„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ მაყურებელს ელის
By

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ მაყურებელს ელის

აჭარის მაღალმთიან რაიონში, ხულოს მუნიციპალიტეტში, იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე, „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თამაზ ბოლქვაძე, მენეჯერი კი მარეხ ტუღუში გახლავთ.
მათ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის სპეციფიკა გააცნეს, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას მოწვეული სტუმრები, ფესტივალში მონაწილე დასების წარმომადგენლები და თეატრალები ესწრებოდნენ.
ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი 89-ე თეატრალურ სეზონს „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ დაარსებით 9 სექტემბერს, 15:00 საათზე გახსნის. ეს ახალი თეატრალური ფორუმი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

– პირველ რიგში, გაგვიმართლა, რომ ამინდი განწყობის შესაბამისი იყო, რამაც პრეზენტაციის კარგად წარმართვა განაპირობა. ვფიქრობ, იდეების, გეგმებისა და მთლიანი პროექტის წარდგენა ტევადი და სრულყოფილი იყო ძალზე საინტერესო საზოგადოების, სტუმრების, თეატრალების და თეატრის დასის წარმომადგენლების თანდასწრებით. საუბარი წარიმართა სამომავლო გეგმებზე, იმედებზე. . . ეს ფესტივალი არ არის საკონკურსო, ჩემპიონატის მსგავსი მარათონი, ამ ფორმატის მიზანი მთის თეატრების ერთმანეთთან დაახლოებაა. ჩვენი ინტერესიც უფრო იმისკენაა მიმართული, რომ გავიგოთ ამ თეატრების პრობლემები, ამოცანები, ინოვაციური ხერხები, გამოყენებითი ტექნოლოგიები, რომლებსაც შევაჯერებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ. გვინდა, რომ ფესტივალი წარმატებით დასრულდეს, რაც მომავალი ფესტივალის ჩატარების წინაპირობა იქნება. მინდა, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის მხარდამჭერებს, – გვითხრა იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფესტივალის იდეის ავტორმა თამაზ ბოლქვაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ითქვა, „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ არასაკონკურსო ფორმატისაა და იგი ყოველწლიურად გაიმართება. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მთის თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას, გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *