ვის შეეხება მიწის ამნისტია ?
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მილიონზე მეტ მოქალაქეს მიწის ამნისტია შეეხება – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სიახლე რეგიონებში აშენებულ იმ საცხოვრებელ სახლებს შეეხება, რომლებსაც სამშენებლო დოკუმენტაცია აკლია და მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, აღნიშნული კანონი უკვე ძალაშია შესული და საქართველოს მთავრობა ტერიტორიების დადგენის სამუშაოებს აწარმოებს.
„მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, კონკრეტულად თუ რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება. პირველი აპრილისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში. იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც განისაზღვრება მთავრობის მიერ, მსგავსი ტიპის ამნისტია არ ჩატარდება, ბუნებრივია, იქ მოქალაქეებს ეს არ შეეხებათ. თუმცა, შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გამონაკლისების დადგენა იმისთვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მაინც, შესაძლებელი იყოს ამნისტიის უფლებით სარგებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. თბილისს არ ეხება ეს, იმიტომ, რომ ადრე უკვე ჩატარებული იყო მსგავსი ტიპის ამნისტია. შესაბამისად, აღნიშნული სასიკეთო ცვლილებით რეგიონებში მცხოვრები დაახლოებით მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს “, – აღნიშნა ბრეგაძემ.