დიდი შოუ ყინულზე – პატარებისთვის
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის სპორტულმა ცენტრმა (ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი) მერიის მხარდაჭერით, პატარებს დიდი ზეიმი მოუწყო სრულად განახლებული პროგრამით. საახალწლო შოუს დაწყებამდე ორი საათით ადრე გაიმართა საშობაო ვაჭრობა, სადაც სტუმრები ბათუმში დამზადებულ პროდუქციას გაეცნენ.
ყინულის მოედანი ბათუმში პირველად 2007 გაიხსნა. თავიდან სანაპიროზე არასტანდარტული ყინულის მოედანი იდგა, შემდეგ ახალ ბულვარში სტანდარტული გაკეთდა, 2012 წლიდან ასათიანის ქუჩაზე გააგრძელეს მუშაობა. მალე მოციგურავეები სრულიად ახალ შენობაში გადავლენ (ყინულის მოედნის გვერდით შენობა უკვე აგებულია).
რაც შეეხება საახალწლო შოუს, იგი ყინულის სასახლეში სრული ანშლაგით ჩატარდა. მწვრთნელებმა, ორგანიზატორებმა, თავად მოციგურავეებმა ბევრი იშრომეს, რომ საღამო სანახაობრივი და საინტერესო ყოფილიყო.
ტრადიციულ საახალწლო შოუში 400-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ახალი პროგრამით 13 ნომერი წარმოადგინეს. ბლოგერი ემილია ორი ნომრით ჰყავდათ მოწვეული. პირველი ყინულზე სინქრონული გუნდი გამოვიდა (გუნდის მწვრთნელი ლია ნაკაიძე), რომელმაც „აჭარული“ ძალიან ლამაზად შეასრულა (ქორეოგრაფი – სანდრო მესხი). შოუზე იმყოფებოდა არაერთი ზღაპრის გმირი
– მერი პოპინსი, ბურატინო, შოკოლადო, რა თქმა უნდა, სანტა კლაუსიც.
როგორც ლია ნაკაიძემ გვითხრა, მათი სურვილია, მომავალში ბათუმელებს ყინულზე სხვა ეროვნული ცეკვებიც შესთავაზონ.
აჭარის მოციგურავეთა ნაკრები გუნდის წევრები ძალიან ლამაზი ნომრებით წარსდგნენ. როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავად გამოვიდნენ ნორჩი ფიგურისტები. ზოგიერთისთვის ეს პირველი საჯარო გამოსვლა იყო. მათ ექვსი ნომერი შეასრულეს.
ბოლოს ყინულზე ასი მოციგურავე ერთად გამოვიდა, რომელთა შორის პატარა ჰოკეისტებიც იყვნენ. შოუ აჭარის ტელევიზიის წამყვან დემეტრე ზოიძეს მიჰყავდა.
ბათუმელი მოციგურავეები ხშირად წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზობებზე და სხვადასხვა საპრიზო ადგილსაც ისაკუთრებენ. 2023 წელს ოთხ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ (ერთეულთა თანრიგში) და პრიზიორებიც გახდნენ.
დღეს აჭარის ნაკრების შვიდი წევრი თბილისში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩვენს მოციგურავეებს ხუთი ძირითადი პროფესიონალი მწვრთნელი ავარჯიშებს: ლია ნაკაიძე, სესილი ბერძენიშვილი, ლელა ჩოფიკაშვილი, სანდრო მესხი (მწვრთნელ-ქორეოგრაფი), ვანო ჯანჯალაშვილი (ჰოკეი), ასევე – ოთხი ინსტრუქტორი.
2025 წელს საქართველოში ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება. ამასთან დაკავშირებით, თბილისსა და ბაკურიანში დიდი სტანდარტული მოედნები შენდება. სასიხარულოა, რომ ფესტივალში ჩვენი მოციგურავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.