„ამ სიმულაკრულ სამყაროში ყველაზე ჭეშმარიტი პროექტია „ზე-კართან“. . .
By

„ამ სიმულაკრულ სამყაროში ყველაზე ჭეშმარიტი პროექტია „ზე-კართან“. . .

წლევანდელი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მრავალთათვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება. მათ შორისაა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე. იგი ფესტივალის მნიშვნელობასა და მომავალ საქმიანობაზე გვესაუბრება.

– ბატონო ივანე, გაგონილს ნანახი სჯობსო, განაცხადეთ, როცა აჭარის მთიანეთში ფეხი დადგით. რას გულისხმობდით?

– ერთ ძალიან ცნობილ გერმანელ ისლამოლოგს შტეფან ვაიდნერს აქვს აღმოსავლურ ქვეყნებში მოგზაურობაზე, უცხოობის აღქმაზე ძალიან საინტერესო ესე სათაურით „კურთხეულ იყვნენ უცხონი“, რომელიც ასე იწყება: „ერთხელ მაინც ვის არ უგრძნია თავი უცხოდ ნაცნობ გარემოში – წვეულებაზე, ოჯახში თუ კოლეგებს შორის – თითქოს უადგილო ადგილას ყოფილიყოს? ზოგჯერ კი ვის არ უგრძნია თავი უცხოობაში ისე, როგორც შინ და სერიოზულადაც დაფიქრებულა უცხო ქვეყანაში დარჩენაზე? განა ეს უცხო ადგილას მოსულის პირველივე იმპულსი არაა, ჰკითხოს საკუთარ თავს, რა მოხდება, აქ რომ დავფუძნდეო?“ (თარგმნა ლანა მჟავიამ). მე მიმოგზაურია არაერთ ქვეყანაში, ვეძებდი და განვიცდიდი უცხოობას, თუმცა არა ისეთს, რასაც წერს ვაიდნერი, სამწუხაროდ, ვერასდროს მივედი იქამდე, რომ იგივე განმეცადა. აჭარა ჩემი სამშობლოს ყველაზე უცხო ნაწილი იყო ჩემთვის, ყველაზე მისტიკური და დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი. აი, რაც განვიცადე პირველად აჭარის მთიანეთში ფეხის დადგმის დროს, ეს იყო – ნეტავ რა მოხდება, აქ რომ დავფუძნდე-მეთქი და ამ, ჩემთვის სრულიად უცხო, გარემოში ყველაზე შინაურად ვიგრძენი თავი.

– ფესტივალის მონაწილეებმა, მასპინძლებმა შუბნის სკოლაში ინტერესით მოისმინეს თქვენი საჯარო ლექცია „კულტურის ურთიერთგაგების ძიება უცხოს, სხვისი აზრების ლაბირინთში, მთარგმნელობითი ურთიერთობის მოზაიკა“. საქართველოში მთარგმნელობით საქმიანობას როგორ აფასებთ?

– საქართველოში არსებობს უზარმაზარი მთარგმნელობითი ტრადიციები, რომელიც ლამის ათასი წლის განმავლობაში ურთულეს ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ყალიბდებოდა. ქართული კულტურა წარმოუდგენელია ნათარგმნი ლიტერატურის გარეშე. თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი ტრადიციები ღირსეულად პასუხობს როგორც თავის ისტორიულ საფუძვლებს, ისე თანამედროვე გლობალიზებული სამყაროს გამოწვევებს.

უკრაინულიდან ქართულ ენაზე რა თარგმანების შემოთავაზებას აპირებთ?

– ამჟამად ვთარგმნი უკრაინელი ქართველოლოგის მონოგრაფიას, რომელიც მომავალ წელს გამოიცემა.

ლიტერატურა და ხელოვნება ერებს შორის დაახლოებისა და დამეგობრების საშუალებაცაა. ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ლამის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს თქვენს მუშაობაზე როგორ აისახება?

– ნამდვილ მეგობრობას ვერაფერი შებღალავს, არც ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა დამდგარა არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩემი მუშაობა და საქმიანობა ძალიან შორსაა პოლიტიკისგან, არც არასდროს გადაკვეთილა მასთან და, იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ლიტერატურა ყოველთვის იქნება ბრწყინვალე დიადემა ქართულ-უკრაინული მრავალწლოვანი, ნამდვილი მეგობრობისა!

– რას ნიშნავს თქვენთვის უკრაინული ენა და ლიტერატურა და სხვა ენები თუ იცით?

– უკრაინული ენა და ლიტერატურა არის ჩემი მეორე სამყარო, უფრო სწორად, ჩემი სამყაროს ნახევარი ნაწილი. ეს ცხოვრების გზაა და პროფესიაზე გაცილებით მეტია. დანარჩენი ენები სტატისტიკის ნაწილია და არ ვთვლი მნიშვნელოვნად.
– რა მიგაჩნიათ მთავარ არგუმენტად, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა, მეგობრობა ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს?
– ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას არანაირ ნიშნულთან დასაბრუნებლად არ აქვს საქმე, მერწმუნეთ! ძნელად მოიძებნება სამყაროში ორი სხვა ერი, რომელიც ასეთი წმინდა მეგობრული გრძნობით იყოს შედუღაბებული. ეს ყალბი რიტორიკა არაა, ეს არის მოცემულობა, რომელიც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და არც ახლა დგას, დამიჯერეთ!
– წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარის მთიანეთის ღირსეული შვილების – ფრიდონ ხალვაშისა და ტარიელ ფუტკარაძის ღვაწლის დაფასებას მიეძღვნა. ფრიდონის პროზის უკრაინულ ენაზე თარგმნა კიდევ ერთი აღიარება იქნება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატისთვის. ამ შემოთავაზებას როგორ მიიღებთ?
 – „და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. ქართულ პოეზიას ჰყავს უკრაინულ ენაზე გენიალური მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა, რაც არის ფუფუნება ორივე ქვეყნის კულტურისთვის.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

– შარშანწინ ფესტივალის „ყაბალახოსანი“ გახდა საქართველოში ლტოლვილი უკრაინელი პოეტი ნატალია ტროხიმი. როგორია მისი და სხვა ლტოლვილი მწერლების, პოეტების დამოკიდებულება მთარგმნელობითი საქმიანობისადმი?

– ნატალიას დევნილობამდეც ბევრი დიდი საქმე აქვს ქართული კულტურისთვის გაკეთებული, დევნილობაში – კიდევ უფრო ბევრი. ასე რომ, ჯილდო სრულიად დამსახურებულია. ჩვენ ნატალიასგან დიდად დავალებულები ვართ. მუშაობს უკრაინული დიასპორა საქართველოში, ქართველი უკრაინისტები, ჩემი კოლეგები დიდ როლს ასრულებენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. თითოეულს საკუთარი ნიშა აქვს. ისინი ამრავალფეროვნებენ ჩვენი კულტურის კავშირს უკრაინასთან და პირიქით.

– ფილოლოგიის დოქტორი ბრძანდებით. რა იყო სადოქტორო დისერტაციის თემა და რა ადგილი უჭირავს ამ კვლევას თანამედროვე ქართველოლოგიაში?

– ჩემი კვლევა უფრო მეტად შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის შემადგენელი ნაწილია, სადოქტორო დისერტაციის თემაა „პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული და უკრაინული ლიტერატურული დისკურსი პოსტკოლონიალიზმის კონტექსტში“.

– სტუდენტებთან, დოქტორანტებთან ურთიერთობის რა ფორმებს ირჩევთ?

– ძირითადად, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებთან ვურთიერთობ. მიდგომა კი ისეთივეა, როგორც ხორციელდება სასწავლო-სამეცნიერო პროცესი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

– დაბოლოს, როგორ გესახებათ ფესტივალის „ზე-კართან“ მომავალი?

– აი, ამ სიმულაკრულ სამყაროში ყველაზე ჭეშმარიტი პროექტია „ზე-კართან“ და ყოველთვის იქნება ღირებულებების სადარაჯოზე. მე მგონია, პასუხი გავეცი.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *