აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ განხილვა მიმდინარეობს.
ბიუჯეტის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა: „მომავალი წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარით განისაზღვრა, რომელიც ჯანდაცვის, სოციალური პროექტებისა და განათლების მიმართულებით იქნება გათვალისწინებული. 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 726 553 700 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 649 100 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო – 7 519 300 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 5 763 200 ლარი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 139 815 900 ლარი; აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 51 255 000 ლარი; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 140 621 700 ლარი; აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 32 014 600 ლარი“.
ბიუჯეტს ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს. მათი განცხადებით, იგი მორგებულია თანამდებობის პირებზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე. მათივე თქმით, ვერ დაინახეს უმუშევრობის, სიღარიბისა და ემიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გზები.
ამ წუთებში ჯაბა ფუტკარაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.