საქართველო 100 ათას მოწამეს იხსენიებს
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარწმუნოებისათვის თავდადებულ 100 ათას მოწამეს იხსენიებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გავრცელდა:
„13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად.
ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა. სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა და სამშობლოს სიყვარულს.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.
სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“
ცნობისთვის: მოვლენები 1226 წელს ხვარზმელთა და მათი ლიდერის ჯალალედინის მიერ თბილისის აღებასა და ქართველი ქრისტიანების წამებას უკავშირდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. ამ დღეს მონღოლებმა ასი ათასი ქართველი აწამეს და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 ათასი მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.