აბიტურიენტებისთვის არჩევანის თავისუფლება შენარჩუნდება – ახალი მოდელი, ახალი წესები
განათლების სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის პროგრამების არჩევის შეზღუდვის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომავალი წლიდანაც შენარჩუნდება მრავალპროგრამიანი ჩამონათვალის არჩევის შესაძლებლობა.
„აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კითხვები გაჟღერდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, სადაც მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პირველი პაკეტი წარადგინა. პარლამენტი ამ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
გაბისონიას თქმით, მოქმედი სისტემა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები ერთზე მეტ უნივერსიტეტს ირჩევენ, ხშირად იწვევს ხარისხის შემცირებას: „დღეს არსებული მოდელის მიხედვით, სტუდენტს აქვს ოფცია რამდენიმე უნივერსიტეტის მოხაზვის. თუ პირველში ვერ მოხვდა, მოხვდება მეორეში, მესამეში, მეოთხეში, და რეალურად, ამით ხარისხი ვარდება“.
მისივე განმარტებით, განახლებული მიდგომა ამ პრობლემას აღარ დაუშვებს: „ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება – მთავარი ამოცანაა, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ. ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა ხარისხის გაზრდა“.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრო მოკლე ვადაში დაინახავს შედეგს:
„წინასწარ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მოკლე პერიოდში გვექნება პირველადი შედეგები, რადგან პროგრამებში მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები“.
გაბისონიამ ასევე დეტალურად განმარტა რეფორმის შინაარსი და მასშტაბი: „საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულია უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა და ეს გახლავთ პირველი პაკეტი. კონცეფცია მიზნად ისახავს შვიდი გამოწვევის დაძლევას და შესაბამისად, ცვლილებები ნაწილებად არის დაყოფილი“.
საქართველოს განათლების სამინისტროს განმარტებით, რეფორმის ძირითადი ცვლილებები მოიცავს:
საგანმანათლებლო დაფინანსების მოდელის შეცვლას – უქმდება არსებული საგრანტო სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან.
„გაუქმებული იქნება ე.წ. 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი საგრანტო სისტემა… კერძო უნივერსიტეტებსაც მოეხსნება საგრანტო დაფინანსება“.
მიმდინარე სტუდენტების დაცვის მექანიზმს – 2025 წლამდე ჩარიცხულები ძველ დაფინანსების წესს შეინარჩუნებენ.
„დღევანდელ პირველკურსელებს დაფინანსების ნაწილში არ ვეხებით“.
სასწავლო საფეხურების გადახედვას – ბაკალავრიატის მოდელი ხდება სამწლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1+1 სისტემით.
„ერთწლიანი სწავლების შემდეგ, სტუდენტს ექნება საშუალება, მიიღოს მაგისტრატურის დიპლომი… ხოლო დამატებითი კრედიტებით შეძლებს დოქტორანტურაში გაგრძელებას“.
პროგრამების ოპტიმიზაციასა და კვოტირების დანერგვას -უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ, რამდენი და რომელი პროგრამების შეთავაზება შეეძლებათ.
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ ერთსა და იმავე პროგრამას რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ ქალაქში ვეღარ განახორციელებს“.
კვოტები დარგობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრება:
„ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, განვსაზღვრავთ პროფესიების საჭიროებას და სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოცხადდება შესაბამისი კვოტები“.
ბოლო ცვლილება ეხება ონლაინ-უნივერსიტეტების სტანდარტების შექმნას, რომლის ვადაც გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე, რადგან მას როგორც უწყებაში განმარტავენ, დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატის საფეხურთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება. მისივე განმარტებით, შესაბამის ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.
„უმაღლესი განათლების მიმართულებით, სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის დონეებზე“,- განაცხადა გაბისონიამ.