დაზარალებულ ოჯახს – პირველი დახმარება
ოთარ ცინარიძე 27 48 94 –
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძარმა რეზო თურმანიძის საცხოვრებელი სახლი შეიწირა. სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ადგილობრივები, თავდაპირველად, მობინადრეებისა და პირუტყვის გადარჩენას შეეცადნენ. სტიქიამ საცხოვრებელ სახლსა და სხვა ქონებასთან ერთად შინაური ფრინველებიც შეიწირა.
შეტყობინებიდან უმოკლეს დროში შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო. ადგილობრივებისა და მაშველების ოპერატიული მოქმედებით ახლომდებარე ნევრიზ თურმანიძის სახლი დაწვას გადაურჩა.
შემთხვევის ადგილზე იყვნენ შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მათ საცხოვრისის გარეშე დარჩენილ ხუთ წევრს დროებითი ბინა მუჩინეს.
– დაზარალებული ოჯახის 5 წევრიდან სამი შშმ პირია. მათ ჩვენი და რეგიონის ხელმძღვანელობის თანადგომა არ მოაკლდებათ. უკვე პირველი დახმარებაც გავუწიეთ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ დავითაძემ ნაქირავებ ბინაში მყოფ დაზარალებულებს სასურსათო პროდუქტები მიუტანა. ბინის ქირის ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. გარდა ამისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ახალი საცხოვრისის მოსაწყობად მათ თანხებს გამოუყოფს, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ.
სტიქიით დაზარალებულ ოჯახს სასურსათო პაკეტი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით შუახევის მუფთმა ასლან შარაშიძემაც გადასცა.