„ვინც ამიერკავკასიაში გაიმარჯვებს, ის დაეპატრონება მცირე და დიდ აზიასაც და დიდ პოლიტიკაშიც სწორედ ის იქნება გამარჯვებული“
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მწერალთა სახლში პროფესორ ნუგზარ ზოსიძის საჯარო ლექცია გაიმართა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა ხდებოდა იმ დროს საქართველოში, კერძოდ, ბათუმში. ლექციამდე უჩვენეს თემასთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრები
როგორც შესავალ სიტყვაში აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ აღნიშნა, მართალია, მაშინ იმპერიის წინააღმდეგ ერი და ბერი ერთ მუშტად შეიკრა, მაგრამ დამარცხება გარდaუვალი აღმოჩნდა . . . მას შემდეგ „დიად საბჭოეთში“ შვიდი ათეული წელი ბევრ რამეს გვიმალავდნენ. სიმართლე მილიონობით ადამიანმა არ იცოდა, სიცრუეში გაზრდილი თაობა ვართ. . . . დღეს კი, სამწუხაროდ, ახალი ოკუპაციის მომსწრენი ვართ – სამაჩაბლო, აფხაზეთი. . . რუსეთი რომ ოკუპანტი სახელმწიფოა, მის გარდა ყველა დარწმუნებულია. . . მოსკოვში დიდი მუზეუმი გაუხსნიათ და ამ „სამამულო“ მუზეუმის ერთ კუთხეში მოგვითხრობენ, რომ რუსები თითქოს, ჩვენი, ქართველების დასახმარებლად შემოვიდნენ აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. ისევ ცრუ პროპაგანდას ეწევიან. . .
ნუგზარ ზოსიძემ მოკლედ მიმოიხილა, თუ რამ გამოიწვია 25 თებერვლის სავალალო მოვლენები, რა იყო მისი წინაპირობა. ამასთან დაკავშირებით, დღეს საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია. თუმცა ერთი დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმი ყოველთვის დიდი პოლიტიკის მთავარი ფორპოსტი იყო .
- 25 თებერვალი საკმაოდ დიდი თემაა, – თქვა მან, – ეს დიდი პოლიტიკაა, რამაც თავზე დიდი ეროვნული ტრაგედია დაგვატეხა. ეროვნული ტრაგედიაა, რადგან დავკარგეთ დამოუკიდებლობა – ეროვნული ღირსების მთავარი ნიშანსვეტი, რომელიც დაემხო 1921 წლის 25 თებერვალს. ეს 25 თებერვალი არ მოსულა ერთი დღეში ან ერთ კვირაში. 25 თებერვალი მოიტანა არა მხოლოდ საქართველოში არსებულმა სირთულეებმა და პრობლემებმა, არამედ დიდმა საერთაშორისო პოლიტიკამაც. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, მეზობლებთან ერთად (ჩვენ ხომ კავკასიურ გეოსტრატეგიულ სივრცეში ვართ), ერთ-ერთი წამყვანი როლი გვეკისრება ხოლმე და არსებული რეალიების გათვალისწინებით, ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასე იყო მაშინაც და ასეა ახლაც. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს, რომ ამ სტრატეგიაზე გადის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, არამედ დიდი პოლიტიკის სასიცოცხლო ინტერესები და გააჩნია ამას ვინ წარმართავს. იმჟამად ანტანტის სახელმწიფოები წარმართავდნენ, რომელშიც განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა. იგი ჯერ მხარს თეთრგვარდიელთა რუსეთს უჭერდა, ძალიან დიდი დაფინანსებით, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან ჩერჩილი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერია უნდა აღდგენილიყო. . . ბაქო გასაბჭოვდა, სადაც ნავთობი იყო, ნავთობს კი ბათუმზე რომ არ გაევლო, ვერსად წავიდოდა. აქედან გამომდინარე, ვისიც იყო ბაქო, ბათუმიც მისი გახდებოდა, ანუ საქართველო. ასეთ ბედისწერაში აღმოვჩნდით. ჩვენ ვერ ვნახეთ რეალური დასაყრდენი, მოკავშირეები. ისტორიკოსები წერენ – 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არ ყოფილიყო, ის 1800 რომელიღაც წელში მაინც იქნებოდა. იმ დროისათვის მსოფლიოს გადანაწილებაში ჩართულმა დიდმა სახელმწიფოებმა ამიერკავკასიას ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს. იქით იყო ინდოეთი, ავღანეთი, დიდი აზია. . . იმათ ეგონათ, რომ რუსეთს მარტო ნავთობი აინტერსებდა, მაგრამ ამიერკავკასია მარტო ნავთობი არ არის, ეს არის დიდი ფორპოსტი და ვინც ამიერკავკასიაში გაიმარჯვებს, ის დაეპატრონება მცირე და დიდ აზიასაც და დიდ პოლიტიკაშიც სწორედ ის იქნება გამარჯვებული. ეს ჩვენმა ქვეყანამ კარგად უნდა იცოდეს და გაითავისოს დღესაც. ყველაზე წინ თუ ეროვნული ღირებულებები, ქვეყნის ინტერესები დადგება და ეს პარტიული კინკლაობები ლოგიკურ ჩარჩოში მოექცევა, პოზიციას პოზიცია დაერქმევა და ოპოზიციას -ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ექნება – სამშობლოს სიძლიერე, მაშინ ასეთი საკითხები ქვეყნისთვის წარმატებულად გადაწყდება. დღეს კი ისეთ დღეში ვართ, რომ. . . მელიას გრაალს ადარებენ. რანაირად შეიძლება მას გრაალი უწოდო, სირცხვილი არაა?!
- დღეს 25 თებერვალზე საუბარი „ხსნილია“, ნებადართულია, ასე არ იყო 30-35 წლის წინ, მაგრამ . . . რა იქნება ხვალ-ზეგ? ხომ არ გადავაბრუნებთ ფირფიტას? 25 თებერვალი გასაგებია, მოხდა, მაგრამ დღევანდელ პრობლემებს რით პასუხობს, ისტორია მაშინ მაინტერესებს, თუ გზრდის, თუ დასკვნებს გაკეთებინებს, თუ რაიმეს ცვლი შენს მოქმედებაში. ჩვენ ეს არასოდეს გამოგვდიოდა და ვგონებ, დღესაც ასეა. ერის პრობლემებს დღესაც ვაჩუმათებთ. ყველა საზღვარმა (და საზღვარი რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს), თავი რატომღაც რუსთაველზე მოიყარა და სამშობლოსთვის ბრძოლა, მეჩვენება, რომ კარგა ხანია დამთავრდა, რაც ჩვენი დიდი უბედურებაა, – თქვა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.