„ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის წყალობით, ჩვენ რეალურად გავხდებით ლოჯისტიკური ჰაბი“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„მაინტერესებს გეგმის წარდგინება, რომელიც 15 მაისს გაიმართება. სწორედ მაშინ გაირკვევა, როგორ განაწილდება იმ ფინანსური დახმარებების პაკეტი, რომელიც გათვლილია სამუშაოდაკარგულ ადამიანებზე, რა დოკუმენტაციას მოითხოვენ მათგან, როგორ დაადასტურებინებენ დასაქმებას და ა.შ. რაღაც კრიტერიუმები აშკარად შემუშავდება“
რა პროცესები მიმდინარეობს ანტიკრიზისული გეგმის ირგვლივ, რა მოლოდინი აქვთ ეკონომისტებს და რა გაკეთდა აჭარაში სოციალურად დაუცველების დასახმარებლად, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი თენგიზ აფხაზავა.
– დავიწყოთ საუბარი პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმით, რომელიც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
– ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ესაა დესტრუქციული ძალა. ნამდვილი ოპოზიცია ცდილობს, აღმოჩინოს მთავრობის ქმედებებში შეცდომა და ამაზე მიუთითოს მას სათანადო დოკუმენტაციის, ნორმალური ალტერნატიული გეგმის წარდგენით. მაგრამ მათთვის მთავარია, გააკრიტიკონ სხვისი ქმედება და ამით ელექტორატის ყურადღება მიიქციონ. რაც შეეხება თავად ანტიკრიზისულ გეგმას, ეს არის აბსოლუტურად თანმიმდევრული, სისტემური და მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას სოციალური თუ ბიზნესის კუთხით.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე არაფერს აკეთებდნენ ხალხის დასახმარებლად?
– პარალელის გასავლებად ერთ პერიოდს შეგახსნებთ – 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში, შემოდგომაზე დაისეტყვა კახეთი, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდა, განაცხადა, რომ 300-700 ლარამდე დახმარებას გაუწევდა ყველა დაზარალებულ ოჯახს. ოქტომბერში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და თითოეულმა დაზარალებულმა მიიღო 8 -12 ათასი ლარი.
– ახლა რა კეთდება ეკონომიკის აღსადგენად, რომელიც სტაგნაციაშია ახალი კორონავირუსის გამო?
– იმის მიუხედავად, რომ არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, არც ძალიან დიდი თანხა გვჭირდება მის აღსადგენად, მით უმეტეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგონოზებით, ეკონომიკის განვითარების მინიმუმ 4%-ანი ზრდა მაინც გვექნება. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გავივლით კრიზისს. პრემიერის განცხადებით, უკვე 1 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან, საერთოდ, საერთაშორისო ტურისტების შემოშვებაზეა საუბარი.
– მსოფლიო პანდემიის პირობებში, პირადად თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საზღვრების გახსნა მაშინ, როდესაც დროულად ჩაკეტვამ გადაგვარჩინა უზარმაზარ ტრაგედიას?
-ეს ჩემთვისაც მისაღებია. უკვე მიმდინარეობს სტანდარტების შემუშავება და რეკომენდაციების განხილვა. თანაც ახალი კორონავირუსი უკან იხევს და იგი არც კია საშიში ახალგაზრდებისათვის. აპირებენ შეიძინონ სწრაფი ტესტები და ადგილზე ჩამოსულ ტურისტს ტესტირების შემდეგ, თუკი ინფიცირებულია, უკან გააბრუნებენ, თუ არა – მასპინძლობას გავუწევთ. ამაზე მთელი მსოფლიოს მოწინავე კომპანიები ერთობლივად მუშაობენ და აქვთ სხვადასხვა პროექტი შემუშავებული. აგრეთვე, ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარე ინტენსიური სამუშაოები ფინალს უახლოვდება და მერწმუნეთ, ძალიან მალე აღსდგება ჩვეული ცხოვრება.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ისევ და ისევ ტურიზმი გამოგვიყვანს კრიზისიდან, თუმცა თვალნათლივ დავინახეთ, რომ სწორედ ამ დარგმა დაღუპა ის სახელმწიფოები, რომელთაც ტურიზმზე ჰქონდათ აგებული მთელი ეკონომიკა?
