თორნიკე რიჟვაძე: ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
აჭარის მთავრობის 26 თებერვლის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე დამტკიცდა ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა; საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ნიუ თაიმ“-ის მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში „ქობულეთის ინდუსტრიული ზონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზების მშენებლობის განხორციელების შესახებ საკითხი.
– მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი ღონისძიებების შემსუბუქება დაიწყო. აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს შაბათ-კვირას, ასევე აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამთო კურორტების ფუნქციონირებაც აღდგენილია. 8 მარტიდან გაიხსნება საბაგირო გზაც. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეპიდემიის დინამიკის კლების სტაბილურობა, რაც გვაქვს და რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის აღდგენას სეზონისთვის. შემსუბუქების ღონისძიების ფარგლებში სასტუმროებსა და რესტორნებსაც მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ სტუმრები. სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში და შემდეგაც, უნდა შევძლოთ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ეს ყველაფერი კი შესაძლებლობას მოგვცემს, ზაფხულში უცხოელ ვიზიტიორებსაც ვუმასპინძლოთ. მარტსა და აპრილში უკვე შესაძლებელია ვიზიტიორთა პირველი ნაკადების მიღება. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლების მიმართულებით გვაქვს დადებითი მაჩვენებელი და სტაბილური დინამიკა, – განაცხადა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად მიმდინარე დაგეგმილი პროექტები არ გაჩერებულა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით სტრატეგიაზე.
– ყოველდღიურად ბალანსის გამოძებნა გვიწევს – შეზღუდვები და ეკონომიკური აქტივობა ისე დაიგეგმოს, რომ ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი და მეორეს მხრივ, ეკონომიკას თანმიმდევრულად მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აქტუალური აჭარაში ტურისტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დღეებში სააკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, შეზღუდვების დიდი ნაწილი შევამსუბუქეთ, რაც რეგიონში საშუალებას მოგვცემს, აღდგეს როგორც ეკონომიკა, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება. ეკონომიკის ნაწილს კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ, აქ მნიშვნელოვანი იქნება საჰაერო მიმოსვლა, რესტორნების, კაზინოების და სხვა დაწესებულებების გახსნა, ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტიორები. ამასთან, ჩვენთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება კერძო სექტორს და მოქალაქეეებს. წესები უნდა დავიცვათ ყველამ, რომ შევინარჩუნოთ ერთის მხრივ, სტაბილური ეპიდვითარება და მეორეს მხრივ, თანმიმდევრულად აღვადგინოთ ეკონომიკა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე დავალება მიიღო აჭარის საგზაო დეპარტამენტმა, რომ დაახლოებით 19 ჰექტარზე დააპროექტოს შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა.
– ეს საშუალებას მოგვცემს, ინდუსტრიულ-კლასტერული მიმართულება განვავითაროთ, რაც ინკლუზიური ეკონომიკის ერთ-ერთი ქვეკომპონენტია, რომელიც გულისხმობს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების შესაბამისი გეგმები, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.