ბათუმში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილე გიორგი ბუთხუზთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბათუმში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლად გარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
ბათუმში ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებენ. მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტიორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში ფუნქციონირებს და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირიც გამართა.
მინისტრმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე წელს გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში მომხდარი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელს და აღინიშნა, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
სამუშაო თათბირზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
მინისტრმა შეხვედრაში მონაწილე სამართალდამცველებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.