ოსტატი, რომელიც ნახელავში საკუთარ სულს აქსოვს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
განთიადის ვარსკვლავებივით შემორჩა ქართულ სოფელს მჭედელი, ხურო, დურგალი, ხეზე კვეთის, აკვნისა და ჯამ-ჭურჭლის ოსტატი. მაჭახლის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში თუ შეხვდებით ხისგან სუვენირების შემქმნელებს. უჩხითი, მილისი მაჭახლის ხეობის მომიჯნავე სოფლებია. აქაური ოსტატები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. მარჯვენაკურთხეულ ასაკოვანთა გვერდით მზესავით ახალგაზრდებმაც გამოანათეს. ერთ-ერთია სოფელ უჩხითის მკვიდრი რესან ჟოჟაძე. 30 წელს მიტანებულ, უკვე წარმატებულ ოსტატს კარგად აქვს ათვისებული ხეზე კვეთის, ჯამ-ჭურჭლის, სუვენირების დამზადების ხელობა.
ოჯახში ოთხი დედმამიშვილი გავიზარდეთ. მამა, ვლადიმერი, ბუღალტერი გახლდათ, დედა დიასახლისია. იგი აგარელი თებიძეების შთამომავალია. შვილებს მშობლების ყურადღება და თანადგომა არ გვაკლდა. ამ ასაკშიც კი მათ ამარა ვრჩები. სადილ-ვახშამს დედა მიმზადებს. უცოლშვილოს მივლის და მპატრონობს.
– 30 წლის და უცოლშვილო?
– ცხოვრებას მრავალი პრობლემა და ზიგზაგები ახლავს. უჩხითის საჯარო სკოლა დავამთავრე. I კლასში რომ შევედი, სასწავლო დაწესებულებას სულიკო ბასილაძე ხელმძღვანელობდა. სიმწიფის ატესტატი ქალბატონ გულნაზ ნინიძის ხელმოწერით მივიღე. ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი კატუშა არძენაძე მევედრებოდა, რომ მისი სპეციალობით უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გამეგრძელებინა. სხვათა შორის, გეოგრაფიაში ახლაც ტოლს არავის დავუდებ. კატუშა მასწავლებელი ამ დღეებში წუთისოფლიდან წავიდა. გული მწყდება, რომ მისი სურვილი ვერ შევასრულე. ის სწავლისკენ მომიწოდებდა, დედა კი ოჯახის შექმნისკენ.
– დასაწუნი სასიძო არ ხართ, რატომ აყოვნებთ დაოჯახებას?
– სატეხის, ეჩოსა და ხერხის ხმარება 12 წლისამ დავიწყე. 15 წლისა რომ გავხდი, ბაბუა ისკენდერ ჟოჟაძემ დაზგასთან მუშაობაც მასწავლა. ბაბუა არა მარტო სოფელში, არამედ მახუნცეთის თემში კარ-ფანჯრების დურგალი იყო. უჩხითში, მილისში, ხოხნაში, ზუნდაგაში ხისა და რკინა-ბეტონის სახლებს მის მიერ მოჩუქურთმებული კარები და ოსტატურად დამზადებული ფანჯრები ამშვენებს. ბაბუაც ჩამჩიჩინებდა, ოჯახს მოეკიდეო. სიკვდილის გარდა ადამიანისთვის ნაადრევად გაკეთებულ საქმეს არაფერი სჯობსო.
– ალბათ ვისაც ერთხელ თვალი დაადგით, გაგითხოვდათ?
– ასე ნამდვილად არ იყო. ადრეულ ასაკში ვფიქრობდი, რომ უმაღლესი განათლების გარეშე დარჩენილ, დაზგასთან მომუშავე ჭაბუკს გოგონები დამიწუნებდნენ. . . ახლა მე ვდგავარ არჩევანის წინაშე. სწორედ ეს მდგომარეობა გახდა ყველაზე დაუძლეველი. ალბათ ერთ დღესაც ბედი ჩამომიქროლებს და პირველ რიგში დედას გულს გავუხარებ.
– ქედელ გოგონებს არაფერი დაეწუნებათ. . .
– ოჯახის შექმნამდე ბევრი საფიქრალ-საზრუნავი მაქვს. წელს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩავერთე. 30 ათასი ლარის გრანტის მოპოვებაზე განაცხადი შევიტანე. ჩემმა პროექტმა პირველი ტური წარმატებით გაიარა. იმედია, მეორე და მესამე ტურსაც დავძლევ. თუ გრანტის მოპოვება მეღირსა, საამქროს თანამედროვე სტანდარტების დაზგა-დანადგარებით შევავსებ, ფართსაც მივუმატებ, ახლა 25 კვადრატული მეტრი უჭირავს. რამდენიმე დამხმარე ჭაბუკის აყვანასაც ვაპირებ. მაშინ ოჯახის რჩენა, შვილების მოვლა-პატრონობა აღარ გამიჭირდება.
– ქედაში პირველი ოსტატი ხართ, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიზანსწრაფულობა ადრეულ ასაკში დაუფასა. სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ 2020 წლის ნომინაციაში „ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში“ გამარჯვებულად გცნეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საპატიო დიპლომი და პრიზი საამქროში გადმოგცათ. რით დაიმსახურეთ ეს აღიარება?
– ამ დღემ 30 წლის ასაკში დამანახა, რომ საზოგადოება მხედავს და მაფასებს, ამ ქვეყანაში მეც მქონია საკუთარი ადგილი. სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ ჩემთვის და უჩხითელებისთვის უდიდესი ზეიმია. წელს პანდემიის გამო იგი არ გამართულა. ამ ზეიმს თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ყოველ წელს იხვეწებოდა და ახალ მიმართულებებს იძენდა. შარშან სხვადასხვა ნომინაციას დაუდეს სათავე. ჩემი ნაკეთობანი წინა ზეიმებზე მქონდა გამოფენილი. ფიქრადაც ვერ გავივლებდი, რომ ამ პანდემიის პირობებში კარს მომადგებოდნენ და ნაშრომს შემიფასებდნენ. ისე არაფერი ამშვენებს და ალამაზებს ადამიანს, როგორც შრომა. მრავალი ახალგაზრდის, თუნდაც ზოგიერთი თანარაიონელის მსგავსად, მეც შემეძლო 15 წელი (იქიდან ვითვლი, როცა დაზგასთან დამოუკიდებლად დავდექი) ზევით-ქვევით მეხეტიალა, სამუშაოს საძებნელად უცხოეთში წასვლაზე მეფიქრა, თავის რჩენის იოლი ფორმები გამომენახა. . . მაგრამ იქ ვარ, სადაც ქვეყანას, ოჯახს, საკუთარ თავს ვჭირდები. დამიფასდა კიდეც გაწეული შრომა.
– თავს ცნობილ ოსტატთა შორის ხედავთ?
– მერისელი ქემალ თურმანიძე, დანდალოელი ვასო ირემაძე, სხვა ცნობილი ოსტატები ჩემს ასაკში ასეთ აღიარებას არ ზიარებიან, თუმცა პირველი ხეზეკვეთილობის საერთაშორისო ოსტატადაა აღიარებული, ხოლო მეორემ ჭიბონის კეთების საკუთარი ვარიანტი დაგვიტოვა. თავმოწონება, ზედმეტსიტყვაობა არ მჩვევია, დამკვეთს მუდამ კეთილგანწყობით ვხვდები. მინდა, ნახელავთან ერთად მომხმარებელმა ჩემგან სითბო და სიყვარული წაიღოს. ადამიანის გულის მოგებას წლები სჭირდება, გულის მოკვლას – წამები. ჩემს დამზადებულ სამზარეულო ჭურჭელს, სამზარეულოს დაფებს, სუვენირებს, ჯამებსა და გობებს მეზობელი რესპუბლიკების მცხოვრებთა ოჯახებშიც ნახავთ. ამჟამად იტალიელი მომღერლის დაკვეთაზე ვმუშაობ. ვერც წარმოვიდგენდი თუ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტარი თეა წულუკიანი გობებს, სამზარეულო დაფებს შემიკვეთავდა. ოსტატმა ნახელავში საკუთარი სული თუ არ ჩააყოლე, ის ნახელავი არაა. არის ნაკეთობა, რომლის გამოკვეთას მთელ კვირას ვანდომებ.
– შესაბამისად თუ გინაზღაურდებათ შრომა?
– კარგი ხელოსანისთვის ფულით არ განისაზღვრება ყველაფერი. იმ ოჯახში, ოფისში თუ კვების ობიექტში შესვლა მიხარია, სადაც ჩემს ნახელავს საპატიო ადგილი აქვს მიჩნეული. კომპანია „კახური ტრადიციული მევენახეობის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ ქედელებს დიდი საქმე გაგვიკეთა – ღვინის ქარხანა და ხილის გადასამუშავებელი საწარმო „ნენა“ გაგვიხსნა. ღვინის ქარხნის მიმდებარედ არსებულ რესტორანში ჩემი ნაკეთობებიც ალამაზებს გარემოს. სათუთად ვინახავ იმ მადლობებს, რომლებიც მომხმარებლისგან მაქვს მიღებული.
– თეა წულუკიანს როგორ დაუკავშირდით?
– ინტერნეტით მქონდა გამოფენილი ჩემი ნახელავი. შეკვეთაც საზოგადოებრივი ქსელით მივიღე. ჩემი მომხმარებლები არიან ცნობილი მსახიობები, მწერლები, ღვთისმსახურებიც კი. ადამიანებმა ხის ჭურჭლის ფასი ოდითგანვე იცოდნენ და ძირძველ ტრადიციებს უბრუნდებიან.
– ხის მასალის მოპოვებას როგორ ახერხებთ?
– ზოგს თავად ვამზადებ, სამომხმარებლო ბილეთსაც ვიძენ. ყველა ხელს მიმართავს. ტერიტორია, სადაც მე ვსახლობ, ეწრიანქედის სახელითაა ცნობილი. აქ მარტო ეწერი (გვიმრა) არ ხარობს. შესაშური წაბლის, წიფლის ხეებიც არის. ხანდაზმული ხეები თოვლიან ზამთარს, ქარიშხალს ვეღარ უძლებენ და მათ მოპოვება-დამუშავებას არ მიკრძალავენ. საღი ხე არასოდეს მომიჭრია, არც არასოდეს ჩავიდენ ამას. ჩვენი სოფელი მაჭახლის ხეობის დაცულ ტერიტორიებს, მთავარანგელოზის ქედს ემიჯნება. ყოველ წელს მრავალ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს ვმასპინძლობთ. ისინი ჩემს ნახელავსაც ეტანებიან. შარშან ჩემმა ხის ჭაღმა ირანის დედაქალაქში ჩააღწია. ტყე თუ არ დავიცავით, აღარც სიმდიდრე შეგვრჩება და ვიზიტიორიც ზურგს შეგვაქცევს.
– ამბობენ, იუმორი, ქართული სუფრა თქვენი სტიქიაა.
– ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უბანში მოსასვლელი საავტომობილო გზის შეკეთებას შემპირდა. თქვენისთანა ხელოსანს ასეთი გზა არ ეკადრებაო. იმ დღეს სტუმრებს ერთი დარდი იუმორით შევაპარე: ჟოჟაძეები უჩხითში ცოტანი დავრჩით. აქედან წასულებმა გვარში „რ“ ჩაამატეს და ჟორჟაძეებად იწერებიან. იქნებ დარჩენილებს დაგვეხმაროთ, რომ ქედელებმა „რ“ გვარში თუ არა საუბარში მაინც გამოვიყენოთ-მეთქი. რაც შეეხება ქართულ სუფრას, ქედაში დაწურულ ცოლიკაურს და ჩხავერს, რა თქმა უნდა, ვაღმერთებ. სუფრას ჩემი ნაკვეთი ხის ჭურჭელში ჩასხმული ღვინით ვამკობ.