
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ იწყება!
აჭარის მაღალმთიან რაიონში, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტში, იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე, მიმდინარე 2025 წლის 9-დან 11 სექტემბრამდე ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თამაზ ბოლქვაძე, მენეჯერი კი მარეხ ტუღუში გახლავთ. გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რაც ალპურ ზონაში შედის, ფესტივალის სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს.
ფესტივალის კონცეფცია საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დრამატული თეატრი, თოჯინების თეატრი, მუსიკალური თეატრი, საცირკო ხელოვნება და ფოლკლორი. მისი მიზანია მთის თეატრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსება, ხულოს თეატრის, როგორც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის წარმოჩენა, პოპულარიზაცია, მაღალმთიანი რეგიონისადმი ინტერესის გაძლიერება, ფესტივალის განხორცილებაში კერძო სექტორის ჩართულობა და ორმხრივი ინტერესის გაძლიერება, საქართველოს მთის თეატრებსა და კულტურის ცენტრებში არსებული სურათის გამოკვეთა და მათი განვითარების ხელშეწყობა. საფესტივალო დღეები მოიცავს 4 სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლების ჩვენებას, მთის თეატრების გამოწვევების შესახებ საჯარო დისკუსია-კონფერენციას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მოდერაციით, ვორქშოპების სერიას, რომელთაც მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ჩაატარებენ: იაპონიიდან – რეჟისორი აცუში კაკუმოტო – ,,ცხოვრება მთაში და ცხოვრება ზღვის სანაპიროზე“, საქართველოდან – მანანა ხელაია – ,,მსახიობი და მისი შინაგანი ენერგია“, გერმანიიდან – რეჟისორი – ვალერია ბარჩალ ჩორთი – ,,ბალანსი სინათლესა და სიბნელეს შორის“. საფესტივალო აქტივობები წარმოდგენილი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე.
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ არასაკონკურსო ფორმატისაა და იგი ყოველწლიურად გაიმართება. პროექტი იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მთის თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას, გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. ფესტივალის პირველი სეზონი შემოიფარგლება მხოლოდ ქართული დასებით და უცხოეთის წარმომადგენლებით. საქართველოს მთებში მოქმედი თეატრალური დასების ფესტივალში მონაწილეობით ეროვნული სურათის გამოკვეთა გაადვილდება, რაც ამ თეატრებისა თუ კულტურის ცენტრების საჭიროებებს წარმოაჩენს. პროექტის მასშტაბურობა, ფესტივალის საერთაშორისო პლატფორმად დამკვიდრება პროფესიულ ზრდასა და განვითარების გზების ძიებას შეუწყობს ხელს.
ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი 89-ე თეატრალურ სეზონს „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ დაარსებით 9 სექტემბერს 15:00 საათზე გახსნის.
– ფესტივალი თავისი არსით და ფორმით სახიობითია, რაც ნიშნავს სანახაობით მრავალფეროვნებას. ძირითადი პროგრამა მოიცავს არა მარტო სხვადასხვა თეატრის შემოქმედებითი პროექტების წარმოჩენას, არამედ მრავალფეროვან აქტივობებსაც, კერძოდ: ვორქშოპებს (მასტერკლასებს), სადაც მთავარი თემებია თეატრალური მიმდინარეობების კვლევები და მეთოდოლოგიები, რომელშიც მონაწილეობენ, თეატრალური სამყაროს როგორც ქართული თეატრის ასევე უცხოეთის თეატრალური სამყაროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები (გერმანია, იაპონია). ფესტივალის დაარსების იდეა გაჩნდა 3 წლის წინ და ამ ხნის განმავლობაში საორგანიზაციო ჯგუფი დეტალურად იკვლევდა მის საფუძვლიანობასა და პერსპექტიულობას, რადგან ფესტივლის კომპეტენცია უნდა აგებულიყო მარტივ, მაგრამ ხანგრძლიობის ფუნდამენტალურ პრინციპებზე, სიცოცხლისუნარიანობაზე. ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთადერთია კავკასიის რეგიონებში თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და სახელმწიფო სტატუსით ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია, მცირედით მაინც შეივსოს სხვადასხვა ჟანრის დეფიციტი მაღალმთანი რეგიონების თეატრალურ რეპერტუარში (საოპერო, თოჯინების, საბალეტო, საცირკო ხელოვნება). ფესტივალი წელს პირველად ტარდება და გვეიმედება, რომ დაფუძნებაც იქნება ხარისხიანი, როგორც აკადემიური თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერითაც, – გვითხრა ფესტივალის იდეის ავტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა თამაზ ბოლქვაძემ.
– საერთაშორისო პროექტები, გაცვლითი პროგრამები, ფესტივალები აფართოებს თვალსაწიერს და შესაძლებლობებს. ესაა მოცემულობა, რომელშიც მონაწილეებს, გარდა იმისა, რომ შეუძლიათ, შეიმეცნონ ახალი, შეაფასონ სხვა, გაიზიარონ გამოცდილება, შეუძლიათ ამ დიდ სისტემაში დაინახონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები – სად ვარ, რას ვსწავლობ აქ ყოფნით, რა როლი მაქვს და რა წვლილი შემიძლია შევიტანო საერთო საქმეში. ნდობა, რომელიც იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა გამომიცხადა ფესტივალის დაარსების იდეის გაზიარებით – უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ამ თეატრის ,,აღმოჩენისთანავე“, 3-4 წლის წინ, როცა აქ ფეხი პირველად შემოვდგი, გავიფიქრე – ,,მინდა ხულოსთვის რამე გავაკეთო…“, ამიტომაც ბედნიერი და მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ დაარსებით ხულოში, საქართველოს მთებში ერთადერთ აკადემიური სტატუსით მოქმედ დრამატულ თეატრში, ახალი გადაკვეთის წერტილი შეემატება ქართულ თეატრალურ საფესტივალო ბადეს და ეს ამაღელვებელია. არაჩვეულებრივ ქართულ თეატრალურ დასებს ვუმასპინძლებთ, რომელთა შემოქმედების რეზონანსმა ამოასწრო ხულოში ჩვენს შეხვედრასა და გაცნობას. მოუთმენლად ველი თეატრალებს მესტიიდან, ამბროლაურიდან, ხარაგაულიდან, ჩვენს სტუმრებს თბილისიდან, მშობლიური ბათუმიდან და შორეული გერმანიიდან და იაპონიიდან. მადლობა თითოეულ მონაწილეს, ორგანიზაციას, რომელიც მხარდაჭერას გვიცხადებს, ფესტივალში ჩართულ თანამშრომლებს. ჩვენი დიდი სურვილია, პირველი სეზონი, ყველა გამოწვევის მიუხედავად, არსებული რესურსით ღირსეულად ჩავატაროთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო აჭარის კულტურის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ხულოს კულტურის ცენტრის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. მადლობა მათ, მადლობა მონაწილე დასებს და ქართველ და უცხოელ თეატრმცოდნეებს, მიხარია, რომ ინტერესი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და ალპური ზონის ქვეყნებიდან არის დასების დაინტერესება. მადლობა, ასევე, კერძო სექტორს, რომლის როლი გადამწყვეტია საქმის დაწყებიდან დასრულებამდე. ვულოცავ იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, აქ საერთაშორისო პლატფორმა დაარსდა და ამ ისტორიას ჩვენ ერთად ვწერთ! და რა თქმა უნდა, ველოდებით მის უდიდებულესობა მაყურებელს. ინფორმაცია საჯაროა, დასწრება სპექტაკლებზე თავისუფალია, ვორქშოპებზე – წინასწარი ჩაწერით. დიდი თავგადასავალია წინ, ხულოს დრამატულ თეატრში 9-დან 11 სექტემბრამდე, – გვითხრა ფესტივალის მენეჯერმა მარეხ ტუღუშმა.