ათასობით მიუსაფარი ცხოველი ვეტერინარული მომსახურების შემდეგ, ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა
By

ათასობით მიუსაფარი ცხოველი ვეტერინარული მომსახურების შემდეგ, ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა შედეგიანად მიმდინარეობს.  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული პროცედურების დასრულების შემდეგ, ბუნებრივ არეალში უკვე 5 284 ცხოველი დაბრუნდა.

პროექტი მოიცავს აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს. აქედან თავშესაფრებში სულ 5 396 ცხოველი იქნა გადაყვანილი, მათგან 5 284 ცხოველი უკვე დაბრუნებულია ბუნებრივ გარემოში, ხოლო 112 ცხოველი კლინიკურ დაკვირვებასა და მანიპულაციებს გადის და ეტაპობრივად დაბრუნდება.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ყველა ცხოველს ჩაუტარდა აუცილებელი სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და საყურე ნიშნების დადება (5 368 ცხოველს, მათ შორის 28-ს უკვე ჰქონდა სხვა ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ნიშანი), სტერილიზაცია/კასტრაცია – 5 284 ცხოველს.

პროგრამა მიზნად ისახავს ქუჩის ძაღლებისა და კატების რაოდენობის სამეცნიერო მეთოდებით მართვას, დაავადებების პრევენციას, ცხოველთა ჯანმრთელობის უკეთ კონტროლს და პარალელურად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება და პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის განახლებული მონაცემები მუდმივად მიეწოდება საზოგადოებას.

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *