ვის რა შანსი აქვს არჩევნებში?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
მმართველი გუნდი არჩევნებში დამაჯერებლ გამარჯვებას აანონსებს და ოპოზიციას მარტივ მამრავლებად დაშლას უწინასწარმეტყველებს. თავის მხრივ ოპოზიცია ხელისუფლების სამომავლო კრახზე საუბრობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში დარწმუნებულია. გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია, რამაც პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესო გახადა, ხოლო სააკაშვილმა კვლავ დააანონსა არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლა, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხშირად კითხულობენ, ვის რა შანსი აქვს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში, ორპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი არჩევნები გველოდება, სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადება (საარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით) ვის წისქვილზე დაასხამს წყალს? რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რომელი პარტია ხმების რამდენ პროცენტს აიღებს არჩევნებში, რადგან მიუმხრობელი ამომრჩეველი ახალ ძალაზე ამყარებს იმედს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვები ზემოთქმულს ცხადყოფს, თუმცა შესაძლოა, სურათი შეიცვალოს და არჩევნები კვლავ ორპოლუსიანი იყოს. სწორედ ამგვარ მოსაზრებას ავითარებენ ოპოზიციის ნაწილი და ექსპერტები.
როგორც ცნობილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა ქართულმა მართლმსაჯულებამ და განაჩენიც გამოუტანა. სააკაშვილის და მისი მომხრეების თქმით, ზემოაღნიშნული განაჩენი პოლიტიზირებული და უკანონოა. ასეა თუ ისეა, ერთი რამ ცხადია, მისი ჩამოსვლა ქვეყანაში და მით უფრო დაპატიმრება გარკვეულწილად, დაძაბავს ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, დაყოფს საზოგადოებას ჯგუფებად. ეს ხომ კარგად უნდა ესმოდეს ყოფილ პრეზიდენტსაც და მის პარტიასაც?! მაშ, რაშია საქმე? ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა მის ელექტორატს არ გაზრდის, პირიქით შესაძლოა, შუაშისტებმა არჩევანი კლავ მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთონ. სწორედ ასე მოხდა 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მაშინაც აანონსებდა ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ არ ჩამოვიდა. 2016 წელს სააკაშვილის ეს დაპირება არ შესრულდა, სამაგიეროდ, “ნაცმოძრაობა” ორ ნაწილალ დაიშალა, ანალოგიური რამ მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. . . ” მეორე ტურში სააკაშვილს რომ არ ეაქტიურა და ხალხი არ დაეფრთხო, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებდით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, სააკაშვილი, სამწუხაროდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ცდილობს, არჩევნები კვლავ ორპოლუსიანი დარჩეს. პარლამენტარი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა ქვეყანაში და მისი დაპირება დაპირებად დარჩება. დავუშვათ, ჩამოვიდა იგი საქართველოში. ხელისუფლება დააპატიმრებს მას, ამას კანონი ავალდებულებს. როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, სააკაშვილის დაპატიმრება ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, ამას ხელს ვერც ოპოზიცია შეუშლის და თუ სააკაშვილს სურს, წამებულის მანტიით შეიმკოს, მაშინ უნდა ჩაჯდეს ციხეში, მაგრამ საკითხავია, მზად არის თუ არა იგი ამისთვის? სვამს შეკითხვას აღნიშნული ექსპერტი. ამას დრო გვაჩვენებს, თავად სააკაშვილი კი ამბობს, რომ ის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არ ემზადება, უბრალოდ, სურს ახალი სახეების მოზიდვა პოლიტიკაში, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება არა მარტო მმართველ გუნდს, არამედ ოპოზიციის ნაწილსაც. “თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, რეპრესიები არ აგვცდება. . .” , – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. ამ უკანასკნელს შალვა ნათელაშვილი სუსის აგენტად მოიხსენიებს. რაკიღა პირველი ლეიბორისტი ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ იგი სააკაშვილის ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯობდა სააკაშვილს თავის დროზე არ დაეტოვებინა ქვეყანა და გაეგრძელებინა პოლიტიკური მოღვაწეობა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩამჯდარიყო ციხეში, რაც ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. . . მაგრამ მაშინ მან სხვა გზა აირჩია. ახლა, როგორც სააკაშვილი ამბობს, მზად არის აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში. . . რატომ ახლა? თავიდათავი ის არის, რომ, ექსპერტების თქმით, ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად “ნაცმოძრაობის” რეიტინგი დიდად არ გაზრდილა. ის დაახლოებით 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა ჰორიზონტზე გამოჩნდა, გარკვეულწილად, მესამე ძალა (გახრიას პარტია), რომელიც ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს მმართველ ძალას და ” ნაცმოძრაობას”, დაასრულოს ორპოლუსიანობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აშკარად აფერხებს. თუ ამ არჩევნებში ორპოლუსიანობა მართლაც შეწყდება, მაშინ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში ამ მესამე ძალამ პრტენზია უკვე არა მარტო მეორე ძალაზე, არამედ პირველზეც განაცხადოს, რაც არც “ოცნებისთვის” და არც “ნაცმოძრაობისთვის” იქნება სახარბიელო. ამიტომ ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი ცდილობს, ქვეყანაში ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, რათა მისმა პარტიამ აქტუალობა, არჩევნებში გარანტირებულად მეორე ადგილი არ დაკარგოს. სხვათა შორის, ექსპრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ თუ მას დააპატიმრებენ, ქართველი ხალხი დაიხსნის. გია ხუხაშვილის შეხედულებით, სააკაშვილი არაადეკვატურია, რაელურად ვერ ერკვევა ქვეყანაში არსებულ სიტუციაში და ამას რომ გააცნობიერებს, გვიანღა იქნება.
