწყო და ასევე აგრძელებს. აგვისტოში ვიცოდით, რომ ეს კინოსურათი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმელი ეკა ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში ქალის მთავარ როლს (ეთერო) ასრულებს, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ევროპის კინოაკადემიის ნომინანტი გახდა. გაიმარჯვებს თუ არა ამ ნომინაციაში, ცნობილი 9 დეკემბერს გახდება.
აქამდე ამ ფილმმა უკვე მოასწრო ორი ჯილდოს აღება სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე – საუკეთესო მხატვრული ფილმისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციებში.
ჩვენი თანაქალაქელი ეკა ჩავლეიშვილისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ბათუმელი მაყურებლის აღიარება. მან ეთეროს როლის შესრულებისთვის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბიაფზე“ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ეთერომ ნამდვილად მოინადირა მაყურებლის და კინომცოდნეთა გულებიც. დარწმუნებულნი ვართ, ჯილდოების სიის მხოლოდ დასაწყისში ვართ, ეთეროსაც და ფილმსაც წინ წარმატებებით სავსე დიდი გზა ელოდება.