-არა, პირადად მე ვთვლი, რომ ტურიზმის დინამიკური განვითარება ძალიან კარგია. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ საქართველოში არ დაიძაბა ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით, აქ პროცენტულად ყველაზე მეტი ტურისტი წამოვა, მაგრამ ტურიზმი არ უნდა გახდეს ეკონომიკის მთავარი ღერძი და მისი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი ჩვეულებრივად უნდა ვითარდებოდეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც გვაქვს ამ ბაზარზე. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით. ალბათ, გახსოვთ, როგორი სკანდალი ატყდა ახალი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შორის, რომლებიც ადანაშაულებენ ჩინეთს ამ ვირუსის შეგნებულად გავრცელებაში – საწარმოების აქციების ფასის ვარდნის გამო, მან იაფად შეისყიდა ობიექტები. მეორე მხრივ, ცივილიზებული სამყარო ეუბნება ჩინეთს, რომ გამოიტანს იქ დარჩენილ დასავლურ ტექნოლოგიებს. ამ მომენტით შესაძლოა ვისარგებლოთ, რადგან რიგი საწარმოს რეგიონში შემოსვლის უნიკალური შანსი გვეძლევა. ეს პროცესი იმაშიც შეგვიწყობს ხელს, რომ რეალურად გავხდეთ ლოჯისტიკური ცენტრი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის წყალობით, რაც მომგებიანი იქნება ყველა შემთხვევაში, რადგან აზიაში არის უზარმაზარი ბუნებრივი, ხოლო ევროპაში – ტექნოლოგიური რესურსები. ანუ ჩვენ ვხდებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ორივე მხარისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ამას დაეხმარება ის დიდი ინფასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოში უკვე ხორციელდება. კერძოდ, მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი (რიკოთის გადასასვლელი მაქვს მხედველობაში), ამას დაუმატეთ ბათუმის შემოვლითი, თურქეთისკენ გამავალი გზები. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილების ნაკადის 60-70% გადავა ამ მაგისტრალებზე და ჩვენ გამოგვითავისუფლდება უზარმაზარი ტერიტორია, რომელზეც შევძლებთ სოფლის მეურნეობის დარგების სერიოზულად განვითარებას. ეს მოგვცემს დიდ რესურსს, რომ შევძლოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება.
– მაინც რა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის მასტიმულირებელი დარგი?
– ჩვენ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე, ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით რეგიონებში უნდა განვავითაროთ იმ პროდუქციის წარმოება, რომლის რესურსიც გაგვაჩნია. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემი ბოლო სამეცნიერო ნაშრომი კლასტერებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს ხანში გამოიცემა პარიზის სორბონას უნივერსიტეტში.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2011 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა პორტერის ხელმძღვანელობით გააკეთა მოხსენება საქართველოზე და იქ აღნიშნა, რომ ჩვენთან არსებობს ისტორიულად განვითარებული, ჩამოყალიბებული კლასტერები: ტურისტული, ღვინის და სატრანსპორტო ლოგისტიკური. თუ არ ვცდები, 350 მილიონი ევროა გამოყოფილი, რომელიც საქართველოში კლასტერების განვითარებას მოხმარდება. თავად განსაზღვრეთ, რა პერსპექტივებია: ერთის მხრივ, სახელმწიფო მონაწილეობს ამ პროცესში, მეორე მხრივ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესი, რომელიც დებს ფულს ახალ ტექნოლოგიებში და მესამე – არსებობს საგანმანათლებლო სივრცე. იქმნება პორტერის სამმაგი ეფექტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამი სისტემის ურთიერთკავშირს.
– რომელ საგანმანათლებლო სივრცეს გულისხმობთ?
