ისრაელი და „ჰამასი“ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
„ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.
ღაზის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს, რომელთა შორის 5 600 ბავშვია. ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის გამო, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ მონაცემების რეგულარად განახლებას ვერ ახერხებენ.