ანიტა აბგარიანი „რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებულია
„რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებული გახდა ბათუმელი ანიტა აბგარიანი – ნიჭიერი, გოგონა ულამაზესი ხმით, რომელმაც როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის გულები პირველი ნოტებიდანვე დაიპყრო.
სწორედ ანიტა წარადგენს წელს საქართველოს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.
მისი შესრულება ყოველთვის გამოირჩეოდა სიზუსტით, ემოციითა და იმ განსაკუთრებული ენერგიით, რაც მხოლოდ ნამდვილ არტისტებს ახასიათებთ.
მაყურებლის სიყვარული და ჟიურის მაღალი შეფასებები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ანიტამ ფინალში გამარჯვება მოიპოვა და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი იმ ნიჭიერ ბავშვთა რიგებში, რომლებმაც „რანინადან“ საქართველო საერთაშორისო სცენამდე მიიყვანეს.
ანიტა ბათუმიდანაა, ქალაქიდან, სადაც ზღვის ნიავი, მუსიკა და ხელოვნება თითქოს თითოეულ ქუჩაშია ჩადებული. ახლა სწორედ ამ ქალაქიდან წამოსული პატარა გოგონა ევროპის დიდ სცენაზე გააგრძელებს საქართველოს მუსიკალური ისტორიის წერას.
გაზეთი „აჭარა“ გულწრფელად ულოცავს ანიტა აბგარიანს ღირსეულ გამარჯვებას, უსურვებს ნათელ მომავალს, დიდ სცენებსა და იმ ბედნიერებას, რაც მხოლოდ მუსიკას და სიყვარულს შეუძლია აჩუქოს ადამიანს.
