ზურაბ ფირცხალაიშვილი: წუთისოფელი წინააღმდეგობებით არის სავსე და ეს გვაძლიერებს კიდეც
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
პოეტი ზურაბ ფირცხალაიშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბათუმში, არის 8 წიგნის ავტორი, გადაღებული აქვს 80 მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი. „აჭარამ“ მას რამდენიმე კითხვით მიმართა.
– ვინ არის ზურაბ ფირცხალაიშვილი?. . .
– ფილოლოგი, ისტორიკოსი, ვწერ ლექსებს, მოთხრობებს, ლიტერატურულ წერილებს. წლების განმავლობაში ვიყავი გამოცემლობა „აჭარის“ ჯერ რედაქტორი, შემდეგ კი – მთავარი რედაქტორი. შეიძლება ითქვას, საგამომცემლო საქმის სპეციალისტი ვარ. ერთი პერიოდი ჟურნალისტიკის სალექციო კურსი მიმყავდა ბათუმის სასოფლო- სამერნეო ინსტიტუტში. 1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში ვირიცხები.
– თქვენი პირველი შეხება პოეზიასთან. წიგნებსა და ფილმებზეც გვიამბეთ. . .
– მე და ჩემი პოეზია ბავშვობიდან მოვდივართ. პირველი ლექსები ჟურნალ „განთიადში“ დაიბეჭდა, მერე იყო პოეტური კრებულები. . . რაც შეეხება ფილმებს, აჭარის ტელევიზიაში ორი პროექტი განვახორცილე – „გადარჩენილი სიტყვა“ და „რჩეული ფრაგმენტები“. ეს არის ფილმები აჭარაში მოღვაწე გამორჩეულ პიროვნებებზე, აგრეთვე იმ ადამიანებზე, რომლებიც, მართალია, აჭარაში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ თავიანთი სიტყვით და საქმით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ მხარის კულტურულ თუ ეკონომიკურ დაწინაურებაში. ეს ფილმები დღესაც გადის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. . .
– თქვენზე, როგორც პოეტზე, ვინ მოახდინა ყველზე დიდი გავლენა?
– გამორჩეულად ტიციან ტაბიძის პოეზია მიყვარდა.
– რა ახდენს თქვენზე ზემოქმედებას, რომ ლექსი დაწეროთ?
– გარემო, ადამიანები, მოვლენები და ზოგადად ყველაფერი, რაც ჩვენი ცხოვრების თანმდევია.
– რაზე წერთ უმთავრესად თქვენს ლექსებში და ვის ეძღვნება?
– ვწერ ადამიანზე, მის ტკივილსა და სიხარულზე, იმედსა და იმედგაცრუებაზე, წუთისოფლის უცნაურობაზე. . . ლექსის დაწერის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, თუ საამისოდ ხარ განწყობილი. . .
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან?
– კრიტიკას თავისი გამოკვეთილი ფუნქცია აქვს: მკითხველი გაარკვიოს ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებში და აჩვენოს ამა თუ იმ შემოქმედის სახე და შესაძლებლობები. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მაგრამ იშვიათი ხილია. . .
– შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებიდან გამოყოთ ერთი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
– ეს იგივეა, მშობელს ჰკითხოთ, თქვენი საყვარელი შვილი დამისახელეთო. . . თუმცა, რადგან ერთ ლექსზეა საუბარი, ამას შემოგთავაზებთ:
თითქოს
მუდამ შეძრული ვიხსენებ იმ დროს:
ბინდში კაენი – აბელის მკვლელი. . . .
და მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს
მეც ამ ცოდვაში მერიოს ხელი. . .
მწარე ამბორის სანაცვლოდ – გროში,
იუდა უფლის სიყვარულს ძარცვავს
და მაქვს შეგრძნება, იმ ბოროტ ბრბოში
მეც მოვითხოვდი იესოს ჯვარცმას. . .
არც წიწამურის ახლოს მივლია,
არც საგურამოს ვიდექ მსახურად
და მაქვს შეგრძნება, თითქოს ილიას
გზაზე მეც დავხვდი მუხანათურად. . .
არასდროს ვიყავ მეფის მარეკი
და არც ვეზირის მეცვა ხალათი
და მაქვს შეგრძნება, თითქოს ერეკლეს
კრწანისის ომში მეც ვუღალატე. . .
ყველა ღალატის შემსწრე ვარ თითქოს,
თითქოს წარსულის ლანდებთან ვდავობ. . .
უფლისგან მაინც შენდობას ვითხოვ
ჩაუდენელი ცოდვების გამო. . .
– რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე?
– უნიჭიერესი პოეტები გვყავს ძველებშიც და ახლებშიც. . . ნამდვილმა პოეზიამ დროს უნდა გაუძლოს და რომელიც გაუძლებს, ის გადარჩება.
– თქვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო, სადაც ლექსის წერის სურვილი გიჩნდებათ. . .
– ყველა დროს შემიძლია წერა, ხმაურში და ღრიანცელშიც კი. კომფორტული, ალბათ, შუაღამეა. . .
– ბუნებრივია, ცხოვრებაში გარკვეული წინააღმდეგობები გექნებოდათ, რას გაიხსენებთ?
– წუთისოფელი წინააღმდეგობებით არის სავსე და ეს გვაძლიერებს კიდეც. ცხოვრებაში ადვილად არაფერი ხდება. გასახსენებელი იმდენია, რომ. . . თუმცა. . . ამაზე სხვა დროს.
– როდის ხართ ხოლმე ბედნიერი და რა არის საჭირო ამ გრძნობისთვის?
– ბედნიერი გულწრფელი ადამიანების გარემოცვაში ვარ. ძირითადად, ესენი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და მეგობრები არიან. ბედნიერებისთვის ერთი პატარა ღიმილი, ერთი პატარა ნუგეშიც კმარა. ბედნიერება სიყვარულის ნიჭია.
– პოეტებად იბადებიან, თუ მერე ხდებიან?
– ალბათ, იბადებიან. . .