შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმ სპორტსმენებს შეხვდნენ, რომლებმაც სულ ახალახან, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, წარმატებას მიაღწიეს.
სპორტსმენებს წარმატება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ მიულოცეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ძალოსანი ზურაბ მსხალაძე, ინგლისში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე (11-12 წლიანებში) ბატუტზე სინქრონულ ხტომებში მესამე ადგილზე გასული წყვილი, ბრინჯაოს მედალოსნები – ნინო უსუბიანი და თეკლა ჩაჩავა, მორაგბეები – გიორგი ბოლქვაძე, ბუბა ნოზაძე და ნიკა ხალვაში, რომლებიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
როგორც ბატუტზე ხტომაში აჭარის ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა, გოგონების პირადმა მწვრთნელმა ნაზმიე ასკეროვამ გვითხრა, ეს გოგონები საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
-ჩემთან ოთხი წლიდან ვარჯიშობენ და ასეთ შედეგს პირველად მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ნინო უსუბიანი ინდივიდუალურში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა. ეს გოგონები ოთხი თვე თბილისში, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ზურაბ კიკნაძესთან ვარჯიშობდნენ და შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ, – გვითხრა ნაზმიე ასკეროვამ.