ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან, ერთად ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
,, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ეს მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის ისტორიული ეტაპია. ჩვენ ერთი კვირის წინ მოვაწერეთ ხელი ახალ ხელშეკრულებას. 47 კილომეტრი საავტომობილი გზა შეკეთდება. ეს არის სასიცოცხლო არტერია, რომელიც რეგიონს მოუტანს ახალ განვითარებას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. კურორტი გოდერძი და ყველა ახალი ლოკაცია შეძლებს, უმასპინძლოს უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს. აქ მცხოვრებლებს გაუადვილებს მიმოსვლას. მიუხედავად პანდემიისა და უამრავი ეკონომიკური გამოწვევისა, ეს პროექტი თავის დროზე დასრულდება, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
პროექტის ფარგლებში, 47-კილომეტრიან საავტომობილო გზასთან ერთად შეკეთდება 7 ხიდი, დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული საავტომობილო გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი მანძილით დააკავშირებს ერთმანეთთან. განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1, 5 საათით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. პროექტის ბიუჯეტი 109, 5 მილიონი ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.