„ღორის გრიპი“ დაბრუნდა?
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
მაღალი ტემპერატურა, ყელის და თავის ტკივილი, ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება, პნევმონია. . . ქვეყანაში 200-მდე სხვადასხვა ვირუსი ცირკულირებს. მათ შორის ეიჩ ერთი ენ ერთი, ა და ბე გრიპის ვირუსი, რესპირატორული ინფექციები და კორონავირუსი. მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე სტაციონარებში გაზრდილია, თუმცა მედიკოსების პროგნოზით, ჯერ პიკი წინ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მივმართეთ.
– ქალბატონო მაია, ბევრი მითქმა–მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ, ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი“ დაბრუნდა. . .
– საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ ეიჩ ერთი ენ ერთი არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ იგი სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპი. ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად, ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზს ვსვამთ (ეს ტესტი განასხვავებს ა და ბე ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები. გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს, ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ, გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ – „უბრალო გრიპია“, – ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში არც ისე უბრალოა და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა სახიფათო არ არის, პირიქით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ, დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას). მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან გამოიყენონ პირბადე, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია, – გვითხრა მაია ბუწაშვილმა.