ანიტა აბგარიანის გზა პროექტ „რანინადან“ – საბავშვო ევროვიზიამდე
ჩვენი სტუმარია საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინას“ მე-8 სეზონის გამარჯვებული, 11 წლის ანიტა აბგარიანი, რომელიც საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. ანიტას ოცნება იყო, საყვარელი პროექტის მონაწილე გამხდარიყო და დიდ სცენაზე გამოსულიყო. „რანინაში“ მონაწილეობის მიღება დედასთან ერთად გადაწყვიტა და… ასე დაიწყო ახალი ზღაპრული თავგადასავალი მუსიკალურ სამყაროში. ანიტასგან მსმენელს არაერთი განსაკუთრებლი შესრულება ახსოვს. როგორც თავად გვითხრა, გამარჯვებამ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. რეპეტიციები, გადაღებები, ინტერვიუები და საზოგადოების ყურადღება მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ინტერვიუში ის გვიყვება გამოცდილებაზე, გზაზე „რანინადან“ ევროვიზიამდე და ოცნებებზე, რომელთა განხორციელებასაც უკვე იწყებს.
– ანიტა, როგორი განცდაა, რომ საქართველო შენ უნდა წარადგინო საბავშვო ევროვიზიაზე?
– ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი, წარვადგინო საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე. ეს ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ღირსეულად წარვადგინო ჩემი ქვეყანა.
– როგორი გამოცდილება იყო შენთვის მუსიკალურ პროექტ „რანინაში“ მონაწილეობა და რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
– „რანინაში“ დიდი გამოცდილება მივიღე და მუსიკალურად უფრო განვვითარდი. ყველაზე კარგად მახსენდება რეპეტიციები და „რანინელებთან“ გატარებული დრო.
– როგორ შეიცვალა შენი ყოველდღიურობა გამარჯვების შემდეგ?
– პროექტში გამარჯვების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ყოველდღიურად ვემზადები საბავშვო ევროვიზიისთვის და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი მცნობს და ეს ძალიან მიხარია.

– ბათუმელი ხარ – რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს ქალაქში?
– ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და ყველაფერი მომწონს მასში, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ზღვა და ბათუმის ბულვარი, სადაც ხშირად ვსეირნობ.
– როგორც ვიცი, სიმღერის გარდა გიყვარს ხატვა, ძერწვა, ქსოვა და ცურვა. რომელ საქმიანობას უთმობ ყველაზე მეტ დროს?
– მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს აქტივობა ძალიან მიყვარს, ახლა ევროვიზიისთვის მზადებას ვუთმობ ყველაზე მეტ დროს. სიმღერის შემდეგ კი ხატვა მეხმარება განტვირთვაში. როცა ვხატავ, ფერებით გამოვხატავ ჩემს განწყობას.
– როგორ ემზადები საბავშვო ევროვიზიისთვის, გაქვს თუ არა გარკვეული ყოველდღიური რუტინა?
– აქტიურად ვემზადები – ყოველდღიურად მაქვს რეპეტიციები, გადაღებები, ინტერვიუები, სხვადასხვა ტელევიზიაშიც მიწვევენ.
– რა გინდა, რომ მაყურებლებმა და მსმენელებმა განსაკუთრებით იგრძნონ შენს გამოსვლაში?
– მინდა, რომ ყველამ იგრძნოს ჩემი გულწრფელობა და ის დიდი სიყვარული, რასაც სიმღერით გადმოვცემ. მინდა, ჩემს ხმაში იგრძნონ ენერგია და სიძლიერე.
– ვინ არის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი?
– ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობარი ანდრია ფუტკარაძე.
– რა გეხმარება სცენაზე თავდაჯერებულად ყოფნაში?
– სცენაზე თავდაჯერებულობას მმატებს ბევრი ვარჯიში. სიმღერის მზადების პროცესში ჩადებული შრომა ჩემი თავის იმედს მაძლევს.

– რას ეტყოდი ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ სიმღერაზე და სცენაზე გამოსვლაზე?
– არასდროს დანებდეთ. თუ რამე ძალიან გინდათ, ბევრი უნდა იშრომოთ, მაგრამ მთავარია, ამ პროცესით ისიამოვნოთ და იცოდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.
– სად ხედავ თავს 10 წლის შემდეგ?
– 10 წლის შემდეგ 21 წლის ვიქნები და თავს ვხედავ დიდ სცენაზე მუსიკასთან ერთად. ალბათ, უკვე ჩემს სიმღერებს ვწერ და ჩემს ალბომებს ვუშვებ.
მარიამ ხითარიშვილი