ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც K-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკონსულტაციო კომპანია „მაქსის“ მენეჯერმა მატიას ჰიტცელმა თანმხლები ზომების საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ყველა საკონსულტაციო აქტივობა პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება .
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რისთვისაც 80 მილიონი ევროა გათვალისწინებული, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობა, ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის წყალსადენისა და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა, ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა იგეგმება.
– ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზა საკმაოდ კომპლექსური პროექტის ნაწილია. მნიშვნელოვანია მასში ჩართული მხარეების, კონკრეტულად კი განმახორციელებლების გაძლიერება, რაც მიიღწევა საკონსულტაციო გუნდის მხრიდან შესაბამისი ტრენინგებით და ქოუჩინგით, რათა ბათუმის წყლის სამუშაო გუნდის პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდეს და წარმატებით განხორციელდეს ეს პროექტი, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია „მაქსის“
მენეჯერმა მატიას ჰიტცელმა.