19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
ქართული კლასიკური მუსიკის საღამო
By

ქართული კლასიკური მუსიკის საღამო

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა მთავარმა დირიჟორმა დავით მუქერიამ ბათუმელები და ქალაქის სტუმრები შესანიშნავ საღამოზე მიიწვია, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში, მსმენელით სავსე დარბაზში ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორი აჭარის კულტურის სამინისტრო გახლდათ.

კონცერტზე გაჟღერდა გენიალური ქართველი მუსიკოსების პოპულარული ნაწარმოებები, არაერთი შედევრი, ქართული ხელოვნების იშვიათი განძი. საღამოზე მოვისმინეთ, როგორც კლასიკური მუსიკა სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ასევე ქართული საესტრადო სიმღერები ბათუმელი სოლისტების შესრულებით. ფალიაშვილის, აზარაშვილის, ცაბაძის, დოლიძის, ლაღიძის, კვერნაძის, ყანჩელის, მილორავას და სხვათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები, რომელთაც დავიწყება არ უწერია, ნებისმიერ ქართველს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. იმ საღამოსაც ასე იყო – შესანიშნავმა მელოდიებმა სცენა და დარბაზი გააერთიანა.

ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია დირიჟორობდა, საღამოს კი

მომღერალი აჩიკო გოგიტიძე უძღვებოდა, რომელმაც სიმღერითაც მოხიბლა მსმენელი.

თითოეული სოლისტის გამოსვლას დარბაზი მხურვალე ტაშით ხვდებოდა. სცენაზე ვიხილეთ მომღერლები ხათუნა დონდუა, სოფო ხალვაში, ოთარ ნაკაშიძე, მორის მელაძე, თამთა ხუხუნაიშვილი.

დავით მუქერიამ სახელოვან ქართველ კომპოზიტორებთან ბიძინა კვერნაძესთან და ვაჟა აზარაშვილთან პირადი ურთიერთობები გაიხსენა.

– ამ საოცარ ადამიანებთან ურთიერთობა მასტერკლასი, უფრო მეტიც, ზეიმი იყო. ისინი ძალიან უბრალოები იყვნენ. მათთან ერთად ხალხმრავალ ადგილზე ხშირად ვყოფილვარ და უნდა გენახათ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, ხალხი მოკრძალებით ფეხზე დგებოდა… ბიძინა კვერნაძეს უდიდეს შემოქმედებასთან ერთად, შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნდა. ამის შესახებ შეიძლება წიგნი დაიწეროს. ერთხელ ბატონმა ბიძინამ მამას დაურეკა და ჰკითხა, როგორ ხარო? მამაჩემმა უპასუხა: სახსრები მაწუხებსო. მე – უსახსრობაო,- უთქვამს საპასუხოდ ბიძინას, – გაიხსენა ბატონმა დავითმა.

დარბაზი გამორჩეულად მოეფერა თავად ბატონ დავით მუქერიას (მას გასულ წელს საიუბილეო თარიღი – 70 წელი შეუსრულდა), რომელიც 1987 წლიდან ჩვენს სიმფონიურ ორკესტრში მოღვაწეობს. საზოგადოება მას დიდი სიყვარულით მიესალმა.

შესანიშნავი იყო ყველა სოლისტის მიერ ერთად შესრულებული „თბილისო“, ბოლოს კი ეს არაჩვეულებრივი საღამო ბათუმზე სიმღერით დასრულდა, რომელსაც მთელი დარბაზი მღეროდა.

– დღეს პოპულარული ქართული კლასიკური მუსიკის ნამდვილი ზეიმი იყო. საოცარი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა ბრწყინვალე ორკესტრისა და ძალიან კარგი სოლისტების მიერ. კლასიკურ მუსიკას ყოველთვის გამორჩეული მსმენელი ჰყავს. დღეს აქ ყველა გაერთიანდა, ემოციაზე ეტყობოდათ, რომ ძალიან მოეწონათ. ხელოვანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც გრძნობს, რომ მისი ჩანაფიქრი მაყურებლამდე მივიდა, – აღნიშნა აჩიკო გოგიტიძემ.

– ბათუმი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის დედაქალაქი იქნება. მადლობა საქართველოს კულტურის მინისტრს, რომ ჩვენი ქალაქი შეარჩია. ეს კონცერტიც ამ ეგიდით გაიმართა და სასიხარულოა, რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო, სათანადოდაც შეაფასა. ასეთი საღამოები კვლავაც გაგრძელდება, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *