„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“   ოფიციალურად გაიხსნა
By

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“   ოფიციალურად გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტში „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ საზეიმოდ გაიხსნა. სადღესასწაულო საღამო ხულოს დრამატული თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ გაიმართა, რითაც თეატრში 89-ე თეატრალური სეზონიც გაიხსნა. ცერემონია მუსიკალურად დაამშვენა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ხულო“. მოწვეული სტუმრები სიტყვით წარსდგნენ, შემდეგ კი სპექტაკლ „ზვავის“ ჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ იგი 5-მა, სხვადასხვა ქვეყნის, რეჟისორმა დადგა.

– ფესტივალის გახსნის ცერემონიამ ფანტასტიკურად ჩაიარა. ვარ უაღრესად მოტივირებული. კარგი მარკეტინგული სამუშაო გახსნა ქალბატონმა მარეხმა. მჯერა, რომ ეს ფესტივალი წარმატებისკენ გაიკვლევს გზას და ყველაფერი წარიმართება საინტერესოდ, სანაქებოდ და საამაყოდ, – გვითხრა ფესტივალის იდეის ავტორმა და ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თამაზ ბოლქვაძემ.

მადლობით დავიწყებ, ყველას, ვისაც ღვაწლი მიუძღვის ფესტივალის დაფუძნებაში, მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო.  ხულოს მუნიციპალიტეტში  „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ დავიწყეთ, მე მჯერა და მწამს, რომ ამ რეგიონში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ისტორიის დასაწყისი. ვფიქრობ, მთის თეატრებისთვის ძალიან საინტერესო საერთაშორისო პლატფორმა დაარსდა და მადლობა ყველას, ვინც გულმხურვალედ გვგულშემატკივრობს. ჩვენი მთავარი მიზანია – გვქონდეს ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობები. ფორმატიც ამაზეა დაფუძნებული. ფესტივალი არასაკონკურსოა, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის თეატრებისთვის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო კავშირები დამყარდეს. ფესტივალის ისეთი დასაწყისია, ცოტა ავღელდით, გაგვიორმაგდა პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ფესტივალის დასასრულს,11 სექტემბერს, მადლიერი ვიქნებით ამ წამოწყების, იმ მოცემულობით, რასაც ფესტივალის ბოლოს მივიღებთ, – გვითხრა ფესტივალის მენეჯერმა მარეხ ტუღუშმა.

ღონისძიების პირველი დღე ხულოს კულტურის ცენტრში საერთაშორისო კონფერენციით დასრულდა, რომლის მოდერატორი თეატრმცოდნე, კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი, მომხსენებელი კი თეატროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნერონ აბულაძე გახლდათ. კონფერენციაზე სპეციალისტებმა საქართველოდან, გერმანიიდან და იაპონიიდან მთის თეატრების გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

– ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ფესტივალი დაარსდა საქართველოში. ორმაგად მახარებს ის, რომ ამ ფესტივალის ინიციატორი ხულოს დრამატული თეატრია. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის კულტურის სამინისტრომ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს გვერდით დგომის გარეშე წარმოუდგენელია მსგავსი პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, რომ ამ ფესტივალს ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა, გარდა იმისა, რომ  აერთიანებს მთის პროფესიულ მუნიციპალურ და მოყვარულ თეატრებს, არის ის, რომ იგი არ არის საკონკურსო. ამით ეს ფესტივალი შეინარჩუნებს საზეიმო ხასიათს და აგვარიდებს კონფლიქტებს და უსიამოვნებას. მოგეხსენებათ, თეატრის რეჟისორები, მსახიობები ემოციურები არიან, მათ  განცდები სცენაზეც ეყოფათ, ჯობს ცხოვრებაში ერთმანეთის ნახვით დატკბნენ. ვფიქრობ, ეს გახდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი, წარმატებებს ვუსურვებ ამ ფესტივალს, – თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის კულტურის სამინისტრო, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს კულტურის ცენტრი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, „აჭარის“ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გაზეთი აჭარა, ჟურნალი OK და სხვა.

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *