„მიმდინარე პროცესებში „რესპუბლიკელების“ მონაწილეობა იძლევა იმედს, რომ დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
15 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევიდა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ , კახა ოქრიაშვილის და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.ოპოზიციის კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად დარეგისტრირდა.
როდესაც ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა, ათეულის სიაში გაიჟღერა მურმან დუმბაძის მოძრაობის წევრ მედეა ვასაძის და რესპუბლიკური პარტიის წევრ ირაკლი ჩავლეიშვილის სახელებმა. ასევე, ამ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ავთო ქარჩავა და ცნობილი ექიმი კახა ქაშიბაძე, რომლის სახელსაც საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაცია უკავშირდება.
რატომ მოისურვეს ამ ადამიანებმა, თავის დროზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეებმა, ძველი ხელისუფლების დაბრუნება და რა გეგმები აქვთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ზემოთ ხსენებული ბლოკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში მეექვსე ნომრადაა.
– ბატონო ირაკლი, რამ განაპირობა თქვენი შემობრუნება „ნაცმოძრაობისკენ“, როდესაც ერთ დროს ხომ სასტიკად ეწინააღმდეგებოდით ამ ძალას?
-პოლიტიკური ცხოვრება სხვადასხვა გზას გვთავაზობს. „ნაცმოძრაობასთან“ ადრეც ვთანამშრომლობდით. ჯერ კიდევ 2003 წელს ლევან ბერძენიშვილმაც კი მიიღო მონაწილეობა მის დაფუძნებაში. მოგეხსებათ, სლოგანი „აჭარა – აბაშიძის გარეშე, საქართველო – შევარდნაძის გარეშე“, სწორედ „რესპუბლიკელებისგან“ წამოვიდა. მაშინ ჩაისახა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთან ერთადაც ვიყავით კოალიციაში.
– რატომ წამოდით კოალიციიდან, თუკი ასეთი წვლილი გქონდათ შეტანილი მის ჩამოყალიბებაში?
– როგორც კი დავინახეთ, რომ დემოკრატიული პროცესები შენელდა და ჩვენი ხედვები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაშინვე დავტოვეთ კოალიცია. დიდხანს არც გავჩერებულვართ ხელისუფლებაში. კარგა ხნით გადავედით ოპოზიციაში და ვიყავით მისი ავანგარდი. ვიბრძოდით ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისთვის. 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკურ თამაშებში, ერთ-ერთ პირველს ჩვენ მოგვმართა მხარდაჭერისთვის. ეს შემოთავაზება ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია, თუმცა დავთანხმდით, რადგან უაღრესად ღირებულად მიგვაჩნდა ევროპული დემოკრატიული პროცესების დაჩქარება და ნატოს კარებთან მისვლა.
– თქვენი სიტყვის თანახმად, ჯერ „ნაცმოძრაობას“ დაეხმარეთ და წამოდით, შემდეგ – „ქართულ ოცნებას“ და . . .ისევ წამოდით . . .
– დიახ, ასე მოხდა. არ ვჩერდებით იქ, სადაც არ ხდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენ მართლაც ლომის წვლილი შევიტანეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში. მალე დავტოვეთ ეს კოალიციაც, რადგან აქაც გამომჟღავნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, ანუ ის კიდევ უფრო სიღრმისეულად დასცილდა დემოკრატიულ პროცესებს. მაშინ დავრწმუნდით, რომ 2012 წლის არჩევნები იყო ერთჯერადი აქტი და არა – ბრძოლა დემოკრატიისათვის.
– თავად რატომ არ წარმართეთ დემოკრატიული პროცესები სწორად, თქვენც ხომ ხელისუფლებაში იყავით, მაინც რა გააკეთეთ?
– რაც მოვახერხეთ ჩვენი პარლამენტში მოსვლით და აღმასრულებელი ხელისუფლების საკვანძო თანამდებობებზე ყოფნით, ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროკავშირში შესვლას. ასევე, ჩვენი თანადგომით, ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის სიკეთითაც დღესაც სარგებლობენ ქართველები. უვიზო მიმოსვლის წყალობით, გაჭირვებისას, მიემგზავრებიან უცხოეთში და იქიდან, ლეგალურად თუ არალეგალურად, არჩენენ აქ დარჩენილ ოჯახებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უხვად გაცემულ დაპირებებს, ფარატინა ქაღალდზე დარჩა. არც სამუშაო ადგილები შეიქმნა, არც უპროცენტო კრედიტები გაიცა და არც ხელფასები გაზრდილა. დღესაც კი შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში ეკონომიკის გაძლიერების თუ სოფლის მეურნეობის აღორძინების ლიტონი გეგმებით, სინამდვილეში, არაფერი კეთდება სიღარიბის დასაძლევად. საზოგადოება დაიღალა ზედაპირული დაპირებებით და „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ითხოვს სიღრმისეულ ცვლილებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებებში. სწორედ ამიტომ გავერთიანდით კოალიციაში „ძალა ერთობაშია“, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმებით ჩამოყალიბდა 2018 წლის 15 ივლისს, როგორც „ქართული ოცნების“ მმართველობის ოპოზიციური ალიანსი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
– იმ არჩევნებზეც ვერ გაიმარჯვეთ.
– სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა უნდა წასულიყო სულ სხვა გზით. მაშინ ჩატარდა ფარისევლური, გაყალბებული არჩევნები და რაც მივიღეთ შედეგად, ყველა ვხედავთ.
– არ მოგწონთ პრეზიდენტი?
– ქალი კაბინეტიდან არ გამოდის, ახლა ეცნობა საქართველოს კუთხეებს და გამოირჩევა თავისი არასტაბილური და გაუწონასწორებელი გამოსვლებით. რა უნდა მოგვეწონოს? სწორედ ამიტომ ვარჩიეთ ბლოკში გაერთიანება. ეს მთავრობა არ შეიცვლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. რაც უნდა თქვათ, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პარტიული ორგანიზაციები და ევროპისკენ მიზანსწრაფვა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენ ხელს გვაძლევს მათი პროგრამა, ხედვები და ამიტომ დავუდექით გვერდით.
– ბატონო ირაკლი, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით, არ დაბრუნდება ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო წინ აღუდგა?
– ამ შეკითხვის პასუხი შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ. კერძოდ, თავდაპირველად, სააკაშვილი მოგვევლინა, როგორც უდიდესი რეფორმატორი, რომლითაც აღფრთოვანდა არა მხოლოდ საქართველო, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა შეცდომები, რასაც თავადაც აღიარებს. რაც შეეხება მომავალს, „რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნია, ქვეყანას სათავეში ის უნდა ჩაუდგეს, ვისაც ჩვენი მოსახლეობა ხმას მისცემს 31 ოქტომბერს. მაშინ გადაწყდება, ვინ იქნება საქართველოს პრემიერი, როგორი იქნება ხელისუფლების მოწყობა და რა შემადგენლობით დაკომპლექტდება პარლამენტი და უმაღლესი საბჭო. ჩემი აზრით, გარდაუვალია კოალიციური მთავრობა. მეეჭვება, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ ერთპიროვნულად დაამტკიცოს პრემიერი.
– ბოლო წლებში სად მუშაობდით?
– ჩემდა სამწუხაროდ, უმუშევარი ვარ. არადა, მთელი ცხოვრების განმავლობაში, 16 წლიდან ვმუშაობდი და პარალელურად, ვსწავლობდი. ვარ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი. სხვადასხვა თანამდებობა მეკავა მუზეუმებში, კვლევით ინსტიტუტში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ვმონაწილეობდი საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ არაერთ ექსპედიციაში, საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში და იმის გამო, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ თვალსაზრისისგან, არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც განყოფილების გამგე ვიყავი, ჩემთვის ადგილი არ მოიძებნა.
– მმართველ პარტიაზე პიროვნულად განაწყენებული კაცის პოზიციიდან ხომ არ ლაპარაკობთ?
– წყენა არაფერ შუაშია, ოთხჯერ ამირჩიეს საკრებულოში თანაქალაქელებმა, ორჯერ მოვიგე მაჟორიტარული ოლქი. ასე რომ, აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების წყალობით, თავი დაჩაგრულად არასოდეს მიმიჩნევია.
– როგორც საკანონმდებლო ორგანოში არაერთხელ ნამუშევარ, გამოცდილი კადრს, რა მიგაჩნიათ აჭარის ყველაზე დიდ პრობლემად, რა არის გასაკეთებელი უპირველეს ყოვლისა?
– უპირველესად, მოსაგვარებელია ინსტიტუციური პრობლემები, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. მოშლილია სახელმწიფოებრივი მართვის ქვკუთხედი: სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც მეტნაკლებად დალაგებული იყო და მხოლოდ განვითარებას და ევროპულ ლიანდაგზე გადაწყობას საჭიროებდა. ცრუ დაპირება აღმოჩნდა, რომ მეტი გასაქანი მიეცემოდა თვითმმართველობებს რეგიონებში, ქალაქად და სოფლად. იმდენად შეეზღუდა თვითმმართველ ქალაქებს უფლებამოსილებები, რომ საკუთარ შემოსავლებს ვეღარ განკარგავენ იქ მცხოვრები მოქალაქეები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნომერ პირველი პრობლემაა უმუშევრობა, რაც მთელ საქართველოს აწუხებს. თუ არ განვითარდა თვითმმართველობა და დემოკრატია, სიდუხჭირე ისევ იქნება, რადგან ყველაფერი სწორედ ამაზეა დაფუძნებული. ამიტომ ვთვლით, რომ ის რვა წელი, რომელიც „ოცნებას“ დაპირებების შესასრულებლად უნდა გამოეყენებინა, ფუჭი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამ უხვი დაპირებების მონაწილე მეც ვიყავი და იმედი მქონდა, რომ გარდაქმნები მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. მხოლოდ მინიმალური საკითხები მოგვარდა, ქართველი ხალხი გაცილებით მეტს ელოდა. როდესაც მსგავსი რამ ხდება, ადამიანები აგონიაში ვარდებიან და უცხოეთში გასაქცევ გზას ეძებენ ოჯახების გადასარჩენად. როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პირველ რიგში იმაზე ვიზრუნებთ, ქართველ კაცს საქართველოში ეცხოვრებოდეს ყველაზე უკეთ.
– როგორ გაართვა თავი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ პანდემიას, რომელიც მსოფლიოს დაატყდა თავს?
– დღევანდელობის ჭირის გამოჩენა იმდენად თავზარდამცემი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომ მართლაც გაურკვევლობაში აღმოჩნდა წამყვანი ქვეყნები. ამ ფონზე, ცხადია, მოხარული ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყანა უმკლავდებოდა ასეთ გამოწვევებს. როცა პოლიტიკურ ჭრილში მოხდა შეფასება, ფასი დაეკარგა ყველაფერს. ზაფხულის პერიოდი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესამუშავებლად და მედპერსონალის დასატრენინგებლად, რითაც მომზადებული შეხვდებოდნენ მეორე ტალღას, სულ სხვა მიზნით გამოიყენეს. ამან კი მოგვცა ის შედეგი, რომელსაც ეპიდემიოლოგები ელოდნენ და რის შესახებაც არაერთხელ გაგვაფრთხილეს. ცხადია, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, შემდეგ კი კაცობრიობა ამ ეპიდემიასაც ისევე დაამარცხებს, როგორც აქამდე სხვა დაამარცხა, თორემ თუ ასე გაგრძელდა, დაინგრევა ეკონომიკა, ჩამოიშლება კულტურული და სპორტული ცხოვრება, დარტყმას მიიღებს განათლების სისტემა და ა.შ.
– როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებდით ყარაბაღის კონფლიქტს, ხომ არ გადმოინაცვლებს ომი საქართველოშიც?
– ნაღმები, რომლებიც თავის დროზე საბჭოეთის მმართველებმა ჩადეს სხვადასხვა „მოძმე რესპუბლიკაში“, ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდება და გრძელდება სისხლისმღვრელი შეტაკებები. ამით ისევ და ისევ რუსეთი ითბობს ხელს, აღვივებს კონფლიქტებს და აიარაღებს მხარეებს. იგივე ყარაბაღის პრობლემა ხელს უშლის კავკასიის ერთიან რეგიონად ჩამოყალიბებას, ისეთად, როგორიც არის ბალტიისპირეთი. იმ ქვეყნებსაც ჰქონდათ ანალოგიური ტერიტორიული პრეტენზიები, მაგრამ რუსეთი ახლოს არ გაიკარეს, არ ჩარიეს, ცივილურად მორიგდნენ თავად. იგივე უნდა გაკეთდეს აქაც. თუკი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შევლენ ევროკავშირში, ამასთან, გახდებიან ნატოს წევრები, დალაგდება ყველა ტიპის სამხედრო კონფლიქტი. ისევე, როგორც პოლონეთმა, ესტონეთმა, ჩეხეთმა და სხვებმა მოახერხეს ევროკავშირში ცხოვრება, სადაც ფაქტობრივად, საზღვრები არ არსებობს, მოვახერხებთ ჩვენც. ერთმანეთთან ჩავალთ და ჩამოვალთ ყოველგვარი ბარიერის გარეშე და ერთიან სივრცედ ჩამოვყალიბდებით. იმედი მაქვს, ეს ვითარება აფხაზ და ოს ძმებსაც გაუჩენს ჩვენთან ინტეგრაციის სურვილს და აღდგება ტერიტორიული მთლიანობაც. ამას ხელს უშლის რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები, რომელიც ადრე თუ გვიან, გაქრება და სამივე ქვეყანა ვიარსებებთ საზღვრების გარეშე, ისევე, როგორც ევროპაში.
– გაქვთ გამარჯვების იმედი?
– მიმდინარე პროცესებში „რესპუბლიკელების“ მონაწილეობა იძლევა იმედს, რომ დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა და დაიწყება გრანდიოზული ცვლილებები მთელ საქართველოში, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სისტემა. აღიკვეთება პოლარიზაცია კოალიციური პარლამენტით, სადაც თითოეული პარლამენტარის სიტყვას ექნება ფასი. ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა, სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. შედეგად, ჩამოყალიბდება კონტროლის მექანიზმი, საჯაროობა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის უშუალო ჩართულობას საკუთარი ქვეყნის მართვაში.