-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც საინტერესოა იმითაც, რომ იქ იმუშავებს სერიოზული ტექნოპარკები, ლაბორატორიები, სადაც ქართულ რესურსზე დაყრდნობით და მსოფლიო ტექნოლოგიების გაცხრილვა-გაფილტვრით, დამატებით ინვესტიციებს მოვიზიდავთ საქართველოში. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ამასთან, არა მხოლოდ იქ, სხვა ქალაქებშიც, კონკრეტული ბიზნესისთვის კონკრეტული სასწავლებლები მოამზადებენ კონკრეტული სპეციალობის კადრებს.
-კიდევ რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, ოღონდ უახლოეს პერიოდში?
– იგივე ანტიკრიზისულ გეგმას თუ გავიხსენებთ, იქ აქცენტი გაკეთებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებზე. ტურიზმზე, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა – ცალკე პროგრამაა. ასევე დაანონსდა, რომ მოეწყობა პრეზენტაციები და თანმიმდევრულად შეიკვრება პოსტკრიზისული პერიოდისთვის ბიზნესის სოციალურ- ეკონომიკური დახმარების პროგრამა. ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ახლა აკრიტიკებენ ისტორიკოსი, გეოგრაფი, არქიტექტორი, პოლიტოლოგი, მსახიობი, ჯამბაზი თუ ხეპრე, სერიოზული ექსპერტების, მეცნიერების, მსოფლიო და სავალუტო ბანკების ინსტიტუტების და ანალიტიკოსების ნამუშევარია. საერთაშორისო ეკონომიკურმა საზოგადოებამ უმაღლესი შეფასება მისცა ჩვენს მთავრობას კრიზისულ მენეჯმენტში. სამ მილიარდ ნახევარი ევრო, რომელიც გამოგვიყვეს, პრაქტიკულად ჩვენი ბუჯეტია, ანუ დამატებით, ქვეყნის ორი ბიუჯეტის ფული გამოგვივიდა ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ის მილიარდ ნახევარი ევრო (ხუთ მილიარდამდე ლარი), რომლიც უკვე გაიწერა სოციალური და ბიზნესის დახმარებისთვის, დიდ შედეგებს მოიტანს. მოგეხსენებათ, ჩვენი ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო 5-6 მილიარდამდე მერყეობს. მის დასაბალანსებლად ტურიზმის, ინვესტიციების და ჩვენი ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული თანხების მოზიდვაა აუცილებელი.
– ემიგრანტების უმეტესობა ხომ დავაბრუნეთ?
– დაბრუნდა 10 000-მდე ემიგრანტი. 2004 წელს, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ ჩაიბარა საქართველო, ქვეყანაში ცხოვრობდა 5 მილიონ 300 ათასი ადამიანი, ხოლო 2012-ში (როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში) – 2 მილიონ 800 ათასი კაცი. როდესაც მიგრაციაზე საუბრობენ, რატომ არ ახსენდებათ, რომ სწორედ მათი მმართველობისას გავიდა ქვეყნიდან მილიონ ნახევარი შრომითი მიგრანტი? მას შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, 200-300 ათასზე მეტი მოქალაქე არის ქვეყნიდან წასული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიბარა ქვეყანა, რომელსაც მილიარდ 800 მილიონი საერთაშორისო ვალი ჰქონდა, 2012-ში კი გადმოგვცეს 13 მილიარდი ვალი. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ 4 მილიარდი დოლარი მიიღეს პრაქტიკულად, საჩუქრად. ისიც სათქმელია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგულია და იმ წლებში არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტები იქ არ განხორციელებულა. ჯერ კიდევ მაშინ იყო შესაძლებელი ჩვენი ეკონომიკის სრული აღმასვლა. ახლა კი გვიწევს მათი შეცდომების გამოსწორება. ბიზნესმა სული მოითქვა „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში. ასე რომ, ამ ანტიკრიზისულ გეგმას მაგათი დასაწუნი არაფერი აქვს.
– თვითდასაქმებულების კუთხით გაუგებარია დახმარებების გაცემის წესი. ვერც უმუშევართათვის გასაცემ თანხას ვხედავთ ამ გეგმაში?
