ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში რომ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა
ხატია იაშვილი: 555 184 888 –
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უკვე შეიქმნა ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომდევნო წლის ბიუჯეტს.
,,წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ’’.
მისივე თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული და მისი ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, მზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.
„ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც არის დაბალანსებული, ითვალისწინებს რა, ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება. ასევე, ვაქცინების შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოქალაქეთა მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი,“ – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყო განაცხადების წარდგენა შემოსავლების სამსახურში. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებმაც, ვინც დროებით დაკარგეს შემოსავალი და თავად კომპანიებმაც (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე) დროულად უნდა შეავსონ განაცხადი, რათა მათ ახალ წლამდე მიიღონ დახმარება.
„დღეიდან, მოგეხსენებათ, ვიწყებთ მომართვიანობის აღრიცხვას ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა იმ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის (ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება), რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რათა ეს დახმარება მიიღონ. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი. ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილების საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკზე და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს პერიოდში, დღეში 20 000 ტესტით მოსახლეობის უზრუნველყოფას მიაღწევს. „ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ამავდროულად, ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში. ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება. ეს იქნება იმის გარდა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი – შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კოვიდ 19-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. „მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ პლატფორმის წევრი ქვეყანა. უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე განცხადებით, ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერებისთვის ყველამ უნდა დაიცვას კანონი და დაწესებული შეზღუდვები.
„ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეზღუდვების ეს 2-თვიანი გეგმა, ტესტირების ინტენსიფიკაცია, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების მთლიანად შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კანონები და შეზღუდვები», – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საგარეო საქმეთა მინისტრს მასში წარმატებული მონაწილეობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, მინისტერიალზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები გაისმა.
„აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ნატო-ს მყარი მხარდაჭერა „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელებისადმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.