18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
ანიმაციაში გაცოცხლებული კუპატა
By

ანიმაციაში გაცოცხლებული კუპატა

ალბათ ყველას ახსოვს ბათუმელი ძაღლი კუპატა, რომელიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხმარებოდა ის ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში. სანამ ბავშვები ზებრაზე გადადიოდნენ, კუპატა წინ მიდიოდა და მანქანებს უყეფდა, გზას უღობავდა, რათა ბავშვები უსაფრთხოდ გადასულიყვნენ. იგი ქუჩაში გაზრდილი ძაღლი იყო, რომელზეც მთელი უბანი ზრუნავდა. 2023 წელს კუპატა ავად გახდა და სახალხო მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
წელს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, კუპატას შესახებ ანიმაციური რგოლი შეექმნა და ასე მიელოცა ბავშვებისთვის ეს დღე. ანიმაციის მთავარი სლოგანია „სიყვარულმა გაჩერება არ იცის“, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ რაღაც გულწრფელად გიყვარს, მისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი შეგაჩერებს.
რატომ გახდა „საქართველოს ბანკისთვის“ ინსპირაცია ბათუმელი კუპატა, ამაზე თავად ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა გვესაუბრა.
– იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ანიმაციური რგოლი, როგორიც საქართველოში არ გაკეთებულა. ასევე, ვფიქრობდით ბავშვებისთვის საყვარელ პერსონაჟებზე, რომლებიც შეიძლება მათთვის საინტერესო ყოფილიყვნენ. ძალიან ბევრი ვერსია განვიხილეთ და საბოლოოდ, ჩვენს კრეატიულ სააგენტოსთან ერთად შევჯერდით „კუპატას“ ვერსიაზე, რადგან ის ყველას უყვარს არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში. კუპატა ბავშვებზე ზრუნვის საოცარი მაგალითია. იგი არასდროს ჩერდებოდა და დაბრკოლებების მიუხედავად, ზრუნავდა ბავშვებზე. ჩვენი ანიმაციით გვინდოდა ადამიანებისთვის გვეჩვენებინა, რომ საყვარელი საქმის გამო ბევრი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება, – გვითხრა მარიამმა.
რაც შეეხება მუშაობის პროცესს და ანიმაციის შექმნის სირთულეებს, ამის შესახებ სტუდია GARNAMATAC-ის პროდიუსერი ოთო შამუგია გვიყვება.
– ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, ბავშვებისთვის საყვარელ და კეთილ გმირზე პატარა ანიმაცია გაეკეთებინა და ამ გზით გაეცოცხლებინა სასიამოვნო მოგონებები კუპატას შესახებ, რისთვისაც ჩვენ დაგვიკავშირდნენ. უამრავი მონდომებული ადამიანის ძალისხმევის შედეგია ეს ანიმაცია, ჩვენს სტუდიას კი იდეის სამ განზომილებაში აღსრულების პატივი ხვდა წილად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გუნდი, რომელმაც ანიმაციაზე იმუშავა. Mმისი ვიზუალური განვითარება და გრუმინგი ნიკა მაისურაძისაა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო ტატინაშვილია. პერსონაჟების და დეტალების ვიზუალური განვითარება და გრაფიკა, რაც ანიმაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, თამუნა ჩაგუნავასა და რენა ჩაჩანიძეს ეკუთვნით. პერსონაჟების მოდელირების და ანიმაციის ავტორი ირაკლი კილაძეა, ხოლო სამგანზომილებიანი ანიმაცია შექმნეს მარიტა გიორგაძემ, თამო ნებიერიძემ და მიშო აბრამიდიმ. ვფიქრობ, ყველამ ერთად დიდი წვლილი შევიტანეთ, რომ ეს ანიმაცია გამოსულიყო ისეთი, როგორიც არის.

– რატომ მაინცდამაინც კუპატა?
– კუპატა საქართველოში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს მთავარი მოქმედი გმირია, რომლის გახსენებაც დღესაც ყველას სითბოთი და სიყვარულით გვავსებს. ის, როგორც ბავშვების მეგობარი და კეთილი ძაღლი, დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, მაგრამ ამ რგოლით მისი სახელი კიდევ უფრო უკვდავყავით.

– როგორ მიიღო საზოგადოებამ აღნიშნული ანიმაცია?
– რასაც დავაკვირდით, სოციალურ მედიაში საოცრად პოზიტიური და ემოციური კომენტარებია. ველოდით, რომ დადებითი გამოხმაურება იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი მასშტაბის. არ აწყენს ქვეყანას დადებითი ემოციები და გვიხარია, რომ ამაში ჩვენი მცირე წვლილიც შევიტანეთ.
– ხომ არ დაგიკავშირდნენ კუპატას თაყვანისმცემლები ან თავად ბათუმელები?
– ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, მათ შორის ბათუმიდან და ნამუშევრისთვის მადლობას გვიხდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯერ არ გაგვიზიარებია ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე, ძალიან მარტივად მოგვაგნეს და კომპლიმენტებით შეგვამკეს.
– რამდენად ღირებულია ეს პროექტი თქვენი გუნდისთვის?
– ძალიან. მაყურებელი ვერ ამჩნევს გარკვეულ ნიუანსებს, რასაც ანიმაციის შექმნის დროს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, სად რისი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი სტუდია და გუნდი ყოველთვის „უკეთ შეგვეძლოთი“ ვითარდებოდა და ძალიან გვიხარია, რომ კუპატას ანიმაციამ ჩვენს პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

– ბევრი მაყურებელი ითხოვს კუპატაზე მულტფილმის შექმნას…
– რა თქმა უნდა, ჩვენც გვიფიქრია ამაზე. თავად „საქართველოს ბანკი“ თუ მოისურვებს, ალბათ არის შანსი, თუმცა მულტფილმის წარმოება სულ სხვა რესურსებთანაა დაკავშირებული. თუ იქნება სერიოზული დაინტერესება, ბუნებრივია, განვიხილავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ანიმაციის გარდა, „საქართველოს ბანკის“ იდეით, ბათუმში ზებრა გადასასვლელი, სადაც კუპატას გადაჰყავდა ბავშვები, მოიხატა მისთვის მიძღვნილი ნაკვალევით. „საქართველოს ბანკმა“ კუპატაზე შექმნა, ასევე, ციფრული კომიქსები, ე.წ. ფეისბუქგიფები და პოსტერები.

თამარ ლამპარაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *