„მთავარია, ხმები არ გაყალბდეს, თორემ იმაზე დიდ ქაოსსა და დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ვიდრე შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ რაღაც ეტაპზე უკან დახევა ამჯობინა და პანდემიის პიკის გამო არჩევნების გადატანა მოითხოვა, თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია გაცხარებულ ფაზაშია. პარტიები ერთმანეთის მიყოლებით ასახელებენ ქალაქების მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატებს. ცხადია, ყველა მათგანის უკან მისი პირადი ისტორიაა, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ერთ-ერთი ასეთი ისტორია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, პარტია „ემსახურე საქართველოს“ თანადამფუძნებელმა მედეა ვასაძემ, რომელიც უკვე კარგა ხანია ავტორიტეტით სარგებლობს აჭარის პოლიტიკურ წრეებში. ის საუბრობს როგორც არჩევნებსა და მერობის კანდიდატებზე, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ბათუმის პრობლემებზე. გთავაზობთ ინტერვიუს მედეა ვასაძესთან.
-ქალბატონო მედეა, როგორ ახსნით ოპოზიციის მოთხოვნას თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, პირადად თქვენ რა აზრის ხართ?
– მე არ ვარ არჩევნების გადადების მომხრე. ცხადია, მინდა ვითარების დალაგება და დასტაბილურება, მაგრამ ისიც ხომ სათქმელია, რომ არავინ იცის, რა გველის მომავალში. სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. არჩევნების გადადება თავისთავად გულისხმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას. ამიტომ არ გახლავართ ამის მომხრე.
-თქვენ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიციას სურს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივოს?
-არა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვერ მოხდება ამომრჩევლების სრულად მობილიზება საარჩევნო უბნებზე. მოქმედებს და ალბათ, კიდევ უფრო გამკაცრდება შეზღუდვები. მასობრივი სახე მიიღო დავირუსებამ, არნახულ ციფრებს მიაღწია სიკვდილიანობამ. ხალხი დაშინებულია, მაგრამ მე მაინც მინდა ამ არჩევნების დროულად ჩატარება. ეს საქმე მოსათავებელია. როგორმე უნდა ჩავატაროთ გამართულად, ჯანსაღად, ყოველგვარი გართულების და გაყალბების გარეშე.
-ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა სულ სხვაგვარად შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია არ არის მზად, შეშინდა, რადგან არ აქვს საკუთარი თავის და ამომრჩევლის იმედი.
-მომზადება რას ნიშნავს? რისთვის უნდა მოვემზადოთ? მე, მედეა ვასაძეს, კარგად მიცნობენ თუ ცუდად, ამით არაფერი შეიცვლება და ვერანაირი მომზადება ამას ვერ უშველის. მე არსად ვიყრი კენჭს, მაგრამ ჩემი კანდიდატურა რომ იყოს დასახელებული, არა მგონია, რაიმე შემატება დასჭირდეს ჩემს გვარს და სახელს. ან მაძლევს ვიღაცა ხმას, ან არ მაძლევს. ამიტომ, არაფერ შუაშია მომზადება. გაერთიანებული ოპოზიციის ყველა კანდიდატი კარგად არის ცნობილი ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. საარჩევნო კომისიებიც თითქმის ჩამოყალიბებულია. ენმ-ს სტაბილური ამომრჩეველი და საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაყვანი მცოდნე, გამოცდილი წევრები ჰყავს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საკუთარი საქმე და არ დაუშვებენ გაყალბების არცერთ მცდელობას. ეს არის ათწლეულობით ამ სფეროში ნამუშევარი ხალხი. ყველა ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი ცნობილია ავტორიტეტით და განათლებით. ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ, რატომ უნდა შევშინებულიყავით, გაუგებარია. ამიტომ, ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, თუკი იგი იქ არ არის. უბრალოდ, დაიჯერეთ – რადგან არჩევნების გადადების მოთხოვნის მიზეზად მხოლოდ პანდემიას ასახელებენ, ასეც არის.
-კი, მაგრამ ოპოზიცია მხოლოდ „გაერთიანებული ოპოზიცია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არ ხართ?
-ჰო, ეს არ ვიცი, შესაძლოა, ამ გადავადებით სხვადასხვა პატარ-პატარა, ახალი პოლიტიკური პარტია მართლაც ცდილობს სახელის დამკვიდრებას, მაგრამ ეს იმდენად რთული და შრომატევადი საქმეა, ორი თვე არც ეყოფათ. ავტორიტეტის მოხვეჭას და ამომრჩევლის მოპოვებას წლები სჭირდება. ასე რომ, არჩევნების გადადება მათი პარტიების რეიტინგს ვერაფერს შემატებს და სათანადო რაოდენობის ხმებს ვერ მოუტანს.
-არც „ქართული ოცნება“ იყო დიდი ხნის პარტია, მაგრამ გახსოვთ, როგორ ერთპიროვნულად გაიმარჯვა, თქვენც ხომ მასთან ერთად იყავით?
-ეს სულ სხვა თემაა. ჯერ ერთი, გვერდით დაიყენეს გამოცდილი, ავტორიტეტული პოლიტიკოსები, პარტიები და თავად ივანიშვილის ფიგურა ხალხს ხიბლავდა ქველმოქმედებით და დიდი კაპიტალით. ახლა იგივე აღარ განმეორდება. საზოგადოება უკვე ძალიან გათვითცნობიერებულია, იცის, რაზე უნდა მოახდინოს რეაგირება. მთავარია, ხმები არ გაყალბდეს, თორემ გამოიწვევს იმაზე დიდ დესტაბილიზაციას, ვიდრე შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.
-ფიქრობთ, რომ გააყალბებენ?
-არ მგონია, ისევ გაბედონ. ისეთი ზეწოლა ჰქონდათ ამ კუთხით, რომ აღარც უღირთ. უკვე დაკომპლექტებულია საარჩევნო კომისიები როგორც სერტიფიცირებული წევრებით, ისე პარტიული დამკვირვებლებით, ანუ შეთანხმდნენ ცუდად თუ კარგად და ვერ ვხედავ თვითმმართველობის არჩევნების გადადების რეალურ მიზეზს.
– თქვენ სიტყვებზე – „გაყალბება გამოიწვევს უფრო მეტ დესტაბილიზაციას“ , უცებ გამიელვა -„რევოლუცია“ „ამბოხება“. . .
– იცით, რა, სიტყვები „რევოლუცია“ და „ამბოხება“კონსტიტუციურია და ამაში არაფერი საჩოთირო არ არის, მაგრამ არ მგონია საქმე აქამდე მივიდეს. თუკი გაყალბება დაამტკიცეს, იქნება საპროტესტო ტალღა და ხელისუფლებაზე ისეთი ზეწოლა, რომ მმართველი პარტია უმალ მიიღებს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას ანუ – გადადგება.
– ოპოზიციის საპროტესტო აქციები თუ შეხლა-შემოხლა, ხელისუფლებას ისეთ სერიოზულ ზეწოლად არასოდეს ჩაუთვლია, რომ გადადგომაზე ეფიქრა. ახლა რა შეიცვლება?
– ეს არ იქნება შიდა ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, დასავლეთის დიდი იმედი გვაქვს.
– მათზე დიდად არ უმოქმედია „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებაზე უარის თქმას. წაიშალა ის ყბადაღებული 43%-იანი ბარიერი. ღარიბაშვილი გვარწმუნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში არავითარი სხვა არჩევნები აღარ ჩატარდება.
-„ქართული ოცნების“ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებიდან გამოსვლა ნიშნავს, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებში დავბრუნდით და მას არ აქვს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სურვილი. ვფიქრობ, ეს განცხადება უკარნახა თავად ოპოზიციამ, როდესაც ამ არჩევნებს მისცა რეფერენდუმის შინაარსი, ანუ ხელისუფლებას არ სურს, ამომრჩევლების ამ მიმართულებით წახალისება, მაგრამ აქვე ისიც ვთქვათ, რომ შეთანხმებიდან ასე ცალმხრივად გასვლა, არ არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ 43%-იანი ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში, იქნება ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც დასავლეთიდან, ისე ოპოზიციის ამომრჩევლების მხრიდან, თუკი მთავრობა ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება.
-აჭარის უმაღლეს საბჭოში რა სიტუაციაა და რას აპირებს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ აიღებს ხმების სათანადო რაოდენობას?
– თავის დროზე დავაყენე ეს საკითხი, რადგან აჭარა არსად წერია მიშელის შეთანხმებაში. ერთ-ერთ სხდომაზე გავაჟღერე ეს დეტალი და მინდა გითხრათ, საკმაოდ ჯანსაღი პასუხი მივიღე თავმჯდომარისგან. არ ვიცი, იყო თუ არა ეს ფრაზა ყალბი. აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები საქართველოს დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მე მგონია, რომ თუკი ვადამდელი არჩევნები გადაწყდება, ამ პროცესს არც ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკა გამოეყოფა და მიიღებს მონაწილეობას აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით. არ მსურს, ამაზე სხვა განცხადების გაკეთება, რადგან მტკივნეული იქნება, თუკი სხვაგვარად გადაწყდება საქმე. თუმცა, ჯერჯერობით, არც მიშელის შეთანხმების შესრულებაზეა საუბარი. ასე რომ, აჭარის უმაღლეს საბჭოზე საუბარი ნაადრევია. ვიტყვი მოკლედ – აჭარაში განვითარდება ანალოგიური პოლიტიკური მოვლენები, რაც მთლიანად საქართველოში.
– გრიგოლ ვაშაძე აპირებს „მესამე ძალის“ პრეზენტაციაზე წარმოადგინოს ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზები, რაც გაცილებით მეტ ამომრჩეველს მოიზიდავს და ამით კონკურენციას გაუწევს ოპოზიციის ლიდერს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.“ რამდენად რეალურია მისი პროგნოზი, გაჰყვება მას ხალხი?
-ეჭვი მეპარება. მე ვმონაწილეობდი გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში და მასთან ერთად ლამის ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო. ადამიანი ისე წავიდა ჩვენგან, რომ არცერთს, მარტივი განმარტებაც არ მოგვცა. უბრალოდ, წასვლის მიზეზი ეთქვა, საქმის კურსში მაინც ჩავეყენებინეთ და მადლობა მაინც გადაეხადა თანამებრძოლებისთვის. არ მგონია, ასეთი ადამიანები რაიმე განსაკუთრებულ ღირებულებებს ქმნიდნენ. ახლა მოინაცვლა ადგილი და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შეეკრა. პიროვნულად, ძალიან კარგი ადამიანია გრიგოლი, მაგრამ მის ამ ბოლო საქციელს ვერაფრით ვხსნი. ვნახოთ, რას იზამენ და რა შედეგს დადებენ. არა მგონია, კონკურენცია გაუწიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
– თქვენ საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთეთ გახარიას მიერ წარდგენილ ბათუმის მერობის კანდიდატ ირაკლი მიქელაძესთან დაკავშირებით. ხომ ვერ დააკონკრეტებთ, რატომ?
