ავტოკეფალიის აღდგენა, როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლო – პრეზიდენტის განცხადება
By

ავტოკეფალიის აღდგენა, როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლო – პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II გარეშე ვხვდებით.
1917 წლის 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.
გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“, – წერს ყაველაშვილი.

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *