აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ, უკვე საქართველოშია. მოგეხსენებათ, „ვოსორიდიტის“ შემოტანას პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა მთავრობის ადმინისტრაციასთან. თავდაპირველად, მთავრობაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებას დამატებითი კვლევები სჭირდებოდა, მშობლები კი ამბობდნენ რომ დროის გაჭიანურება აღნიშნული მიზეზით შეცდომა იყო და თითოეული დღის დაგვიანება მათი შვილების ჯანმრთელობაზე აისახებოდა. აღსანიშნავია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ვოსორიდიტის“ მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი, სავარაუდოდ, 15 ნოემბერს გაიკეთებს ინექციას, ორი კი მომდევნო კვირებში ჩაერთვება მკურნალობის პროცესში. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ამ მედიკამენტით მკურნალობის პროცესი იაშვილის კლინიკაში წარიმართება.
„ვოსორიტიდის“ შესყიდვისა და ქვეყანაში მისი 2023-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგვისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 10.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, მშობლებმა კი ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღეს სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობაზე.
ცნობისთვის: აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს ემართება. აღნიშნული დიაგნოზი ბავშვის სიმაღლეში ჩამორჩენას იწვევს. დაავადებას ასევე ახლავს არაერთი მიმართულებით ჯანმრთელობის გაუარესება.