– იცით, რა, ეს ახალგაზრდა ჩვენთანაც დაძვრებოდა, ოღონდაც რაიმე თანამდებობა მიეღო. მაპატიეთ, ირაკლი მიქელაძე ბათუმის მერობის კანდიდატი კია, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ გამოვძებნე. ალბათ, რაღაც მსგავსი აქვს გახარიასთან ნამოქმედარი. მისი საქციელი არც მაშინ, 2012 წელს, შევაფასეთ ჯასაღად და არც ახლა მოგვეწონა, როდესაც მოულოდნელად აღმოჩნდა მერობის კანდიდატი. პირველად ჩვენთან მოვიდა, როგორც აღმასრულებელი და გვთხოვა მიგვეღო, შემდეგ, შეშინდა, უშიშროების მანქანები ტრიალებს სახლთან და მეშინიაო. მართლაც კრიტიკული მომენტი იყო და აღარ გამოვეკიდეთ. როდესაც გავიმარჯვეთ, ისევ მოგვადგა, ამჯერად იუსტიციის სახლის დირექტორობა მოგვთხოვა. მაშინ მურმან დუმბაძემ უპასუხა, ჩვენ თანამდებობებს არ ვარიგებთო. წავიდა და გადავიდა უშვერ ლანძღვაზე. ისეთი საშინელი სტატუსები უდევს კონკრეტულად ჩვენი მისამართით, რომ შეუძლებელია განათლებული, კულტურული ახალგაზრდისგან მოდიოდეს ეს. კარგად ჩანს, რასაც წარმოადგენს. მასზე დამრჩა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება. ბათუმს ასეთი მერი კი არა, მერობის კანდიდატიც არ ეკადრება. ჩვენი ქალაქი საქართველოში მეორე პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქია და მას განსაკუთრებული სიყვარული, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
– რაკი მერობის კანდიდატებზე ჩამოვარდა სიტყვა, თქვენი კანდიდატი გიორგი კირთაძეც დაგვიხასიათეთ.
-გიორგის მანამდე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ უმაღლეს საბჭოში შესვლის დღიდან, ჩემი სიმპათია დაიმსახურა თავისი გამოსვლებით, კითხვებით, წინადადებებითა და შენიშვნებით. მეტყველების კულტურა დახვეწილი აქვს და მომწონს, როგორც დადებითი, შინაარსიანი და ბათუმსა და ბათუმელებზე შეყვარებული ახალგაზრდა. უმაღლეს საბჭოში პირველივე სხდომის შემდეგ აღვნიშნე, რომ გიორგი კვალიფიციური, გამოცდილი კადრია და წარმატებებს ვუსურვებ ამ ურთულეს ბრძოლაში.
– უხერხულია, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანიც რომ არ შევაფასოთ, იგი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატია.
– ჩიქოვანთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული შენიშვნები, როცა იგი მთავრობის აპარატში დაასაქმეს. რაც შეეხება მის, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებლის დახასიათებას, ეს დრო არ არის საკმარისი მისი საქმიანობის შეფასებისათვის. ისე, „ოცნების“ კანდიდატია და მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებასთან ასოცირდება, ამჟამინდელი თავმჯდომარის გადაწყვეტილებები კი პირადად ჩემზე, წინამორბედებთან შედარებით, პოზიტიურ განწყობას ტოვებს. მოდით, ასე ვთქვათ: თორნიკე რიჟვაძე ნდობას უცხადებს არჩილ ჩიქოვანს, დანარჩენს ბათუმელები გადაწყვეტენ.
– რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ბათუმი და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთვის?
-ამბობენ, რომ არასწორი ურბანული განვითარების საფრთხის წინაშე ვდგავართ. ახლა უკვე გამოაცხადეს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით კონკურსი, გამოავლინეს გამარჯვებული, რომელიც შეიმუშავებს გეგმას და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს მოაქცევს ჩარჩოში. „ჭაობში“ რაღაც კეთდება, მაგრამ უხარისხოდ, წელიწადნახევარში იშლება და ფუჭდება ყველაფერი. ახლა ქალაქის მეორე ცენტრად ყალიბდება ჯავახიშვილის ქუჩის მხარე. კი, ბატონო, გადაინაცვლონ იქით, აშენონ მაღლივი კორპუსები, მაგრამ ცენტრი დატოვონ ხელშეუხებლად, ის ძველი ბათუმური ხიბლი დააბრუნონ, რომელიც მუდამ გამოგვარჩევდა და გვათბობდა ბათუმელებს.