ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
თერნალი, სხეფი, ჩანჩხალო მრავალკომლიანი დასახლებებია შუახევის მუნიციპალიტეტში. ჩანჩხალოსა და სხეფის გარკვეულ მონაკვეთზე „შუახევიჰესის“ გამშვები გვირაბის ნაწილმა გაიარა. ჩანჩხალოში მცხოვრებთა უმრავლესობამ ფულადი კომპენსაცია მიიღო. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, ამ დასახლებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ერთეულების ახირება რომ არა, მშენებარე ჰესის დამფინანსებლები მარტო სოფელ ჩანჩხალოში 30-მდე მცირე და დიდი ღირებულების პროექტის შესრულებას აპირებდნენ. მათ შორის იყო ნიგაზეული-ჩანჩხალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიჯნურის სერის გავლით. ამის მიუხედავად, ჩანჩხალოელებს ხელისუფლების თანადგომა არ მოჰკლებიათ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლის ნაწილს, აიგო საბავშვო ბაღის, „სოფლის სახლის“ შენობები. დიდი ტვირთამწეობის მანქანებს გვირაბიდან მიწა გამოჰქონდათ, რაც კომპანიის მესვეურებს ავალდებულებდა სოფლის გზების მოწესრიგებას. ასეულობით კუბური მეტრი ქვა-ღორღი, ქვიშა დაიყარა ღორექეთი-ჩანჩხალოს გზის სათიხეთის მონაკვეთზე. აქ ბეტონის საფარის დაგებასაც აპირებენ. ნიგაზეულსა და ჩანჩხალოში სასმელი წყალი გამოიყვანეს. დენის შეუფერხებლად მიწოდება „შუახევიჰესის“ ცალკეული ობიექტებისთვის პირველი რიგის საქმედ ითვლებოდა. „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით „აგე ბათუმის“ ხელმძღვანელებმა ათეულობით რკინის ანძა დააყენეს, რაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩანჩხალოელებს საჩუქრად დაუტოვეს. შეუფერებელ, უსახურ შენობაში ასწავლიდნენ ზედა ჩანჩხალოელ პატარებს. შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით უბანში ახალი შენობა აიგო. მშენებლობაზე ადგილობრივები იყვნენ დასაქმებულები. მათ შრომის საზღაური დღემდე არ მიუღიათ. სხვა სოფლების მკვიდრთა მსგავსად, ჩანჩხალოელებიც სარგებლობენ სოციალური დახმარებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამებით. ხუთი წლის წინ ხანძარმა გაანადგურა ტარიელ მიქელაძის საცხოვრებელი სახლი. ხელისუფლების დახმარებით, ოჯახს ამჟამად ცხოვრების ნორმალური პირობები აქვს. სტიქია და მეწყრული პროცესები ყველაზე მეტად ჩანჩხალოს უტევს. დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციის სახით 25 ათას ლარს უხდიან. რამდენიმე ოჯახმა „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში, დაბა შუახევში „სოციალურ სახლში“ ბინა სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მიიღო. ამ და სხვა საკითხებზე, მომავალ პროექტებზე ისაუბრეს ჩანჩხალოელმა ამომრჩევლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ომარ ტაკიძესთან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა დავითაძესთან, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ათეულის წევრებთან გიორგი, დავით დავითაძეებთან, ედუარდ გოგრაჭაძესთან გამართულ შეხვედრაზე. მმართველი პარტიის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ დღემდე ამომრჩეველთა მოთხოვნებს გულისყურით უსმენენ და სისრულეში მოჰყავთ, ასე იქნება მომავალშიც. საჯარო სკოლის შენობას შეაკეთებენ, თუნუქით შემოსალტავენ საბავშვო ბაღის კედლებს, ბეტონის საფარი დაიგება ჩანჩხლოში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალიდან მისასვლელ გზაზე. ეს პროექტი ამომრჩევლებმა მოითხოვეს. კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, დანაპირები ეტაპობრივად შესრულდება. 15-მდე ოჯახი სახლობს თერნალში. ამომრჩევლებმა ოთარ, დიომიდე, სიმონ, თამაზ დავითაძეებმა, დალი ბერიძემ, ნუგზარ ჭაღალიძემ თქვეს, რომ აწესრიგებენ სოფელში შემოსასვლელ გზას, ივნის-ივლისის გვალვიან დღეებში სოფელს სარწყავი არხი ემსახურებოდა, რომელიც, 25-წლიანი უმოქმედობის შემდეგ, წელს გაკეთდა. მთა კატრიანზე დენი გავიდა. ორ ხელმოკლე ოჯახს თუნუქის სახურავი უფასოდ გადაეცა. გერმანიის მთავრობის დახმარებით, მალე თერნალში სასმელი წყლის პრობლემაც გადაწყდება. თერნალელები ხელისუფლების თანადგომას აფასებენ, რასაც 2 ოქტომბრის არჩევნებზეც დაადასტურებენ. – მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერას ჩვენ აქამდეც ვგრძნობდით. ომარ ტაკიძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო, ხოლო ერთი წელია, მერის მოვალეობის შემსრულებელია. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა ზაზა დავითაძე. მასთანაც გვქონდა წინადადებები, სურვილები, თანადგომას არ გვაკლებდა. ორივე ღირსეული კანდიდატია. იმედია, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მხარდაჭერა მათ და „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის კანდიდატებს არ მოაკლდებათ, – გვითხრა ოთარ დავითაძემ. 130 ათასი ლარია მობილიზებული სოფელ სხეფში „სოფლის სახლის“ მშენებლობაზე. სარემონტო სამუშაოები მთავრდება სხეფის საჯარო სკოლაში. მოასფალტებულია შუახევი-სხეფის საავტომობილო გზის დიდი ნაწილი. დენის შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, გაკეთდა 0.4-კილოვატიანი ხაზი. სიღარიბის ზღვარზე მყოფი 10-მდე ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს. სხეფში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა წინადადებები, სურვილები. – საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, – გვითხრა ომარ ტაკიძემ, – უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველი გაკეთებულს არ გვიკარგავს, პრობლემებზეც მიგვანიშნეს. გადაუწყვეტელი არაფერია. წინასწარ დაპირებებს არ ვიძლევით. თუ მხარდაჭერა გვექნება, პრობლემების გადაჭრაზე ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ვიზრუნებთ. ზაზა დავითაძე: – თერნალელ, სხეფელ, ჩანჩხალოელ ამომრჩევლებთან ყოველდღიური ურთიერთობა ბავშვობიდან მაკავშირებს. 8 წელია, წარმომადგენლობით ორგანოში კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვმუშაობ. საკრებულოს სხდომებზე რამდენიმე პროექტი ჩემი ინიციატივით გავიდა და მხარდაჭერა მოიპოვა. ყველაფერი შუახეველთა ინტერესების შესაბამისად გაკეთდა. ეს კარგად ახსოვთ ჩემი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, რომელთა მხარდაჭერის იმედი მაქვს.