ირაკლი კახიძემ ფონდი დააარსა
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
უცხოეთში აღიარებულმა ქართველმა ტენორმა, ჩვენმა საამაყო თანაქალაქელმა ირაკლი კახიძემ მეუღლე დიანა გოგოჭურთან ერთად, ფონდი დააფუძნა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს საოპერო ხელოვნებაში გზის გაკვალვაში დაეხმარება. ფონდის პრეზენტაცია სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“ გაიმართა, რომელსაც დაესწრო ყველა, ვისაც ფონდთან შეხება უკვე აქვს და მომავალში სხვადასხვა ეტაპზე ექნება.
პრეზენტაციას სხვებთან ერთად ესწრებოდა ფონდის მიერ მოწვეული საერთაშორისო საოპერო სააგენტოს „აი ო ეი მენეჯმენტი“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კალე კანტილა, თავად ირაკლი კახიძე კი პრეზენტაციას (თვითმფრინავმა დააგვიანა) ვერ დაესწრო, თუმცა მის მუშაობაში მესენჯერით ჩაერთო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კალე კანტილას აქვს სააგენტო, რომელიც 2012 წელს მიუნჰენსა (გერმანია) და ჰელსინკში (ფინეთი) ერთდროულად დაარსდა. იგი ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი სააგენტოა ევროპაში, რომელიც გერმანიის ყველა საოპერო თეატრთან თანამშრომლობს, ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საოპერო თეატრებთანაც, როგორებიცაა ლონდონის „კოვენტ გარდენი“, სტოკჰოლმი სამეფო ოპერა, დანიის სამეფო ოპერა, გლინდბურნის ფესტივალი, მარინის თეატრი, მადრიდის სამეფო თეატრი, ბარსელონას გრან თეატრი „დელ ლიცეუ“ და ბევრი სხვა. აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საოპერო თეატრებთანაც, მათ შორის, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენთან“.
კალე კანტილამ ბათუმში ყოფნის პირველ დღეს სტუდენტებისა და საოპერო სოლისტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა, იმავე და მომდევნო დღეს კი მოსმენები გაიმართა. ყველამ, ვინც მასტერკლასსა და მოსმენაში მონაწილეობდა, ერთხმად აღნიშნა, რომ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელსაც ფონდი საოპერო სფეროს წარმომადგენლებს აძლევს – მატერიალური ხარჯის გარეშე, ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასში, ასევე, საერთაშორისო საოპერო სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ მოსმენაში. აქ შერჩევის შემთხვევაში, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში დასაქმდებიან, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობაში დაეხმარება. სწავლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სტაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სტუდიაში გაიარონ, სადაც დაენიშნებათ სტიპენდია, მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლებში საოპერო მომღერლებთან ერთად. კალე კანტილა ფინეთშია დაბადებული, ის წარმატებულად მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრის სპექტაკლებში. აქვს ჩატარებული მასტერკლასები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
ფონდის დაარსებას მიესალმა ყველა, ვისაც კი შეხება აქვს ამ სფეროსთან. ქვემოთ გთავაზობთ ზოგიერთ გამოხმაურებას.
თემურ კეჟერაძე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი:
– ფონდის დამაარსებელი ირაკლი კახიძე ჩვენი სასწავლებლის აღზრდილია. ის მანამდეც ზრუნავდა უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის გაძლიერებაზე. ირაკლის სურვილია, ბათუმი მუსიკალურ ცენტრად აქციოს, რადგანაც ჩვენთან, ხმების მხრივ, ამის შესაძლებლობა არის.
ირაკლი კიკვაძე, ფონდის დირექტორი:
– მოხარული ვარ, რომ ასეთ პროექტში ვმონაწილეობ, დიდი მადლობა ირაკლის ამ სიკეთისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ფონდი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუკვალავს გზას ევროპისკენ. ეს ფონდი მარტო საოპერო მომღერლებს კი არა, ზოგადად, იმ ახალგაზრდებს დაეხმარება, ვინც ხელოვნების მიმართულებით სწავლაში გამოირჩევა და კარიერული წინსვლა სურს.
ნონა კორიფაძე, საოპერო დასის სოლისტი:
– ერთი წლის წინ პარიზში გავიარე სტაჟირება, დღეს კი ჩემი პირველი მნიშვნელოვანი მოსმენა იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ირაკლი ასეთ შესანიშნავ საქმეს ჩაუდგა სათავეში. ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპაში გასვლის შანსი მოგვეცეს. აქედან წასვლა მოსმენებზე ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ასეთი აგენტის ჩამოყვანა, ჩვენთვის ნამდვილად დიდი ფუფუნება იყო. მადლობა ირაკლის ასეთი შანსის მოცემისთვის.
ნატალია ცქვიტინიძე, ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრანტი:
– მადლობა ირაკლი კახიძეს, რომ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიგვაღებინა ასეთ პროექტში და შესაძლებლობა მოგვცა, წარმოგვეჩინა თავი. მივიღეთ რჩევები, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ. ბატონმა კალემ თბილი დამოკიდებულებით დაძაბულობა მოგვიხსნა და ჩვენც უფრო მოვინდომეთ. იმედია, ასეთი მოსმენა ხშირად ჩატარდება.
