ანა წითლიძე: ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს ტყვედ აჰყავს, არის საქართველოს პატრიოტი საუბრისას
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ყველა ის ადამიანი, ვისაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე“. მისი განმარტებით, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, რისი სრული უფლებაც ჰქონდათ.
„ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ქვეყნის ეროვნულ მთავარ ღირსებას, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს ტყვედ აჰყავს, არის საქართველოს პატრიოტი. რეჟიმი ასამართლებს 63 წლის, თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე და აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ ჰქონდეს ღირსეული პენსია და ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი. ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს,რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მას არ აქვს ჯანდაცვის შესაბამისი სერვისები საკუთარი შვილისთვის, არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება იმისთვის, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს. ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე. იცით, რატომ იდგა კახა მჟავანაძე აქციაზე და რატომ იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ მას უნდა ისეთ საქართველოში იცხოვროს, სადაც წამლის ფული ექნება შვილებისთვის და მეუღლისთვის. რეალურად, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ქვეყნის თავისუფლება, – აღნიშნა მან.
წითლიძის თქმით, „რუსულ საოკუპაციო რეჟიმს“, რომელიც ქვეყანას მართავს, არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ აღიარებს.
„რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, საქართველოს მოქალაქეებში არ აქვს ლეგიტიმაცია. 4 ოქტომბერს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იდგა ქუჩაში, საქართველოს ასიათასობით მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ საოკუპაციო რეჟიმს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.