ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სამოქმედო პროგრამას გვიზიარებს
ჯემალ ივანაძე პროფესიით პედაგოგია. წლების განმავლობაში შუახევის რაიონის ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექტორი იყო, 2017-2021 წლებში – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. შარშან უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად დაინიშნა. ჯემალ ივანაძე ჩვენი სტუმარია.
– ბატონო ჯემალ, ცხოვრების დიდი და შინაარსიანი გზა გამოიარეთ…
– მამა სიმონ ივანაძე ცნობილი პიროვნება იყო, საზოგადოება მეგობრებსა და მეზობლებზე მზრუნველ ადამიანად იცნობდა. საქართველოს ფარგლებს გარეთაც მრავალი მეგობარი ჰყავდა. ანდერძად ადამიანებისადმი თანადგომა დამიტოვა. მაქსიმალურად ვცდილობ, მისი დანაბარების ერთგული ვიყო. უფალი გზას მინათებს, დღემდე კეთილსინდისიერი შრომითა და ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით მოვდივარ. ყველაზე დიდ შენაძენად მოსწავლეებთან ურთიერთობებს მივიჩნევ. მასწავლებლობა, ხელმძღვანელად მუშაობა საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს, როცა ისეთი წინამორბედები მყავდა, როგორებიც იყვნენ შადიმან, დიმიტრი უსტიაშვილები, ნოდარ თავდგირიძე, ნოდარ ზოსიძე. წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან ჯაბნიძეებში საშუალო სკოლა გვაქვს. მრავალ ახალგაზრდას დავულოცეთ ცხოვრების გზა, რომლებიც დღეს წარმატებული მეცნიერები, მწერლები, სახელმწიფო მოხელეები, ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების სპეციალისტები არიან, მათ შორის ჩემი შვილიცაა. ის მათემატიკოსია. საჯარო სამსახურში გადასვლის მიუხედავად, სკოლასთან, აღსაზრდელებთან ურთიერთობა ვერ მივატოვე, ისევ უცხო ენის მასწავლებლად ვრჩები.
– განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებიც შეგვიფასეთ.
– რაც დროსა და საჭიროებებზე მორგებულად კეთდება, ყველაფერი კარგია. სასკოლო რეფორმის თაობაზე, თუ შესაძლებლობა მექნება, დებატებშიც ჩავერთვები. ეს რეფორმები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. მარტო ის რად ღირს, რომ სკოლაში მოსწავლე ფორმით ივლის. ყველაზე მეტად, მასწავლებლები და მოსწავლეებიც, სახელმძღვანელოების არასტაბილურობით ვიყავით გაწვალებულნი. ერთიანი სახელმძღვანელოების დაკანონება იმ ავტორებსაც ჩამოგვაცილებს, რომლებიც „ჩაწყობით“ თუ სხვა გზებით, საკუთარ წიგნებს თავს გვახვევდნენ. აჭარის მკვიდრთ უნდა გვიხაროდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტებისა და სპეციალობების შენარჩუნება, რეგიონის მომავალზე რომ არის გათვლილი. დიდი ნაბიჯი გადაიდგმება, როცა მომავალი სპეციალისტების მომზადება ქვეყნის მოთხოვნის მიხედვით მოხდება. ძველის ახლით ჩანაცვლებას მივესალმები, მაგრამ რაც კარგია, ის უნდა დავიტოვოთ. მე ვუერთდები მრავალი პედაგოგის, თუნდაც სკოლების დირექტორების აზრს, რომ სკოლის წოდება საჯარო ისევ საშუალოთი ჩანაცვლდეს. დიდი ტრადიციების ერს არ გვეკადრება იმ ტიპის სკოლები გვქონდეს, რომელიც თავს მოგვახვიეს.
– ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პასუხისმგებლობა მოგემატათ. შვიდი სოფლის მოსახლეობას რას ჰპირდებით?
– პირველ რიგში, მშვიდობიან შრომას და იმ დიდი საქმეების გაგრძელებას, რაც მომავალ ათწლეულში იგეგმება და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი. ის წლები კარგად მახსოვს, როცა შუახევის რაიონის ბიუჯეტი 200 ათასი ლარიც არ იყო, ახლა – 33 მილიონ ლარს აღემატება. სოფლები ჩაბნელებული იყო, მოსახლეობას საარსებო მინიმუმიც არ ჰქონდა. დღეს ჯაბნიძეებში, გოგაძეებში, ტბეთში, სამოლეთში, წაბლანაში, ლაკლაკეთსა და ცინარეთში თითო-ოროლა ოჯახია, რომლებსაც საკუთრებაში ტრანსპორტი არ ჰყავს. ყველა სოფელში ასფალტ-ბეტონისსაფარიანი გზები გვაქვს, ნორმალურია 6 საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უკვე დაწყებულია მოძრაობა მთა ღომას კურორტად გამოცხადებისთვის. ეს პრიორიტეტი ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება. თემის ტერიტორიაზე გვაქვს ცინარეთის ისტორიული ციხე, ჯაბნიძეების (კომაკეთის), წაბლანის (ნათლისმცემლის) ნაეკლესიარები. ზაქარია ჭიჭინაძეს თუ ვერწმუნებით, ეკლესიების ნაშთები უნდა იყოს ცინარეთში, ტბეთში. შესაბამის უწყებებთან ერთად მომიწევს მუშაობა, რომ ამ სოფლებშიც არქეოლოგიური ძიებები დავიწყოთ. ჩვენ უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები მდიდარი ისტორიული წარსულითა და მშვენიერი ბუნებით უნდა მოვიზიდოთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად გავაგრძელებთ რიკიხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის კეთილმოწყობას. თემის ტერიტორიაზე რამდენიმე სამკურნალო წყალია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა აბანოების სახით იცნობს. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ მათი შესწავლა და დავიწყოთ ამ წყლების ბაზაზე სანატორიუმების მოწყობა. წინაპრების გადმოცემით, გოგაძეების მიმდებარედ ძვალ-სახსრების სამკურნალო წყალი ყოფილა. მისი პოვნა 21-ე საუკუნეში არ უნდა გაგვიჭირდეს.
– სტიქია კვლავ გიტევთ, მის სალიკვიდაციოდ რას აპირებთ?
– 4 წლის განმავლობაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, რამაც ყველა პრობლემაში უკეთ წვდომის შესაძლებლობა მომცა. ჯაბნიძეებსა და ცინარეთში მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა, სოფლები გვიცარიელდება. ქვეყნის, რეგიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, რაც მისასალმებელია, მაგრამ სოფლების დაცარიელება მტკივნეულია. 7-ივე სოფელს ათასწლეულების ისტორია აქვს, ისტორია კი გაგრძელებას ითხოვს. სამწუხაროა, რომ ზეკარის უბანში აღარავინ დარჩა, დაცარიელდა გორა და ოკისიც. შუახევის მერიას 25 სოციალური პროგრამა აქვს, რომლის სიკეთით უჩამბის თემის მცხოვრებლებიც სარგებლობენ. რამდენიმე ოჯახმა „ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების“ პროგრამით ისარგებლა, ნორმალური საცხოვრისი გაიჩინა, მაგრამ სოფელი მაინც მიატოვა. მათ სხვაგან გადასვლას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ სოფლის ხელაღებით მიტოვებაც მართებულად ვერ ჩაითვლება. მეწყერი რომ გახშირდა, ისიც მოვიკითხოთ, რა დამოკიდებულებას ვიჩენდით ბუნებრივი რესურსებისადმი. უმოწყალოდ გაიჩეხა ის ტყეები, რომლებიც თაობებმა ჩვენამდე მოიტანა.
– „მთის კანონი“ რამდენად წაადგა აჭარის მთიანეთის სოფლებს?
– უჩამბის თემის სოფლებიდან მრავალი სტუდენტი სწავლობს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში. მახსენდება საქართველოს პარლამენტის რეგიონული კომიტეტის გამსვლელი სხდომა შუახევში, როცა დაისვა საკითხი, რომ მთის რეგიონების მკვიდრ სტუდენტებს არ შეუჩერდეთ „მთის კანონით“ სარგებლობის სტატუსი, რაც დღემდე მოუგვარებელია. მე ვიცნობ სტუდენტურ ოჯახებს, რომლებსაც შვილებიც ჰყავთ, მაგრამ რიგ სიკეთეებს მოკლებულნი არიან. პენსიონერები „მთის კანონს“ იყენებენ, ახალგაზრდებსაც უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. მთის სოფლები ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს საჭიროებს, მით უმეტეს მაშინ, როცა მოქმედებაშია კანონი მიგრაციის შესახებ და მაქსიმალურად იზღუდება უცხოელების არაკანონიერი გზებით ქვეყანაში შემოსვლა და საქმიანობა.
– „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ რას გვეტყვით?
– მე ამ პროგრამას მოსახლეობისა და ხელისუფლების კეთილი ურთიერთობების ნიმუშად მივიჩნევ. მარტო ის რად ღირს, რომ ყველაფერი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად კეთდება. ამ პროგრამით მობილიზებული თანხებით სოფლებში გარე განათებები მოეწყო. იქ, სადაც ღამით სინათლეა, სიცოცხლეცაა. შეკეთდა საუბნო გზები, წყალსადენების სათავე ნაგებობები, აშენდა მოსაცდელები. მალე მეკომურთა კრებები დაიწყება, რაშიც მაქსიმალურად ჩავერთვები.
– 2024 წელს წამოიწყეთ სოფლის ზეიმი „ჯაბნიძეები ეფერება ქაშვეთს“…
– მაშინ კარგი საქმე გაკეთდა და მას გაგრძელება ექნება. იგი მშობლიურისადმი პატივისცემის ნიშნად იმართება.
ოთარ ცინარიძე