აკაკი გვიანიძე: ჩვენ არ ვეძებთ უაზრო გმირობის შარავანდედს
By

აკაკი გვიანიძე: ჩვენ არ ვეძებთ უაზრო გმირობის შარავანდედს

ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმა აქვს – ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებენ, არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა, მონაწილეობისთვის ემზადებიან.

ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის საკრებულოს წევრთან, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ აკაკი გვიანიძესთან.

– რომელ ფლანგს ექნება მეტი მხარდაჭერა – არჩევნებში ჩართვის მსურველებს თუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფებს?

– რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, წინასაარჩევნო კამპანია გახურდება და გაიზრდება ამ პროცესში ჩართვის მსურველთა რიცხვი, რომელიც არც ახლაა ცოტა. ამას აჩვენებს ჩატარებული კვლევებიც. აქვე მინდა, ერთმანეთისგან გავმიჯნო აგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები, რადგან ერთმანეთთან არანაირი ბმა არ აქვთ, ამიტომ არ ამართლებს არგუმენტი, თითქოს ამ არჩევნებით ვახდენთ მთავრობის ლეგიტიმაციას. ახლანდელ, 4 ოქტომბრის არჩევნებს და 2024 წლის უკვე გაყალბებულ არჩევნებს შორის კავშირი არ არსებობს. ვერანაირად ვერ მოხდება იმის ლეგიტიმაცია, რაც უკვე გაფუჭდა და გაყალბებულად აღიარეს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ეროვნულ დონეზე.

– ენმ თვლის, რომ ვინც არჩვნებში მიიღებს მონაწილეობას, სისტემურ ოპოზიციად იქცევა – თქვენი კომენტარი…

– თუკი დღეს ვინმე ასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“… მით უმეტეს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს მოძრაობა „ოცნების“ ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც იყენებენ შიდა დაჯგუფებებს შორის საბრძოლველად ანუ ინსტრუმენტი ყოფილა, როგორც საუბრობენ მმართველ პოლიტიკურ წრეებში… ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა განცხადება გააკეთა. ჩვენი პარტიის წევრები თავს ვიკავებთ და არასოდეს დავსულვართ იმ ადამიანების დონემდე, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, პირიქით, პატივს ვცემთ ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. ეს კონსტიტუციით მინიჭებული მათი უფლებაა. თქვენ ვერ ნახავთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებულ ვერც ერთ განცახდებას, რომლითაც შეურაცხყოფას ვაყენებთ ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას. პირადად მე, ჩემს პარტიას და „ლელოს“ – შეცდომად მიგვაჩნია ამ უნიკალური შანსის არგამოყენება, როდესაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. აქედან გამომდინარე, გახდა შესაძლებელი კიდევ უფრო მეტი ამომრჩეველი წავართვათ, რადგან იმაზე მეტი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს და ეს აძლევს მას ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას.

– რა ხერხით აპირებთ ამომრჩევლის წართმევას, რა შეიცვალა ბოლო არჩევნების შემდეგ?

– უკვე ყველამ დააფიქსირა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არის პროდასავლური, არ აქვს ის იდეალები, რის გამოც თავის დროზე აირჩია ქართულმა მოსახლეობამ. ახლა უკვე მნიშვნელოვანია, ხალხს დავანახოთ არსებული პრობლემები, ქვეყნის მართვის ხარვეზები, ტოტალური უუნარობა, რასაც იჩენენ ადგილობრივი სტრქტურების მართვის პროცესებში და დავარწმუნოთ, რომ დღეს „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და საქართველოს მოქალაქეების ყოფის კიდევ უფრო გაუარესებას. როგორც თავში აღვნიშნე, ამ უნიკალური შანსის არგამოყენება პოლიტიკურ სიბეცეზე მიუთითებს და სტრატეგიული შეცდომაა, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის ნიშნავს თვითგანადგურებას და მათი ოფისების კარებზე ბოქლომის ჩამოკიდებას.

– ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ იდეალური საარჩევნო პირობები იქმნება?

– შეიძლება მთლად იდეალური არ იყოს. ჩვენ არჩევანი არ გვქონდა ცუდსა და კარგს შორის, არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის. აქედან გამომდინარე, ვარჩიეთ ნაკლებად დამაზიანებელი ბრძოლის ის მეთოდი, სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული შედეგის მოტანა შეუძლია. უბრალოდ, ფეხის ფეხზე გადადებას და ყოველგვარი პროცესისგან თვითგარიყვას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას.

– პრინციპში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ბოიკოტში ჩარჩენა გაწყობთ, რადგან ამ ბოლო დროს ერთადერთი წამყვანი ძალა გახლდათ ოპოზიციურ პარტიებს შორის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა მეტი ხმების მიღების შანსი გეძლევათ და მიიმხრობთ ე.წ. შუაშისტ ამომრჩევლებსაც?

