რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, როცა პატრიარქის სისუსტეზე საუბრობდა?
კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ლონდონში, სადაც მან, -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტს ასეთი შეკითხვა დაუსვეს: `ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს საქართველოს ეკლესიაზე. პატრიარქი მოხუცია და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია გაჩნდეს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაზე?“ პრეზიდენტის პასუხი ასეთია: „ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდან მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი პატრიარქის სისუსტეში მხოლოდ ფიზიკურ სისუსტეს გულისხმობდა, მეტი განმარტება სალომე ზურაბიშვილისგან აღარ გაკეთებულა. ფაქტი ერთია, აღნიშნულმა განცხადებამ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე საპატრიარქოში ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, რასაც მოწმობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძის საჯაროდ დაწერილი პოსტი სოციალურ ქსელში.
„პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს რომ მას თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი. სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“, ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“?
სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან. ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ ამბობენ, რომ ასეთი განცხადებით პრეზიდენტი საკუთარ იმიჯს აზიანებს, რადგან შეურაცხყოფს პატრიარქს.
,,კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა – ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით საკუთარ იმიჯს აზიანებს“, – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კახი კალაძეს, მან აღნიშნა, რომ ილია მეორემ გააძლიერა ქართული ეკლესია და საერთოდ, ეკლესია და სარწმუნოება ძალიან სენსიტიური თემებია.
კვლავ განსხვავებული მოსაზრებაა ოპოზიციურ პარტიებში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხრიდან ისევ თავდასხმის ობიექტია. როგორც ვხედავთ, ერთ დროს ოპოზიციის სალანძღავი პრეზიდენტი, ამჟამად ოპოზიციის დასაცავი გახდა.
„მართლმადიდებელი ეკლესია არის ჩვენი ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ძალიან ძვირფასია საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის. ზურაბიშვილის ღია განცხადებები ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობასთან და პრორუსულობასთან დაკავშირებით, გახდა სინამდვილეში ამ თავდასხმის მიზეზი“, – აღნიშნა პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები ფარისევლობაა.
,,ეს არის ფარისევლობა. საპატრიარქოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა „ქართულმა ოცნებამ“, როცა საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნეს, როგორ უსმენდნენ პატრიარქს, როგორ უსმენდნენ ეპისკოპოსებს. ამ ჩანაწერებში დასტურდება, რომ აღსარების საიდუმლოებებიც კი გაამჟღავნეს, რომლებიც დაცულია ქრისტიანული ტრადიციით“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ბათუმელი პოლიტიკოსები.
ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“:
– პრეზიდენტის განცხადება პატრიარქის მისამართით, ვფიქრობ, ძალიან უხერხულია. საუბარია მოქმედ პატრიარქზე. კონსტიტუციით ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი როლი ეკისრება, ისტორიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, რომელსაც ხელმძღვანელობს პატრიარქი. მოქმედ პატრიარქზე, ცოცხალ ადამიანზე, უწმინდესზე მსგავსი ტიპის განცხადება, რაღაც პოლიტიკურ ქვეტექსტებს ემსახურება და ქვეტექსტების მიზანი საქართველოს ნებისმიერი მოქალქისთვის მოსასმენად ძალიან უხერხულია და ცუდია მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის აღმსარებლობით ქრისტიანი. აქ საუბარია ადამიანზე, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე სამოციქულო ეკლესიის კუთხით.
არჩილ ბერიძე, ,,ლელოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი:
– ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ რუსეთის გავლენები ქართულ ეკლესიაზე იზრდება და ამავდროულად, ეკლესია ხელისუფლებასთან ძალიან ახლო ,,ურთიერთობაშია“. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქო იდგეს სწორ პოზიციაზე. ვინაიდან საპატრიარქო ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს და ცალკეულ მოძღვართა ანტიქრისტიანულ განცხადებებზე პოზიციას არ აფიქსირებს, ზურაბიშვილის კრიტიკა პატრიარქის სისუსტესთან დაკავშირებით ადეკვატურია. ჩემი აზრით, განცხადება კარგად ასახავს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს და ასევე, გამოხატავს ზურაბიშვილის სურვილს, რომ ქართულ ეკლესიაში აღმოიფხვრას რუსული გავლენები და მომავალი პატრიარქი იყოს უფრო დასავლური ღირებულებების მქონე.