– ამიტომაც მაინტერესებს გეგმის წარდგინება, რომელიც 15 მაისს გაიმართება. სწორედ მაშინ გაირკვევა, როგორ განაწილდება იმ ფინანსური დახმარებების პაკეტი, რომელიც გათვლილია სამუშაოდაკარგულ ადამიანებზე, რა დოკუმენტაციას მოითხოვენ მათგან, როგორ დაადასტურებინებენ დასაქმებას და ა.შ. რაღაც კრიტერიუმები აშკარად შემუშავდება. თუკი აღმოჩნდება ამ გეგმაში ხარვეზი, აუცილებლად აღმოიფხვრება. ჩვენ გვაქვს თანხა დარჩენილი იმ სამ მილიარდ ნახევრიდან, რომლითაც დაფინანსდებიან ის ადამიანები, ვინც გეგმის გარეთ დარჩნენ. თუკი კარგად განვითარდა პროცესი, ეს თანხები დამატებითი სტიმულირების მექანიზმებად იქცევა. მცირე ბიზნესების ამუშავება მალე დაიწყება. 1 ივნისიდან გამოცხადდება შიდა ტურიზმის ამოძრავების გზები, 1 ივლიდან კი უცხოელი ტურისტების საქართველოში ჩამოსაყვანად გამოცხადდება საერთაშორისო ფრენების განრიგი. მანამდე განიხილავენ ვირუსის გავრცელებისგან დამცავ ღონისძიებებს.
– ნუთუ ყველაფერი მოგწონთ ანტიკრიზისულ გეგმაში? არის იქ ისეთი დეტალები, რომლებიც ბევრი რიგითი მოქალაქისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
– ხარვეზები თავისთავად აქვს, ყველაფერი ერთ ჯერზე ვერ გაკეთდება. ვესაუბრე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აკადემიურ წრეებს, გავეცანი მათ თვალსაზრისს. გეგმა ყველამ პოზიტიურად შეაფასა. მოგეხსენებათ, ეკონომიკა გამოყენებითი მეცნიერებაა და ხშირად ვერ განსაზღვრავ, რომელი ფინანსური ინექციიდან რას მიიღებ. ამას მხოლოდ სპეციალისტები ახსნიან. არ დარჩენილა ქვეყანაში დარგი, რომელსაც არ გაუწია შეღავათი სახელმწიფომ ამ ურთულეს პერიოდში.
– რას გვეტყვით იმ დახმარებებზე, რაც სოციალურად დაუცველებს გაუწია აჭარის მთავრობამ? ბევრი ამბობს, დიდი არაფერი დაურიგებიათო.
-მაშინ დავაკონკრეტებ დაბალი სოციალური ქულების მქონე 5 800 ოჯახზე გაცემული სასურსათო კალათის მოცულობას, რომელსაც უკვე მეორე თვეა ღებულობენ ისინი. ჩამონათვალში შედის: 5 კგ. კარტოფილი, 1კგ ხახვი, 1 ქათამი, კილონახევარი შაქარი, 2 კგ ბრინჯი და ა.შ. თუ ოჯახში ოთხი სულია, ეს ყველაფერი გაამრავლეთ ოთხზე – 20 კგ კარტოფილი, 4 – ქათამი, 4 – ორლიტრიანი ზეთი, 8 კგ ბრინჯი და ა.შ. 8 სულიანი ოჯახი, შესაბამისად მიიღებს – 8 ქათამს, 16 ლიტრ ზეთს და სხვ. . . იმიტომ დაგითვალეთ ასე, რომ დაინახოთ, რა სერიოზული დახმარებები გავეცით. ამასთან, 7 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახზე გასცა აჭარის მთავრობამ დახმარება. გარდა ამისა, ყველა გამგეობაში, ბათუმში, სერვის-ცენტრების ხელმძღვანელებმა დაარიგეს დახმარება საკუთარი ინიციატივით და პირადი რესურსებით. დახმარებას იღებდნენ ისინიც, ვინც რეგისტრირდებოდა ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, 144-ზე დარეგისტრირებულმა ყველა პირმა მიიღო დახმარება, არავისთვის უთქვამთ უარი.