
აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქართველი მეომრები კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბათუმში. ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საკრებულოს, მერიის წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული მეომრების ხსოვნას,
შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, დირექტორის პირველმა მოადგილე მალხაზ გოგიტიძემ და დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
*
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლი, საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია, მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისი სახელი.
აგვისტოს ომის გმირების მეორიალი უვავილებით შეამკეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობამ და სტუდენტებმა.