– ნება მომეცით, ამ ფორმულირებაზე არ დაგეთანხმოთ, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს ჩამოშორება. არ გვახარებს ენმ-ის ბოიკოტი, რადგან მას ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი, რომლის მეშვეობითაც თავისი აგურის დადებას შეძლებდა ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების საქმეში. მათი ბოიკოტი ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა, ფაქტია, რომ მარგინალიზაციისთვის სწირავენ საკუთარ ამომრჩეველს… მაგრამ, საბოლოო ჯამში, ბოიკოტში მყოფი 8 პოლიტიკური პარტია თუ გააგრძელებს გაჯიუტებას, საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდში იქნება პირველი არჩევნები, სადაც ამომრჩეველს არ ექნება ერთადერთი არჩევანი: „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ შორის. მთავრობის პროპაგანდის მთავარი მესიჯი ყოველთვის იყო, ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, ისევ „ნაცები“ მოვლენ სათავეშიო. ახლა აღარ იქნება ეს პირობა და, თავისთავად, ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაექვემდებარება „ნაცების“ დაბრუნების შიშს. იმედია, უფრო თავისუფლად გაიხედ-გამოიხედავს და აირჩევს იმას, რომლის იმედიც ექნება… მე მაინც ვურჩევ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ სანამ დროა, გამოფხიზლდნენ და მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, გამოიყენონ მმართველ პარტიაზე გამარჯვების ეს კონსტიტუციური გზა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ 8 პარტიას არანაირი გეგმა არ გააჩნია, რა უნდა მოიმოქმედონ ბოიკოტის შემდეგ. წესის და რიგის მიხედვით, ბოიკოტის მიზანი უნდა იყოს იმის ჩვენება შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რომ ამ არჩევნებზე იმაზე ნაკლები ადამიანი მივა, ვიდრე შარშან დაიწერა „ოცნებამ“ ანუ მილიონ ასი ათასზე ნაკლები. რეალურად, ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანები (საჯარო მოხელეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები) მეტია. მათი მისვლა საარჩევნო უბნებზე გარდაუვალია, რადგან „ოცნების“ კოორდინატორები ინიშნავენ თითოეულს, მაგრამ ვერ აკონტროლებენ, ვინ ვის მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, ბოიკოტი მმართველ ძალას საქმეს უადვილებს – თუკი არ იქნება არჩევანი, ისევ „ოცნებას“ შემოხაზავენ, ხოლო რაოდენობა იგივე იქნება, რაც მანამდე. გამოდის, ამ ბოიკოტს არანაირი დატვირთვა არ გააჩნია ენმ-ისთვის, პირიქით, ამით მმართველ გუნდს უხსნის გზას, ჩაატაროს არჩევნები მშვიდობიანად, გაუყალბებლად და გამჭვირვალედ.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, არც მათი დამკვირვებლები და კოორდინატორები იქნებიან უბნებზე. რაღა საქმე რჩება „ქართულ ოცნებას“, წყნარად გადაითვლის ხმებს და სადაც კლება ექნება, ჩაამატებს იმდენს, რამდენიც დასჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აბსურდამდე მივდივართ. ღიად პრორუსული პარტიებიც, ოპოზიციასთან არანაირი კავშირი რომ არ აქვთ, გადალახავენ ბარიერს და შედეგად მივიღებთ კატასტროფულ წარმომადგენლობით ორგანოებს ადგილობრივი მმართველობის დონეზე.

დღეს მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დისკრედიტაცია, კანალიზაციის და წყლის მილების არჩევნებად მოიხსენიებენ, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. ამასწინათ თბილისში გარდაიცვალა ორი ადამიანი, ისინი არც კანალიზაციაში ჩაძირულან და არც გარე განათების ბოძის მსხვერპლი გამხდარან, ავარიული სახლის გამო დაიღუპნენ. ეს უზარმაზარი პრობლემა გახდა ქალაქებში, რაზეც არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, არაერთი პროექტი შეგვითავაზებია… ესეც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში შედის. აქვეა: სოციალური პაკეტები, ჯანდაცვა, მშენებლობა, ურბანიზაცია და სხვ. ენმ-ს ადგილობრივი არჩევნების როლის დაკნინება არაფერს მოუტანს, რადგან ისევ და ისევ მათი ამომრჩეველი კარგავს შანსს, იცხოვროს მოწესრიგებულ სოფლებსა და ქალაქებში. ჩვენთვის ქვეყანა და პოლიტიკა საკუთარი სახლიდან, ქუჩიდან, ქალაქიდან იწყება, ასე რომ, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ყოფას და გარემოს შეეხება.

– მოკლედ რომ ვთქვათ, მოგეცემათ ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერის პოზიციის დაკავების შესაძლებლობა?

– დავაზუსტებ – ჩვენ ყოველთვის გვეჭირა ლიდერის პოზიცია, რადგან არჩევნებზე მარტო გავდიოდით ფონს ყოველგვარი ფსევდოკოალიციების გარეშე, რომლებშიც 5-6 პარტია ერთიანდებოდა. მათ ცალკე არ გამოუცდიათ საკუთარი ძალები.

– ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს, რომ როგორც ვარაუდობენ, მართლა იშლება ენმ?

– ამ ბოიკოტში მყოფი რვა პარტიიდან – 7 – ენმ-ა. ნაკლებად მაინტერესებს, დაიშლება ეს მოძრაობა თუ არა ან, საერთოდ, რა მოუვა მას, რადგან მათი ბოიკოტით იშლება ჩვენი საერთაშორისო იმიჯი, იშლება თაობების შრომით მიღწეული შედეგი და, პრაქტიკულად, დაუცველი ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან ერთი-ერთზე. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და რას იზამენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ნაკლებად საინტერესოა.

– ფართომასშტაბიან საარჩევნო კამპანიას აპირებთ?

– გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და მექანიზმს. ჩვენი პარტიის წევრების მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა, რაც ხელს გვიშლის პროცესის სრულფასოვნად ჩატარებაში. ორივე პარტიის ლიდერების მიმართ, რომლებმაც განვაცხადეთ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ზოგი დაჭერილია, ზოგსაც დაპატიმრებით ემუქრებიან…

– თუ შეიძლება, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ საუბარი, გახარიას გერმანიაში წასვლის მიზეზი დაპატიმრებისთვის თავის არიდებაა?

– გახარიას ევროპაში ყოფნას თავისი დანიშნულება აქვს. ის წავიდა კონკრეტული საქმისთვის, უნდა გაერთიანდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, საიდანაც „ქართული ოცნება“ გამოაძევეს თავის დროზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპულ პარტიათა ოჯახში გაერთიანება. ამავდროულად, თქვენ ნახეთ, რომ გიორგი გახარიამ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის ევროპის მინისტრების შეკრებას დაესწრო, შეხვდა იქაურ ბევრ მაღალჩინოსანს, ჩვენს გულშემატკივარ ოფიციოზს. იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ რას აკეთებს გიორგი გახარია საქართველოსთვის, იყო მისი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიზიტი, რის შემდეგაც პოლონელმა მინისტრმა განაცხადა: „დიახ, უნდა დაისაჯონ გამყალბებლები და უზურპატორები და არა ქართველი ხალხი“… ანუ გახარია ყველაფერს აკეთებს, რომ არ შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რაც უბრალო ხალხს დაარტყამს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გახარია ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ის დაბრუნდება, როდესაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენ არ ვეძებთ უაზრო გმირობის შარავანდედს, არ მიგვაჩნია სწორად უგუნური მსხვერპლთშეწირვის პროცესი. მთავარია კონკრეტული შედეგი: უზურპატორული რეჟიმის დასუსტება და მისი მმართველობის სადავეებიდან ჩამოცილება. სწორედ, ამ გეგმას მიჰყვება დღეს გიორგი გახარია.

– გახარია საუბრობს ნეიტრალურ კანდიდატებზე, რომელთა გასაყვანად სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებსაც უნდა სთხოვოთ დახმარება. რამდენად რეალურად გეჩვენებათ მისი ეს გეგმა?

– აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გიორგის ამაში, კანდიდატების შერჩევა ცოცხალი პროცესია, რომელიც უკვე მიმდინარეობს. დღეს პარტიებზე ვერ ვიფიქრებთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გამოკვეთა და მათი ინტეგრირება ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ველზე. კინაღამ მემკვიდრეობით გადაიცემა ბევრ პოლიტიკურ პარტიაში პოლიტიკური ნდობის მანდატები, ჩაკეტილი მოჯადოებული წრეა, ამიტომ აუცილებელი გახდა ახალი სისხლის გადასხმა, ახალი სახეების გამოჩენა და მათთვის პოლიტიკური ქულების გამომუშავება. ამ ადამიანების წარმოჩენა მისცემს არჩევნებს დამატებით მუხტს და გააძლიერებს იმ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც უკვე ორი წელიწადია შეუწყვეტლივ მიმდინარეობს.

– რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა ბათუმისთვის?

– ეს არის ჯოჯოხეთური ურბანული პოლიტიკა, რასაც უკვე მმართველი პარტიაც აღიარებს… და კორუფცია, რაც უკვე დადასტურდა რიჟვაძის მოხსნით და მის ირგვლივ განვითარებული სისხლიანი პროცესებით. მნიშვნელოვანია ავარიული სახლების საკითხი… ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ, ხან „ოცნების ქალაქში“ იღუპებიან ბავშვები, ხან მთელი სადარბაზო ინგრევა და მოსახლეობა ცოცხლად იმარხება, ხან შადრევანში იღუპებიან ანგელოზები და სხვ… სოციალური ნაწილიც მნიშვნელოვანია, რადგან „ოცნება“ სიღარიბით მართავს ამ ქვეყანას, ცდილობს ხალხი საბიუჯეტო თანხებით მიიბას… ჩვენ ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა შევცვალოთ. ვერ უნდა აშანტაჟებდეს მმართველი გუნდი ხალხს საბიუჯეტო თანხების მიცემა-არმიცემით… ამიტომ მოვიშორეთ შევარდნაძე და სააკაშვილი… ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მოქალაქეები თავად უნდა მართავდნენ საკუთარ ქვეყანას, ქალაქს, სოფელს თუ გამგეობას… მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდება ჭეშმარიტი დემოკრატია საქართველოში…

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *