18 C ბათუმი
Monday 30th June 2025
სცენა მისთვის ის ადგილია, სადაც გული ყველაზე ხმამაღლა მღერის
By

სცენა მისთვის ის ადგილია, სადაც გული ყველაზე ხმამაღლა მღერის

 

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მომღერალი მარიამ კახიძეა. სცენა მისთვის არის ადგილი, სადაც საკუთარ თავთან, მუსიკასთან და მაყურებელთან სრულ ჰარმონიას პოულობს. როგორც თავად ამბობს, თეატრი მისთვის ბავშვობიდანვე მეორე სახლად იქცა. სწორედ ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში გაიზარდა როგორც არტისტი და დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. მარიამი თეატრის მრავალფეროვან დადგმებში მონაწილეობს, იქნება ეს მიუზიკლი, როკ-ოპერა თუ როკ-ენ როლის კონცერტი. იგი დღეს თავის შემოქმედებით გზაზე გვესაუბრება.

მარიამ, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური გზა, როდის მიხვდით, რომ სიმღერა თქვენი ცხოვრება იყო?

– მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დედა და დეიდა მიყვებიან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე თვის ვიყავი, როგორ ვშეშდებოდი, როცა დეიდა ინსტრუმენტთან ჯდებოდა და დაკვრას იწყებდა. თითქოს ჰანგს ვცნობდი. ბავშვობიდან კლასიკას მასმენინებდნენ. ვგიჟდებოდი ლუჩანო პავაროტიზე. დეიდა მიყვება, როცა 6 თვის ვიყავი, „Torna Surriento“-ს მიმღეროდა და ერთ-ერთი ფრაზა, მე დავასრულე, „ფამე კაპა“ ასე მითქვამს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა „პრინცესა ტურანდოტის“ რეპეტიციებზე დავდიოდი, ვმღეროდი მთელ რეპერტუარს. 4 წლის ასაკში, ახალგაზრდული თეატრის მოსამზადებელ ჯგუფში წამიყვანეს. ჩემს მუსიკალურ გზას კონკრეტული დასაწყისი არ აქვს, ის თითქოს დაბადებასთან ერთად დაიწყო. გავიზარდე ოჯახში, სადაც სიმღერა ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი იყო. ამიტომ, კითხვაზე – როდის დაიწყო ჩემი მუსიკალური გზა, ვერ გიპასუხებთ კონკრეტული თარიღით.

– გახსოვთ თქვენი პირველი სცენური გამოსვლა?

– პირველად 6 წლის ასაკში გავედი სცენაზე. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. მახსოვს, როგორ ვიდექი კულისებში, პატარა სხეული ერთდროულად როგორ შეიპყრო მღელვარებამ და აღტაცებამ. როცა სცენის განათება ჩემს სახეს შეეხო და დარბაზიდან პირველი მზერა ვიგრძენი, თითქოს ყველაფერი გაცისკროვნდა. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი აღფრთოვანებით, სიხარულით, ბავშვური სიამაყით. ის ემოცია არ იყო მხოლოდ ბედნიერება, ეს იყო ღრმა, გულში ჩამწვდომი განცდა იმისა, რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

– მიუზიკლებში, ოპერებსა და სხვადასხვა ჟანრის დადგმებში მონაწილეობთ, რომელ მათგანს გამოარჩევდით?

– ყველაზე გამორჩეული გამოცდილება იყო ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარულ როკოპერაში – „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ მონაწილეობა. ეს არა მხოლოდ მუსიკალურად შთამბეჭდავი, არამედ სულიერი გზაც იყო ემოციებით, ენერგიით და ღრმა შინაარსით სავსე. ეს არ არის სპექტაკლი, რომელიც უბრალოდ უნდა ნახოთ, მას უნდა მოუსმინოთ, იგრძნოთ, როგორ გიპყრობთ მელოდიის ძალა, ტექსტის სიმძაფრე და შინაგანი კონფლიქტების თეატრალური და მუსიკალური დინამიკა. როდესაც მასზე ვსაუბრობ, თითქოს ისევ სცენაზე ვდგავარ იმავე მუხტით, იმავე შთაგონებით, რაც პირველ წარმოდგენაზე მქონდა. სწორედ ეს როკოპერა არის ის, რასაც გამორჩეულად და სიყვარულით ვასახელებ ჩემს პროფესიულ გზაზე.

– რომელი როლი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

– მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი როლი შევასრულე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც ის პირველი გამოსვლაა, როცა 6 წლის ვიყავი. ეს არ იყო მთავარი როლი დიდ სცენაზე და არც სოლოპარტია. კონცერტზე ტრიოში ვმღეროდი, მაგრამ იმ მომენტს ვერასდროს დავივიწყებ. იმ პატარა გოგოს განცდები, მღელვარება, სიხარული დღესაც ცოცხალია ჩემში. სწორედ იმ წუთს მივხვდი, რას ნიშნავდა ყოფნა იმ სივრცეში, სადაც მუსიკა და გული ერთმანეთს ხვდება. შესაძლოა, გარედან ეს ყველაზე უბრალო როლი ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ის იყო დასაწყისი ნამდვილი, გულითადი და გარდამტეხი.

– რომელ ჟანრში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– უდავოდ, როკოპერაში. ეს ჟანრი ჩემთვის არა მხოლოდ მუსიკალური სტილია, არამედ შინაგანი მდგომარეობა, სადაც ემოცია, დრამატურგია და თავისუფლება ერთმანეთს ერწყმის. როკოპერაში თავს ყველაზე ბუნებრივად და ენერგიულად ვგრძნობ, აქ ვიპოვე ჩემი ხმა, სცენური ძალა და ის ინტენსივობა, რაც ჩემთვის, როგორც შემსრულებლისთვის, აუცილებელია.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ პროფესიულ გამოწვევად?

– ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევა იყო იმ შიშთან გამკლავება, რომელსაც ვეთაყვანები – სცენა. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე მსმენელის წინაშე გამოჩენა, მაგრამ პროფესიონალურ დონემდე ასვლა, როცა სცენა უკვე პასუხისმგებლობას, სტანდარტს და მაღალი მოლოდინების მართვას ნიშნავს, სხვა მასშტაბის განცდად იქცა. სწორედ ამასთან გამკლავება იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შინაგანი ბრძოლა, იმის გააზრება, რომ მზად ვარ, ღირსი ვარ, ვიდგე იქ, სადაც ვდგავარ. ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნია როკ-ოპერის ჟანრში მუშაობა. მისმა სირთულემ და ემოციურმა სიღრმემ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მაქსიმუმი მომთხოვა, მაგრამ ამავდროულად, სწორედ ამ პროცესში გავიზარდე ყველაზე მეტად. დღეს ამ გამოწვევებს მადლიერებით ვიხსენებ, რადგან ზუსტად მათ მომცეს სიმტკიცე და თავდაჯერებულობა.

– ყოფილა ისეთი სცენური დაბრკოლება ან მოულოდნელი მომენტი, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– ასეთი მომენტი სცენაზე მოხვედრილ ყველა ადამიანს აქვს და მეც, რა თქმა უნდა. ისევ ბავშვობაში დავბრუნდები, რადგან მაშინ გამოუცდელი ვიყავი და ყველაფერი მაშინებდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა სპექტაკლის მიმდინარეობისას მოხდა, როცა ტექნიკურმა ხარვეზმა მიკროფონის გათიშვა გამოიწვია ზუსტად ჩემი სოლო ნაწილის დროს. ეს იყო წამი, სადაც უნდა ამერჩია: ან გაჩერება ან როლში დარჩენა, სადაც ხმას ბუნებრივად, საკუთარი ძალით გამოვიყენებდი. ინსტინქტურად მეორე გზა ავირჩიე. ვმღეროდი მთელი ენერგიით, ვცდილობდი, არცერთი წამით პერსონაჟს არ დავცილებოდი. მაშინ განსაკუთრებულად ვიგრძენი სცენის პულსი, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველი შემსრულებლის შიგნით უნდა ცოცხლობდეს. როცა შიში ჩნდება, სისხარტე არის ის, რაც გიხსნის.

– სცენამდელ მღელვარებას როგორ უმკლავდებით, გაქვთ რაიმე რიტუალი?
სცენამდელი მღელვარება ჩემი თანმდევია და მჯერა, რომ ეს საჭიროცაა. მღელვარება მაფხიზლებს, მიბიძგებს, ვიყო იქ მთელი სხეულით, გულით და ენერგიით. დროის სვლასთან ერთად ვისწავლე, ამ მღელვარებას არ შევეწინააღმდეგო, პირიქით, მივიღო, როგორც ბუნებრივი ნაწილი. ყოველთვის ვცდილობ, გამოსვლამდე რამდენიმე წუთი სრულიად მარტო ვიყო. ჩუმად ვსუნთქავ, თვალებს ვხუჭავ და სიმშვიდის პატარა სივრცეს ვიქმნი საკუთარ თავში. ხანდახან რაღაც ფრაზებს ვიმეორებ შინაგანად, მოტივაციისთვის: „შენ შეგიძლია, უბრალოდ, ისუნთქე და გაიხსენე, რატომ დგახარ აქ“. ეს თითქოს ერთი პატარა შეთანხმებაა საკუთარ თავთან, რომელიც ძალას მაძლევს.

– შეუძლებელია არ ვახსენოთ ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ქორმაისტერი მანანა ჩაუშბა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი დისშვილი ხართ, როგორია მასთან მუშაობა ერთ გუნდში, გეხმარებათ ეს პროცესში თუ პირიქით…

– დეიდას რომ დედის სუნი ასდის, ჩემთვის ეს ფრაზა ყველაზე ზუსტია. მე ვარ მანანა ჩაუშბას დისშვილი და ეს არის ყველაზე დიდი სიამაყე ჩემს ცხოვრებაში. დეიდაჩემის პროფესიონალიზმი ძალიან ადრე გავაცნობიერე, ამაყად ვამბობდი, რომ ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მსოფლიოში პირველი ბავშვთა ოპერა შექმნა, რომელზეც ასევე მსოფლიო საუბრობდა, მინდოდა თავი მომეწონებინა მისთვის, რადგან მისი შექება დღემდე უდიდესი ჯილდოა ჩემთვის. ძალიან განსხვავებული კავშირი მაქვს მასთან, მაგრამ როდესაც სამსახურის კარს ვაღებ, ის ჩემთვის, პირველ რიგში, ხელმღვანელია და შემდეგ ოჯახის წევრი. ჩვენ შორის პირადი კავშირი არასოდეს გამხდარა უპირატესობის ან შეღავათის საფუძველი. პირიქით, ის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია და ეს ძალიან კარგია, რადგან შენ გვერდით პროფესიონალია, რომელიც შენს განვითარებაზე ზრუნავს გულწრფელად და უანგაროდ. მის გვერდით მუშაობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მისგან ვსწავლობ არა მხოლოდ სცენაზე დგომას, არამედ დისციპლინას, საქმის სიყვარულს და იმ ღირებულებებს, რომლებიც თეატრის ნამდვილ ოჯახად ქცევისთვის აუცილებელია.

– როგორ გამოყოფთ სცენაზე „ოჯახურ“ და პროფესიულ ურთიერთობებს, რთულია თუ არა მათი გამიჯვნა?

– ეს სავალდებულო ბალანსია, რომელიც თავიდან თითქოს რთული ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შენში ბუნებრივად ჩნდება. როცა სცენაზე დგახარ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ მხოლოდ პროფესიონალები იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახური კავშირი გაქვთ თუ არა. თეატრში ყველას ერთი მიზანი გვაქვს: შევქმნათ ხარისხიანი ნამუშევარი. შესაძლოა ემოციური ფონით ზოგჯერ ბუნებრივად შეერიოს პირადი განცდები, მაგრამ ჩვენ შორის იმხელა პროფესიული ეთიკა და პატივისცემა არსებობს, რომ ეს საზღვარი ყოველთვის დაცულია. ჩემი და დეიდაჩემის შემთხვევაში, თითქოს შეთანხმებულებიც კი ვართ უხმოდ. ოჯახური სითბო სამსახურს გარეთ რჩება, სცენაზე კი საქმიანი ურთიერთობაა წინა პლანზე. ეს გაცილებით მეტად მზრდის, როგორც არტისტს და როგორც ადამიანს.

– როგორი გავლენა მოახდინა თქვენს მუსიკალურ ზრდაზე დეიდის გვერდით ყოფნამ?

– ჩემი მუსიკალური გზა მანანა ჩაუშბას გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ის არ არის მხოლოდ ხელმღვანელი. ის არის ჩემი შთაგონება, სულიერი ძალა. მის გვერდით გაზრდა იყო უდიდესი საჩუქარი, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ძალას, მარწმუნებს ჩემს შესაძლებლობებში და მახსენებს, ვინ ვარ. ეს არის სიმღერით გადმოცემული სიყვარული, რომელიც ორივემ თანდათან ერთ ენად ვაქციეთ.

– როგორ ემზადებით ახალი დადგმისთვის?

– ახალი დადგმა თითოეული ჩვენგანისთვის ახალი თავგადასავალია. ყოველი რეპეტიცია არა მხოლოდ პროფესიული, არამედ შინაგანი განვითარებაა. მზადების პროცესი იწყება ჯერ შინაგანად: ვცდილობთ, გავიგოთ პერსონაჟის ემოციური ხაზი, მისი ფსიქოლოგია. ფიზიკურად ყოველდღიურ ვარჯიშს და ხმის გახურებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვოკალურად ყოველთვის ვიწყებთ სუნთქვის სავარჯიშოებით, სწორი სუნთქვა ჩვენი ხმაა. ხმას ისე უნდა მიუდგე, როგორც ინსტრუმენტს, რომელსაც ყოველდღიურად უვლი და აწყობ. სცენური მომზადება კი ერთდროულად მოითხოვს ტექნიკას, კონცენტრაციას და ემოციურ ჩართულობას. საბოლოო შედეგი მაყურებლამდე სწორედ ამ თავდადებით და ყოველდღიური რუტინის რწმენით მიდის.

სიმღერის გარდა, რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მუსიკალური თეატრის მსახიობი?

– მუსიკალური თეატრი მრავალმხრივი ხელოვნებაა და მის მსახიობს მხოლოდ კარგი ვოკალური მონაცემები არ ჰყოფნის. სიმღერის პარალელურად, აუცილებელია ძლიერი სამსახიობო უნარების ფლობა იმისთვის, რომ პერსონაჟი არა მხოლოდ იმღერო, არამედ გააცოცხლო და გულწრფელად გადასცე მაყურებელს. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პლასტიკა და სცენური მოძრაობა, რადგან სხეული ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა. მუსიკალური თეატრის მსახიობი უნდა ფლობდეს კოორდინაციას, ჰქონდეს კარგი რიტმის გრძნობა და სივრცეში თავისუფლად გადაადგილების უნარი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ფსიქოლოგიურ გამძლეობას და ემოციურ ინტელექტს ამ სფეროში. მუშაობა მოითხოვს სიღრმეს, სწრაფ ადაპტაციას და ჯგუფთან ჰარმონიულ თანამშრომლობას. საბოლოოდ, ეს პროფესია არის იმპულსების, ემოციების და ტექნიკის ერთიანი ნაკადი და როცა ყველა ეს კომპონენტი ერთიანდება, იქ იწყება ნამდვილი თეატრალური ჯადოსნობა.

როგორ გეხმარებათ დასის წევრების მხარდაჭერა განვითარებაში და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან სცენის მიღმა?

– დასის წევრებთან ურთიერთობა ჩემთვის მხოლოდ კოლეგიალობა არ არის. ეს არის სიღრმისეული, ცხოვრებისეული კავშირი, რომელიც ბავშვობიდან იწყება. მათ „თანამშრომლები“ რომ ვუწოდო, უხერხულია, ამაზე უცხო სიტყვა ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთმანეთის გულშემატკივრები. ეს სამაგალითო ერთობა მანანას დამსახურებაა. ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვერდში ვუდგავართ და ყოველთვის გვახარებს ერთმანეთის წარმატება.

ყველაზე მეტად რა გინდათ, რომ დაამახსოვრდეს მაყურებელს თქვენს გამოსვლებში?

– მაყურებელს ჩვენი გამოსვლებიდან მხოლოდ ხმა ან ტექნიკა კი არა, გრძნობა გვინდა დაამახსოვრდეს. ის ემოცია, რაც სცენაზე გაგვაქვს, ჩვენთვის უბრალოდ შესრულება არაა. ეს არის გულიდან წამოსული საუბარი. ვცდილობთ, ყოველი ნოტი, ყოველი მოძრაობა მივიტანოთ მსმენელამდე. ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, სცენიდან სიყვარული გავცეთ, გულწრფელობა და ის ენერგია, რასაც თავად ვგრძნობთ იმ მომენტში. თუკი მაყურებელი დარბაზიდან თუნდაც ერთი გრძნობით მდიდარი გამოვა, ჩვენი მისია შევასრულეთ.

– რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად ამ ეტაპზე?

– ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ეს სიყვარული სხვა ადამიანებამდე გულწრფელად მიმაქვს. ჩემთვის წარმატება მხოლოდ დიდი სცენები ან ტაში არ არის, წარმატებაა, როცა მაყურებლის თვალში ვხედავ, რომ იგრძნო ის, რაც ვიმღერე. ჩემი გზა გავიარე და გავდივარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ბავშვობიდან გვერდით მყავდა. ჩემი თეატრის სოლისტებთან ერთად, პიროვნულად და პროფესიულად ჩამოვყალიბდი. ყველაზე დიდ წარმატებად ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ერთობას ვთვლი, არასოდეს დაგვიკარგავს საკუთარი თავი ამ გზაზე. სწორედ ეს არის ჩემთვის ნამდვილი გამარჯვება.

თუ გაქვთ სამომავლო გეგმები სოლო კარიერის ან სხვა მუსიკალურ ჟანრებში მუშაობის მიმართულებით?

– სცენაზე ყოფნა ერთმნიშვნელოვნად, ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრს უკავშირდება, იმ სივრცეს, სადაც გავიზარდე და რომელმაც ჩამომაყალიბა. კარიერა სწორედ აქ დავიწყე და როცა დადგება ამ გზის დასრულების მომენტი, ვიცი, რომ ამ თეატრიდან წავალ. ეს შინაგანად უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. სანამ ვსუნთქავ, თავი ამ სფეროში ჩემი თეატრის გარეშე ვარ წარმომიდგენია. ის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის, ეს ჩემი ოჯახია, ფესვები, ჩემი ხმის დაბადების ადგილი.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *