რას ფიქრობენ პოლიტიკოსები საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით?
თამარ ლამპარაძე 595 85 80 06 –
საარჩევნო ბარიერი არ დაიწევა და პარტიებს 2 %-იანის ნაცვლად, ისევ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. შარშან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევდა. ვინაიდან შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ხელისუფლებამ პირობა უკან წაიღო.
დღეს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე, აჩენს მხოლოდ ოპოზიციის სისუსტეს და უსუსურობას. ხელისუფლების თქმით, ბარიერის დაწევის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტი გადააქციოს პოლიგონად.
,,ის, რომ პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე – იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ. ერთი მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე, ჩვენ გვთხოვენ, ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მმართველ პარტიაში კეთდება განცხადებები, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.
„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებს კახა კალაძე. ოპოზიციის აზრით კი, „ქართული ოცნება“ არის ,,გადამგდები“ და როგორც ადრე, ახლაც არ ასრულებს ხალხისთვის მიცემულ პირობას. მათი თქმით, მსგავსი რამ პირველად არ ხდება და სიტყვის გატეხა არის ,,ქართული ოცნების“ სტილი.
რას ფიქრობენ აჭარაში მოღვაწე პოლიტიკოსები საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით და როგორია მათი პოზიცია?
ირაკლი თავდგირიძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:
– საარჩევნო ბარიერი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა საიმისოდ, რომ შეცვალოს კონსტიტუცია და 5%-იანი ბარიერი დასწიოს, შესაბამისად, არ მესმის, როგორ უნდა დაიძრას პროცესი ან ეს მმართველი ძალის პასუხისმგებლობა რატომაა? ოპოზიციას შეუძლია თვითონვე დააინიციროს კონსტიტუციის ცვლილების პროექტი და დაძრას პროცესი. ოპოზიციის მხრიდან არჩევნებამდე წინასაარჩევნოდ ბარიერის დაწევაზე აპელირება ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მათ არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებისგან. ევროკავშირის რეკომენდაცია ითხოვს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან არჩევნებს, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევის გარეშეც არის შესაძლებელი. 5%-იანი ბარიერი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მანდატი მიენიჭოთ იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან.
ვაჟა დარჩია, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“:
– საარჩევნო ბარიერის საკითხი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციურ პარტიებთან სავაჭრო ინსტრუმენტად აქვს დატოვებული. ჩვენ ყოველდღიურად ვძლიერდებით და ბარიერის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ხმები არ დაიკარგოს. გახსოვთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 20%-ზე მეტი ხმებისა დაიკარგა 5-პროცენტიანი ბარიერის გამო, შესაბამისად, დაბალპროცენტიანი ბარიერი იქნება პლურალისტური პარლამენტის წინაპირობა.
კახა მიქელაძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:
– მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხელისუფლებას დილემის წინაშე აყენებს, ამის მიზეზი კი საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული უნდობლობაა. თუ გადავხედავთ განვლილი არჩევნების შედეგების დინამიკას, ვნახავთ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლებას კლება აქვს, ჩვენ (ენმ) კი მზარდი ტენდენციით გამოვირჩევით.
ვიცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი, რაც პოლიტიკურ პარტიათა გამსხვილებას უნდა ემსახურებოდეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი წარმოადგენდეს ყველა სახის ამომრჩევლის ნებას, რაც მრავალფეროვანს გახდის საკანონმდებლო ორგანოს. შესაბამისად, ამ საკითხის შეფასება არაერთგვაროვანია, ამიტომ ის მიღებული უნდა იყოს კონსენსუსის საფუძველზე, რომელშიც ყველა კვალიფიციური პარტია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მქონე ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ბარიერის დაწევაზე საუბრის პროცესში საყურადღებო იქნება ხელისუფლების პოზიციონირება, რადგან ისინი ახერხებენ, პატარა ინტერესჯგუფების მეშვეობით, სასურველის გახმაურებას, რაც არაერთხელ ვიხილეთ. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები აჭარაში. ჩვენთან მოქმედებს ბუნებრივი ბარიერი, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ აქ ბარიერის დაწევა გამორიცხულია. ამ მოცემულობას მმართველი პარტია სათავისოდ იყენებს, ორი პარტიის გარდა, სხვებს უჭირთ ბარიერის გადალახვა და ვღებულობთ არასამართლიან სურათს: დაკარგული ხმების განაწილების მეშვეობით, ოპოზიციური ხმების მითვისებას ახერხებს ხელისუფლება. ჩვენ, ენმ-ს გვექნება ინიციატივა, რომელიც ამ მანკიერებას გამოასწორებს და სამართლიანი წესით არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ამ ინიციატივას უახლოეს ხანში გავაცნობთ საზოგადოებას.
გიორგი ფუტკარაძე, ,,გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი:
– იქიდან გამომდინარე, რომ ბარიერი რჩება მაღალი, პარტიებს ეკრძალებათ ბლოკებში გაერთიანება და იძულებულნი არიან, ან შეერწყან რომელიმე მსხვილ პარტიას, ან გაერთიანდნენ ახალი პარტიის სახით, რომ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. ამით ჩვენ მივიღებთ ისევ ნაც-ქოცურ პარლამენტს და დავკარგავთ ძალაუფლების გადანაწილების მინიმალურ შანსსაც.