სააკაშვილის მომხრეებს დასავლეთის იმედი აქვთ. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთი აშკარად, ქვეყნის საქმეებში არ ჩაერევა. ის დაელოდება სასამართლოს ვერდიქტს და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, იქნება მათი შენიშვნები. იქ საერთოდ, არ მიესალმებიან ყოფილი პრეზიდენტების დაპატიმრებას, მაგრამ როგორც ვთქვით, აშკარად არ ჩაერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. სააკაშვილის იმედიც, რომ მას მოსახლეობა დაუჭერს მხარს, ექსპერტების მოსაზრებებით, საფუძველს მოკლებულია, რადგან ჯერ ერთი, მოსახლეობის უმეტესობა მას არ ემხრობა, მეორე – ხალხს არასტაბილურობა და გაურკვევლობა აშინებს. განვლილმა პერიოდმაც ცხადყო, რომ ოპოზიციას მიტინგებზე ხალხი მასობრივად ვერ გამოჰყავს. ამას მით უფრო ვღარ მოახერხებს, რადგან ამჟამად ოპოზიცია გაყოფილია. გარდა ამისა, სააკაშვილს მისი ყოფილი თანაგუნდელები (ბოკერია და სხვა), რბილად რომ ვთქვათ, დასანახად ვერ იტანენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, გარკვეულწილად, აწყობს სააკაშვილის ასეთი გააქტიურება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამით დარაზმავენ თავიანთ მომხრეებს, ასევე, მიუმხრობელ ამომრჩევლებს, რათა არჩევნი კვლავ მმართველ პარტიაზე გააკეთონ.
და მაინც, ვის რა შანსი აქვს არჩევნებში? ცხადია, მნიშვნელოვანია, რამდენად იაქტიურებს ამომრჩევლი. მოსახლეობის ინერტულობა ხელისუფლებისთვის იქნება ხელსაყრელი. განვლილი არჩევნები ამას ცხადყოფს. თუ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ვენდობით, გამარჯვებას მმართველი პარტია მოიპოვებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს გამარჯვება შთამბეჭდავი, ანუ მოახერხებს “ქართული ოცნება“ დათქმული 43 პროცენტის აღებას? მთავარი კითხვა სწორედ ეს არის. მეორე ადგილზე, გამოკითხვების თანახმად, “ნაცმოძრაობაა”, რომლის რეიტინგი 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, მესამე ადგილს გახარიას პარტია ( დაახლოებით 8-9 პროცენტით) იკავებს, თუმცა ყველაფერი საარჩევნოდ დაზუსტდება, თუ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ დარჩა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განვითარების გზა დემოკრატიულ ღირებულებებზე გადის. ჩვენმა ქვეყანამ უნდა შექმნას ევროპული ღირებულებების, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, უმთავრესად, სასამართლო ხელისუფლება. არსებულმა ხელისუფლებამ ყოველმხრივ შემდგარი ქვეყანა უნდა გადააბაროს მომავალ თაობას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც ისე მოწინავე სახელმწიფო ვართ. არსებობს რიგი ხარვეზები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. მოახლოებული არჩევნები ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს და იმედია, ეს პასუხები საქართველოსთვის არასახარბიელო არ აღმოჩნდება.