მარიამ ჯახუტაშვილი, ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ხელმძღვანელი:
– მადლობა უნდა ვუთხრათ ირაკლის, ასეთი მაღალი დონის ფონდის დაფუძნებისთვის. არა მხოლოდ სოლისტებს, არამედ სტუდენტებსაც მიეცათ მოსმენაზე გასვლის შესაძლებლობა, რაც ასე მნიშვნელოვანია. აგენტმა მიუთითა, რაზე გაამახვილონ ყურადღება. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან კარგი მომღერლები დავახვედრეთ.
ეთერ ხალვაში, სოლისტი, ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
– მე მოსმენის მონაწილეც გახლდით პროფესიონალებს შორის. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი სოლისტებსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებზე ვრცელდება, მაგრამ მოგვიანებით, რეგიონებსაც კი მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– ფონდი, უპირველესად, ახალგაზრდების დახმარების მიზნით დაფუძნდა, – გვითხრა ირაკლი კახიძემ, – იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ დღეს ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრობენ. ეს მე უკვე გამოვიარე, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგა. რაც შეეხება ფონდს, იგი მალე საქველმოქმედოს სტატუსს მიიღებს და საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს, რომ ფონდი მოგებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ახალგაზრდების დასახმარებლად შეიქმნა. ჩვენ მათ მონაცემების განვითარებაში უნდა შევუწყოთ ხელი. ვიწყებთ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტით და არა მარტო ვოკალისტებს, არამედ ყველა ნიჭიერ და შედარებით ხელმოკლე ახალგაზრდას გავუმართავთ ხელს. მინდა ჩემს ქვეყანას იმის ნახევარი მაინც დავუბრუნო, რაც მან ჩემთვის გაიღო. ფონდისთვის რომელიც მე და ჩემმა მეუღლე დიანა გოგოჭურმა დავაარსეთ, ძალიან კარგი გუნდი შეირჩა. მეუღლე ჩემთვის ის ადამიანია, რომელსაც სიცოცხლეს, სულსა და გულს ვანდობ, ის ცხოვრების ყველა ეტაპზე დამეხმარა, ასევე ჩემი პედაგოგები, მეგობრები. ფონდს ურთიერთობა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრთანაც ექნება. გვერდით დავუდგები ახალ სამხატვრო ხელძღვანელ ზვიად ბოლქვაძეს, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. . . კალე კანტილა, რომელიც დღეს ჩემი აგენტი და მეგობარია, სამი დღის გაცნობილი მყავდა, ბათუმში წამოსვლა რომ შევთავაზე. არაფერი იცოდა საქართველოს, ბათუმის შესახებ. რომ ჩამოვიდა, ქალაქითაც აღფრთოვანდა, სტუდენტებითაც, პროფესიონალი მომღერლებითაც. იმედი მაქვს, ჩვენი შრომა, მისია – მეტი ქართველი მომღერალი ევროპასა და ამერიკაში, ფუჭად არ ჩაივლის. ამისთვის თავს არ დავზოგავ. ყველაფერს კი ტენორებით დავიწყებ.
კალე კანტილა:
– ჩამოსვლის დღიდან ვიგრძენი თქვენი მეგობრული, თბილი დამოკიდებულება. არაჩვეულებრივი ხალხი ხართ, ყველა შესანიშნავი ადამიანი შემხვდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მაღალი ორგანიზებულობა. ყველა, ვისაც მოვუსმინე, იყო ძალიან მოწესრიგებული. . . მე ვმუშაობ ყველა გერმანულ თეატრთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, კავშირი მაქვს სკანდინავიის ნახევარკუნძულებთან. აქ არაერთი მომღერალი შევარჩიე, ვისაც ფეხდაფეხ გავყვები და ხელს ყველანაირად შევუწყობ. თეატრებამდე მათ მუშაობა სჭირდებათ და ამ სამუშაოშიც დავეხმარები. საქართველოს მსოფლიოში წარდგინება არ სჭირდება, რადგან თავისი მდიდარი ხმებით მართლაც გამორჩეულია. მაგრამ ჩვენ გვინდა იმ ახალგაზრდებს დავეხმაროთ, რომლებსაც ხელის შეწყობა სჭირდებათ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო და ქართული საოპერო ხმები ყოველთვის და ყველგან, დიდ სიტყვას ამბობს მსოფლიოში. მე შევეცდები, ეს სიტყვა კიდევ უფრო ხმამაღლა ითქვას. ცალკე აღვნიშნავ ქართულ სამზარეულოს, ეს საოცრებაა. ამ მოსმენას, მჯერა, კარგი შედეგი მოჰყვება. დიდი მადლობა ირაკლი კახიძეს, რომ საქმეს ასე კარგად უძღვება. მასთან მუშაობა სასიამოვნოა არა მარტო როგორც მაღალი კლასის ტენორთან, არამედ როგორც მაღალი კლასის ორგანიზატორთან. იმედი მაქვს, მე და ირაკლი ძალიან ბევრს გავაკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის.