აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ხელმძღვანელობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აირჩიონ.
აღნიშნული სიახლე გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე შეეძლებათ. ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება იმ საგნის ჩაბარება, რომელიც კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად, თუ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკას აბარებს, მას შეუძლია აირჩიოს ის პროფესიული პროგრამა, რომლის წინაპირობაც სწორედ მათემატიკის გამოცდაა. დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის ცნობარში გამოქვეყნდება, რომელიც აპრილის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შეთავაზებული პროფესიული პროგრამები მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა სფეროები. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს და პროცესში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ამასთან, პროფესიულ პროგრამებზე მიღება ტრადიციულად კვლავ ორჯერ გამოცხადდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.